"ბრიტანელ ლომებს" სემ ვერბარტონი დააკლდათ

AutoSharing Option
"ბრიტანელი ლომები" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩს მომავალ უქმეებზე გამართავენ. გასულ უქმეებზე მელბურნში გამართული შეხვედრის შემდეგ კი მათ რიგებს კაპიტანი, უელსელი სემ ვერბარტონი გამოაკლდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც "ბრიტანელი ლომები" "ვოლაბებთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 15:16, ვერბარტონი მელბურნში დარჩა და ადგილობრივ ჰოსპიტალში დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას მუხლქვეშა მყესი აქვს დაშავებული. შესაბამისად, გადამწყვეტ მატჩში გუნდს კაპიტანი ვერ დაეხმარება.

"საშინლად გაწბილებული ვარ. ძალიან მინდოდა, სიდნეიში გადამწყვეტ შეხვედრაში მეთამაშა. გუნდს წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები ყველაფერს იღონებენ გამარჯვების
მისაღწევად",
- თქვა სემ ვერბარტონმა.

ვერბარტონი უმნიშვნელოვანესი დანაკარგია "ბრიტანელი ლომებისთვის", რომლებსაც სამხრეთული ტურნე 1997 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

"70 წუთის განმავლობაში მან უზარმაზარი სამუშაო გასწია. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი გარჯა, რომელიც როდისმე მინახავს", - თქვა ინგლისის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" ყოფილმა თავკაცმა სერ კლაივ ვუდვორდმა.

"ბრიტანელი ლომების" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ოურენ გეთლენდმა, ცხადია, უმალვე ვერბარტონის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

უელსელის ადგილს, სავარაუდოდ, ირლანდიელი შონ ობარაიანი ან ვერბარტონის თანამემამულე ჯასტინ ტიპურიჩი დაიკავებს. გუნდს კი ვეტერანი ირლანდიელი შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი უკაპიტნებს. ის "ლომების" კაპიტანი ერთხელ უკვე იყო, 2005 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ ტურნეში.

აღსანიშნავია, რომ სემ ვერბარტონი ტრავმის პირველი მსხვერპლი არ არის. აქამდე ამ მიზეზით "ბრიტანელ ლომებს" დააკლდნენ შერკინების კვაჭი დილან ჰართლი, ბურჯები კიან ჰილი და ჯენტინ ჯენკინსი, მეორეხაზელი პოლ ოკონელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული