ქართველი ჩოგბურთელები: ართვინში ქართული დუელი ვერ დასრულდა

AutoSharing Option
თურქულ ართვინში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი ქართველი ჩაება.

21 აგვისტოს ერთეულთა საკვალიფიკაციო ეტაპის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე. ქართველთა დუელი საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ეკატერინემ 7:5 მოიგო, მეორეში 2:0 რომ დაწინაურდა, ბოლქვაძემ ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

გორგოძე პირველ ნომრად განთესილ სოფიო შაფათავასთან ერთად ძირითად ბადეში ითამაშებს.

შაფათავა გუშინ წყვილთა პაექრობაში ცდიდა ძალებს - უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ემა ლაინესა (ფინეთი) და კოტომი ტაკაჰატას (იაპონია)
შეხვდა. ქართულ-უკრაინულ დუეტს მეოთხედფინალში გასასვლელად 65 წუთი ეყო - 6:1, 6:4. სოფიომ და მისმა მეწყვილემ სამი ეისი მიითვალეს, ცხრიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, ფინელმა და იაპონელმა კი შვიდიდან - სამი.

შაფათავა და ვასილიევა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ელზა კოსტოვასა (ბულგარეთი) და იანა სიზიკოვასთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ენ-სოფი მესტაჩმა (ბელგია) ვლადა ეკშიბაროვას (ისრაელი) და მელის სეზერის (თურქეთი) ტანდემის დამარცხებას საათი და 34 წუთი მოანდომეს. ქართულ-ბელგიურმა დუეტმა პირველი ხელი შედარებით იოლად მოიგო - 6:4, მეორეში კი მეტოქემ წინააღმდეგობა გაუწია - გეიმებში წონასწორობა აღადგინა - 6:6. გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა - ოქსანამ და ენ-სოფიმ 7:4 სძლიეს კონკურენტებს.

ეკშიბაროვამ და სეზერმა ორი ეისი მიითვალეს, მაგრამ სამი ორმაგი შეცდომაც დაუშვეს. კალაშნიკოვამ და მესტაჩმა რვიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს (თურქმა და ებრაელმა - შვიდიდან სამი) და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათ ტურნირზე "ველური ბარათით" მიწვეული ბერფუ ჯენგიზი (თურქეთი) და კარმან კაურ ჩანდი (ინდოეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

* * *
ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. გთავაზობთ ქართველთა მაჩვენებლებს:

ქალები
ერთეულები. 244 (243). სოფიო შაფათავა (215), 419 (420). ეკატერინე გორგოძე (84), 468 (463). მარიამ ბოლქვაძე (65), 839 (839). სოფიო ქვაცაბაია (14), 1075 (1081). თათია მიქაძე (7).
წყვილები. 83 (79). ოქსანა კალაშნიკოვა (930), 230 (231). სოფიო შაფათავა (294), 338 (333). ეკატერინე გორგოძე (166), 537 (518). მარიამ ბოლქვაძე (76), 692 (693). თათია მიქაძე (41), 992 (987). სალომე დევიძე (16), 992 (987). სოფიო ქვაცაბაია (16), 1276 (1270). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 60 (65). ნიკოლოზ ბასილაშვილი (794), 954 (848). გიორგი ცივაძე (21), 1294 (1302). ალექსანდრე ბაკში (3), 1776 (1678). ირაკლი მეტრეველი (1), 1870 (1948). ვაჟა შუბლაძე (1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული