პოლონელ ალისა როსოლსკასთან (31-ე) შეამხანაგებული ჩვენებური პირველ წრეში ირინა ბარას (რუმინეთი, 142-ე) და ვარაჩაია ვონგთინჩაიას (ტაილანდი, 122-ე) დუეტს შეხვდა.
პირველი ხელი ოქსანამ და მისმა მეწყვილემ იოლად მოიგეს - 6:2, მაგრამ მეორეში უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს და სეტი 3:6 წააგეს. ტაიბრეიკში მეორე ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ და როსოლსკამ 10:7 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში ჯესიკა მურესა (ავსტრალია, 148-ე) და პრატანა ტომბარესთან (ინდოეთი, 143-ე) გაარკვევენ ურთიერთობას.
მეოთხედფინალში გასასვლელად პრაღის 80.000-იან ტურნირზე ტაიბრეიკში ბრძოლა დასჭირდა სოფიო შაფათავას და ანკიტა რაინას (ინდოეთი) დუეტსაც. გუშინ სოფიომ და ანკიტამ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - ანასტასია კომარდინა (რუსეთი) და ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი) დაამარცხეს - 6:3, 2:6, 10:4.
მეოთხედფინალში ქართულ-ინდური დუეტი ანასტასია პოტაპოვა (რუსეთი)-დაიანა იასტრემსკას (უკრაინა) და ფიონა ფერო (საფრანგეთი)-კამილა როსატელოს (იტალია) ტანდემებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"