"მანქანას არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ იწვის" - ლეგენდარული კომენტატორი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მარეი უოქერი, რომლის ხმაც არაერთი თაობისთვის ფორმულა 1-თან ასოცირდებოდა, 2021 წლის 13 მარტს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 23 წლის მანძილზე რბოლების რეპორტაჟს საოცარი სიტყვებითა და ფრაზებით გადმოსცემდა, რითაც ამ დიდებული სპორტის გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისა და მოტო-რბოლის ყოფილი ჩემპიონის სამაუწყებლო კარიერა 1948 წელს დაიწყო. მას შემდეგ ავტოსპორტის არაერთი სახეობის გახმოვანება შეძლო.

1978 წლიდან კი ბრიტანულ არხ BBC-ზე ხელი ფორმულა 1-ის კომენტატორობას მიჰყო და მისი კარიერა 2001 წლის აშშ-ის გრან პრის რბოლამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ყველა იცნობდა მის
შთამაგონებელ ხმას.

"მის მანქანას არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ცეცხლის ალი ასდის!"

"ლიდერის მანქანა სრულიად უნიკალურია, თუ არ ჩავთვლით იმ იდენტურ მანქანას, რომელიც უკან მიჰყვება."

"აი ისიც, უკვე მერამდენ მოვიდა პირველად!"

"ეს "უილიამსის" პირველი გამარჯვება იქნება, მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ მოიგეს!"

"ძლიერად წვიმს, მაგრამ გვირაბში სიმშრალეა. ეს კი იმიტომ, რომ გვირაბს სახურავი აქვს!"

"სხვათა შორის, ვიზუალურად ამ ყველაფრის დანახვა თვალებით შეგიძლიათ..."

- ეს რამდენიმეა იმ გამორჩეული ფრაზებიდან, რომლებიც გულშემატკივრებმა შეიყვარეს.

Sportall.Ge

2011 წელს ჩაწერილ ინტერვიუში მარეი აღნიშნავდა:

"ჩემი მოვალეობა გულშემატკივრებისთვის არა მარტო მშრალი ინფორმაციის გადაცემა, არამედ მათი გართობაცაა". მართლაც, ის ამას შეუდარებლად ახერხებდა.

ლეგენდარული უოქერი არა მარტო ბრწყინვალე კომენტატორი, არამედ თავმდაბალი პიროვნებაც გახლდათ, რითაც თავი მილიონობით გულშემატკივარს შეაყვარა.

"ჩემი მსმენელის 95%-ს არ აინტერესებს მანქანის დეტალური მიმოხილვა. მათ სურთ იმ აღტაცების გაზიარება, რომელსაც ეს სპორტი იწვევს. ჩემმა სამსახურმა დედამიწა მრავალჯერ შემომატარა. ვიმოგზაურე ქვეყნებში, რომლებსაც სხვაგვარად ვერასოდეს ვესტუმრებოდი. მქონდა პატივი, რომ საოცარ ადამიანებთან ერთად ვმდგარიყავი. ამისთვის უაღრესად მადლიერი ვარ," - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში უოქერმა.

წყარო: Sports

sportall.ge-სთვის მოამზადა ლუკა ბაბილოძემ



მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა, ეს ინგლისელი ჯუგზარ ნუღელი... უჰ, უკაცრავად, ნუგზარ ჯუღელი ყოფილა...
პასკალი
02:29 26-03-2021
1

სიახლეები პოპულარული