ზე რაგბის გათამაშების მე-5 ტურის რვა შეხვედრიდან ექვსი სტუმრებმა მოიგეს. ტურნირზე დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა. ლიდერები კი იგივენი არიან: "ბრამბიზი", "ჩიფსი", "ჰაილენდერზი", "სტორმერზი" და "ნატალ შარქსი".
A ჯგუფის ლიდერს, კანბერას "ბრამბიზს" გასვლითი მატჩი ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც C ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" ეთამაშა. ავსტრალიურმა კლუბმა, მართალია, შვიდი ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია.
B ჯგუფის ლიდერი დანიდინის "ჰაილენდერზი" კი ავსტრალიას სტუმრობდა, სადაც უპრობლემოდ გაუმკლავდა "მელბურნ რებლზს" - 27:3. არადა, მელბურნელები სულაც არ არიან ხელწამოსაკრავნი.
ამავე ჯგუფში სიდნეის "ვორათაზმა" ასევე სტუმრად დაამარცხა დაუძლურებული ბრისბენის "რედსი" - 15:13. "წითლები", რომლებიც დიდი ხანი არ არის, რაც ყველას შიშის ზარს სცემდნენ, როგორც ჩანს, წლეულს აუტსაიდერობისთვის არიან განწირულნი.
"ჰაილენდერზს" ჯგუფში კონკურენციას უწევს ჰემილთონის "ჩიფსი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა პერთის "ფორსი" - 53:10. მასპინძლებმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს, აქედან ოთხი შუამარბ ჩარლი ნათაის ანგარიშზეა, ორიც დამიენ მაკკენზის ანგარიშზეა.
იაპონურმა "სანვოლვესმა" პრეტორიის "ბლუ ბულზს" სინგაპურში უმასპინძლა და სტუმრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. "ლურჯმა ხარებმა" მეტოქეს ერთით მეტი საჯარიმოს ხარჯზე მოუგეს - 30:27. აღსანიშნავია, რომ "მზის მგლები" დიდი ანგარიშით არავისთან მარცხდებიან.
მორიგი მარცხი იწვნია კიდევ ერთმა დებიუტანტმა, არგენტინულმა "იაგუარსმა", რომელმაც შინ C ჯგუფის ლიდერი, კეიპთაუნის "სტორმერზი" მიიღო. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 13:8 იგებდნენ. ეს ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
ზე რაგბი. V ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ჰაილენდერზი 3:27, რედსი-ვორათაზი 13:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 17 ქულა, 2. მელბურნ რებლზი - 13, 3. ვორათაზი - 10, 4. ფორსი - 5, 5. რედსი - 4
B ჯგუფი
ჰარიკენზი-კინგზი 42:20, ჩიფსი-ფორსი 53:10
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 19 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 19, 3. ჰარიკენზი - 15, 4. კრუსეიდერზი - 10, 5. ბლუზი - 7
C ჯგუფი
სანვოლვესი-ბლუ ბულზი 27:30, ჩიტაზი-ბრამბიზი 18:25
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 14 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 10, 3. ჩიტაზი - 6, 4. სანვოლვესი - 2
D ჯგუფი
ნატალ შარქსი-კრუსეიდერზი 14:19, იაგუარსი-სტორმერსი 8:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 16 ქულა, 2. ლაიონზი - 13, 3. იაგუარსი - 7, 4. კინგზი - 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"