"ფრანგული კლუბების საშუალო ბიუჯეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, მაგრამ სინამდვილეში მათმა პრობლემებმაც ბევრად იმატა.
საბიუჯეტო დეფიციტი ბოლო ხუთ წელიწადში ხუთი მილიონი ევროდან 25 მილიონამდე გაიზარდა. სახელფასო ფონდი, რომელიც ბიუჯეტის 65 პროცენტს შეადგენს, ბოლო სამ წელიწადში ხუთი პროცენტით გაიზარდა.
ყოველივე ამის გამო, არა მარტო ფრანგული რაგბი მიექანება უფსკრულისკენ, არამედ მთლიანად რაგბის სამყაროს მივაქანებთ
ყველაფერი ჯერ კიდევ მდიდარი ადამიანების "სქელ ჯიბეზე" დგას და არა რეალურ მენეჯმენტზე. სხვა ქვეყნები კონკურენციას ვეღარ გვიწევენ, რაც მათთან რაგბის რეგრესს გამოიწვევს." - თქვა ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკთან" საუბრისას სერჟ ბლანკომ.
სიტუაცია იმდენად საგანგაშოა, რომ ბლანკომ ფრანგული კლუბების ხელმძღვანელებს მოუწოდა, შეიკრიბონ და ყოველივე ამის თაობაზე სერიოზულად იმსჯელონ. მისივე თქმით, კარგი იქნება პროცესში IRB-ც თუ ჩაერთვება და, ამასთან ერთად, კრიტიკული რეპლიკაც ისროლა:
"შესანიშნავი იდეაა, გვქონდეს ჭეშმარიტად საერთაშორისო ფედერაცია".
სერჟ ბლანკო საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის გრანდიოზული სტადიონის მშენებლობის თემასაც შეეხო. აღნიშნა, რომ ეს ქიმერა სულაც არ არის. პროექტი შედგენილია, საფუძველი ჩაყრილია, მაგრამ მშენებლობა შეჩერებულია. იმიტომ, რომ ფული არ არის.
ფრანგული რაგბის ლეგენდის ამ მოსაზრებებს უმალვე უპასუხა "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა. ყველაზე მაღალ ხელფასს მორაგბეებს სწორედ ის უხდის და, ცხადია, ბლანკოს გამონათქვამები საკუთარ თავზე მიიღო:
"ყველა კლუბს თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვს. "ბიარიცს" არ უნდა, რომ მოკვდეს. "ტულონს" კი უნდა, რომ გაიზარდოს. ქალაქ ბიარიცის მოსახლეობა 25 ათასი კაცია და ლოგიკურია, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბლანკოს უნდა ყველამ ნელა ვიმუშავოთ. არადა, ფაქტია, რომ ჩვენ, "ტულონი" და "მეტრო რასინგი", სტადიონს ვავსებთ. სტუმრად თამაშისასაც ქომაგები უხვად დაგვყვებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ფულზე ლაპარაკს რაგბიში ტაბუ ადევს. არადა, სერიოზული ფინანსების გარეშე პროგრესის მიღწევა შეუძლებელია" - თქვა მან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"