მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც წლეულს ინგლისში გაიმართება, სულ უფრო ახლოვდება. ამ უდიდესი სარაგბო ფორუმების ისტორიაში ბევრი საინტერესო თამაში გამართულა, ბევრ დიდ მორაგბეს გამოუჩენია თავი.
ალბათ, ყველაზე საინტერესო მაინც იმ შეხვედრების გახსენებაა, როცა მოპაექრე წყვილში ფავორიტი მარცხდება. შესაბამისად, თამაშიც ძალიან კარგი და ეფექტური გამოდის.
გავიხსენოთ შვიდი ასეთი შერკინება. მით უფრო, რომ მსგავსი სიურპრიზები (არაერთი) ინგლისშიცაა მოსალოდნელი.
არგენტინა-ირლანდია 28:24 (1999 წელი)
დიეგო ალბანესეს ლელომ არგენტინული რაგბის ქომაგებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ხუმრობა ხომ არ არის. "პუმებმა" თავის ისტორიაში პირველად ირლანდიის ნაკრები ამ გამარჯვებით დაიწყო არგენტინის ნაკრების ელიტისკენ სწრაფი ნაბიჯებით სიარული. მეოთხედფინალში "პუმებმა" საფრანგეთის ნაკრებთან 26:47 წააგეს. თუმცა, რევანში 2007 წელს აიღეს, როცა ორჯერ დაამარცხეს ფრანგები და საბოლოოდ მსოფლიოს თასის გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულეს.
ფიჯი-უელსი 38:34 (2007 წელი)
ეს მატჩი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს რაგბის ისტორიაში - უმთავრესად თამაშის ხარისხით და დრამატიზმით.უელსის ნაკრები ფიჯელებს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა და 25:3 უგებდა. კუნძულელებმა შეძლეს ძალების კონცენტრაცია და საბოლოოდ მეტოქეს ბრწყინვალე გამარჯვება გამოსტაცეს ხელიდან.
უელსელთა თავკაცი გარეთ ჯენკინსი ამ თამაშის წაგების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"წითელმა ურჩხულებმა" რევანში ოთხი წლის შემდეგ აიღეს, როცა ფიჯის ნაკრები მშრალი ანგარიშით 60:0 დაამარცხეს. ეს გუნდები წლეულსაც ერთად არიან ჯგუფში. საინტერესოა, ამჯერად ვინ მოიგებს?
ირლანდია-ავსტრალია 15:6 (2011 წელი)
ირლანდია აქამდე "ვოლაბებს" მსოფლიოს თასზე ოთხჯერ ეთამაშა და ოთხჯერვე მოედანი დამარცხებულმა დატოვა. "სამყურებმა" მეხუთე ცდაზე მაინც შეძლეს მსოფლიოს თასის ორგზის გამარჯვებულების დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიას ყველა იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. საფრანგეთი-ავსტრალია 30:24 (1987 წელი)
ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს თასის ამ გათამაშების ფავორიტი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ ის ფინალში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებოდა. თუმცა, "ლე ბლოს" მოვლენათა განვითარების სულ სხვა სცენარი ჰქონდა. "ვოლაბები" 24:21 იგებდნენ. ჯერ ფრანგების დამრტყმელმა დიდიე კამბერაბერომ გაიტანა საჯარიმო, მატჩის მიწურულს კი ლეგენდარული სერჟ ბლანკოს ლელოც ვიხილეთ.
ავსტრალიის ნაკრებმა მერე მესამე ადგილისთვის მატჩში უელსთანაც წააგო.
ტონგა-საფრანგეთი 19:14 (2011 წელი)
ტონგელთა ეს გამარჯვება 2011 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებთან ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. ჯგუფური ტურნირი ფრანგებმა მაინც დაძლიეს. მეტიც, ისინი ფინალში გავიდნენ და მასპინძელს ახალ ზელანდიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.
სამოა-უელსი 16:13 (1991 წელი)
სამოელებმა თავიანთ სადებიუტო გათამაშებაში ყველასთვის მოულოდნელად 1987 წლის მსოფლიოს თასის ნახევარფინალისტი უელსი დაამარცხეს. თუმცა, ეს ამ გუნდებს შორის მატჩის ბოლო მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა. სამოელებმა 1999 წელს "წითელ ურჩხულებს" ახლად გახსნილ კარდიფის "მილენიუმზე" 38:31 მოუგეს.
საფრანგეთი-ახ.ზელანდია 43:31 (1999 წელი)
ეს მატჩი მსოფლიოს რაგბის კლასიკაა. ფრანგები 10:24 აგებდნენ, მაგრამ 20-წუთიანი ფანტასტიკური რაგბის თამაშით 33 ქულა დააგროვეს და "ოლ ბელქსს" ფინალში გზა გადაუღობეს. "ლე ბლომ" ახალი ზელანდიის ნაკრები კიდევ ერთხელ გამოთიშა გათამაშებას 2007 წლის მსოფლიოს თასზე. მეოთხედფინალში მასპინძლებმა მეტოქე 20:18 დაამარცხეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ირლანდია საქართველო. არჩათვლილი ლელო.