ოქსანა კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი ბასტადის ტურნირში

AutoSharing Option
შვედურ ბასტადში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 226.750 დოლარი) წყვილთა პაექრობაში წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (რეიტინგით 84-ე).

პოლონელ ალისა როსოლსკასთან (31-ე) შეამხანაგებული ჩვენებური პირველ წრეში ირინა ბარას (რუმინეთი, 142-ე) და ვარაჩაია ვონგთინჩაიას (ტაილანდი, 122-ე) დუეტს შეხვდა.

პირველი ხელი ოქსანამ და მისმა მეწყვილემ იოლად მოიგეს - 6:2, მაგრამ მეორეში უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს და სეტი 3:6 წააგეს. ტაიბრეიკში მეორე ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ და როსოლსკამ 10:7 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში ჯესიკა მურესა (ავსტრალია, 148-ე) და პრატანა ტომბარესთან (ინდოეთი, 143-ე) გაარკვევენ ურთიერთობას.

აზიურ-ავსტრალიურმა წყვილმა ანა ზაია (გერმანია, 177-ე) და სილვა სოლერ-ესპინოზა (ესპანეთი, 111-ე) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.

მეოთხედფინალში გასასვლელად პრაღის 80.000-იან ტურნირზე ტაიბრეიკში ბრძოლა დასჭირდა სოფიო შაფათავას და ანკიტა რაინას (ინდოეთი) დუეტსაც. გუშინ სოფიომ და ანკიტამ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - ანასტასია კომარდინა (რუსეთი) და ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი) დაამარცხეს - 6:3, 2:6, 10:4.

მეოთხედფინალში ქართულ-ინდური დუეტი ანასტასია პოტაპოვა (რუსეთი)-დაიანა იასტრემსკას (უკრაინა) და ფიონა ფერო (საფრანგეთი)-კამილა როსატელოს (იტალია) ტანდემებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული