აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ბოლო ნახევარფინალისტი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა. ტურნირის 2009 წლის ჩემპიონმა მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა ოთხ სეტში - 7:5, 3:6, 7:6(8), 6:4. შეხვედრა 2 საათი და 55 წუთი გაგრძელდა.

პირველი ორი პარტია ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკის წყალობით მოიგეს. მესამე სეტი დელ პოტრომ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ფედერერმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და შემდეგ, ძალიან ახლოს იყო ამ პარტიის მოგებასთან - როჯერმა ერთბაშად ოთხი სეტბოლი გაანიავა ტაი-ბრეიკზე, დელ პოტრომ კი პირველივე ასეთი შანსი გამოიყენა
და მე-13 გეიმი 10:8 მოიგო.

მეოთხე სეტში ყველაფერი მეხუთე გეიმში გადაწყდა, როცა დელ პოტრომ მესამე ცდიდან აიღო მეტოქის მოწოდება და ეს უპირატესობა იოლად შეინარჩუნა.

არგენტინელს ამ მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, ფედერერმა სამი ასეთი შანსი მიიღო და ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

"ოთხი სეტბოლი ვერ გამოვიყენე მესამე პარტიაში. ასე ხდება. არ ვიცი, რთული ასახსნელია. ხანდახან, ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ მეტოქეც ასევეა. და მაშინ, სიტუაცია შენს სასარგებლოდ აღარ არის. ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია. არ მგონია, რომ იმ ოთხმა გათამაშებამ იქონია გადამწყვეტი გავლენა. ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, რომ სეტებში 1:2 ჩამოვრჩი და მეოთხე გეიმში ბრეიკით ვაგებდი. ძალიან ბევრს ვცდებოდი", - განუცხადა შვეიცარიელმა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.

"საჭირო მომენტებში დელ პოტრო ძალიან კარგად თამაშობდა, და ხანდახან, მე თვითონ ვეხმარებოდი მას. ხუან მარტინმა დაიმსახურა გამარჯვება, მას უფრო მეტი შანსი ექნება ნადალთან. მე საკმარისად კარგად არ ვთამაშობდი იმისთვის, რომ ტურნირი მომეგო. ამიტომაც, კარგია, რომ გავვარდი და ახლა, სხვას აქვს შანსი ჩემზე უკეთ ითამაშოს", - დაამატა ფედერერმა.

ნახევარფინალში დელ პოტრო ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც მხოლოდ ხუთი გეიმი გაიმეტა რუსი ანდრეი რუბლიოვისთვის - 6:1, 6:2, 6:2. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას დაუპირისპირდება. სხვათა შორის, პირველად ტურნირის ისტორიაში, ნახევარფინალურ ეტაპზე ორი ესპანელი ჩოგბურთელი ითამაშებს.

* * *
ასევე ყველა ნახევარფინალისტია ცნობილი ქალებს შორის. დაფიქსირდა იშვიათი შემთხვევა - ნახევარფინალში გასული ოთხივე ჩოგბურთელი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

ყველაზე ბოლოს ამ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა მედისონ კისმა, რომელმაც საათსა და 11 წუთში 6:3, 6:3 გაანადგურა ესტონელი კაია კანეპი.

სხვათა შორის, ეს არის მეექვსე "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში, როცა ნახევარფინალში გასული ოთხივე ჩოგბურთელი ამერიკელია:

1985. უიმბლდონი: კრის ევერტი,ზინა გარისონი, მარტინა ნავრატილოვა, კეტი რინალდი

1983. ავსტრალია: კეტი ჯორდანი,ზინა გარისონი, მარტინა ნავრატილოვა, პემ შრაივერი

1982. ავსტრალია: კრის ევერტი,ანდრეა ჯაგერი, მარტინა ნავრატილოვა, პემ შრაივერი

1981. აშშ: ტრეისი ოსტინი, კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა, ბარბარა პოტერი

1979. აშშ: ტრეისი ოსტინი, კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა, ბილი ჯინ კინგი

კაცები
1/4 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-რუბლიოვი (რუს) 6:1, 6:2, 6:2
დელ პოტრო (არგ, 24)-ფედერერი (შვეიც, 3) 7:5, 3:6, 7:6(8), 6:4

1/2 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დელ პოტრო (არგ, 24)
ანდერსონი (ს. აფრ, 28)-კარენო ბუსტა (ესპ, 12)

ქალები
1/4 ფინალი
ვანდევეგე (აშშ, 20)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1) 7:6(4), 6:3
კისი (აშშ, 15)-კანეპი (ესტ) 6:3, 6:3

1/2 ფინალი
ვანდევეგე (აშშ, 20)-კისი (აშშ, 15)
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-სტივენსი (აშშ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული