ახალი საჩოგბურთო რეიტინგი: ქართველების დაღმასვლა

AutoSharing Option
ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო სამყაროში ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ქართველმა ჩოგბურთელმა უკან დაიხია, თუმცა აქვე ვთქვათ, რომ განახლებულ სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო.

საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირს 59-ე პოზიციაზე შეხვდა, თუმცა დასრულების შემდეგ 61-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ყატარის დედაქალაქში ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა დაიმატა, მისმა კონკურენტებმაც წარმატებით იასპარეზეს და ამიტომ ქართველმა ჩოგბურთელმაც 2 საფეხურით უკან დაიხია.

ახალი საჩოგბურთო სეზონი ჯერჯერობით არ განუახლებია გიორგი ცივაძეს. იგი მსოფლიო რეიტინგში 1081-ე პოზიციაზე იმყოფება.

ამჟამად ურეიტინგოდაა სანდრო მეტრეველი, რომელმაც ავარიის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

1603-ე პოზიციაზე იმყოფება 22 წლის გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც ასევე ახალი საჩოგბურთო სეზონი არ განუახლებია.

რაც შეეხება ქალთა რეიტინგს, მარიამ ბოლქვაძეს მსოფლიოში 559-ე ჩოგბურთელის წოდება უკავია.

359-ე პოზიციას იკავებს სოფია შაფათავა, თუმცა მან 2017 წელი 341-ე ადგილზე დაასრულა.

ოდნავ უკეთესი შედეგი აქვს ეკატერინე გორგოძეს. მას 330-ე ადგილი უკავია.

დაბოლოს, ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძირითადად წყვილებში თამაშობს, წყვილთა თანრიგში 70-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ურეიტინგოდაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული