25 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1925 წელი
შოტლანდიის ნაკრებმა ედინბურგში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო - 25:4. მასპინძელთა გუნდში გამორჩეული იყო იან სმითი, რომელმაც მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა.

1953 წელი

ირლანდიის ნაკრებმა რავენჰილში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან. ლეგენდარულმა ჯეკი კეილიმ მატჩში დიდოსტატური ლელო მიითვალა.

1962 წელი
ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდმა უძნელეს, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა ჯარის ნაკრები - 8:5.

შოტლანდიის ნაკრების წევრები ჯო მაკკარტლინი, რობი ლემბი და სტიუარტ ვილსონი სტუდენტურ გუნდში თამაშობდნენ, მათი თანამემამულეები მაიკ კემბელ-ლემერტონი და ნორმან ბრუკი ჯარის
ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

1970 წელი
უელსის ნაკრები კარდიფში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან წაგებას გადაურჩა - 6:6. მასპინძლებს ექვსივე ქულა გერეთ ედვარდსმა მოუტანა, მან თითო ლელოთი და საჯარიმოთი გამოიჩინა თავი. უელსთან ნათამაშები ფრე "ბოკესთვის" ნიშნავდა, რომ ბრიტანული ტურნე გაუმარჯვებლად დაასრულა. სამხრეთაფრიკელებმა მანამდე შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან წააგეს, მერე კი ირლანდიის ეროვნულ გუნდთან ფრეს დასჯერდნენ - 8:8.

აღსანიშნავია, რომ მატჩებს ყველა ქვეყანაში წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამეფებული აპარტეიდის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ უელსთან მატჩის შემდეგ "ბოკეს" ბრიტანეთში 22 წლის განმავლობაში აღარ უთამაშია.

1976 წელი
უელსის ნაკრების მგეზავმა ფილ ბენეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა "ბარბაროსების" გამარჯვებაში ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში - 19:7. მან ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა.

1997 წელი
ლეგენდარულმა ახალზელანდიელმა გარემარბმა ჯონა ლომუმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რაგბის ექვსი თვით ემშვიდობება. ლომუმ უიდესი მორაგბის სახელი 1995 წლის მსოფლიოს თასზე ბრწყინვალე თამაშის წყალობით გაიგდო. მაშინ "ოლ ბლექსი" ყველა მეტოქეს იოლად გაუსწორდა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა მასპინძელ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.

ჯონამ ავადმყოფობის გამო 1997 წლის სამი ერის გათამაშება გამოტოვა, თუმცა შემოდგომის ტესტებზე მაინც დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს. ერთი წლის შემდეგ ლომუმ ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად კუალა-ლუმპურში კეთილი ნების თამაშები მოიგო. 1999 წლის მსოფლიოს თასზე კი, ლომუმ რვა ლელო გაიტანა. ამდენად, მას მსოფლიოს თასის გათამაშებებში 15 ლელო დაუგროვდა, რაც დღემდე რეკორდია.

ლომუს ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. 2004 წელს მას თირკმელი გადაუნერგეს. აღდგენითი პროცესი თითქოს კარგად წარიმართა და ჯონამ რაგბიში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რაც ხშირი ტრავმიანობით იყო გამოწვეული, ლომუმ გადაწყვიტა ფრანგულ სამოყვარულო ლიგაში ითამაშოს. ის ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 3 დივიზიონში მოასპარეზე "მარსელში" ირიცხება.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული