ალექსანდრე მეტრეველი: ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება

AutoSharing Option
ქართულ ჩოგბურთთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფი დატოვა.

ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში შეინარჩუნა ადგილი ქალთა ნაკრებმა.

საინტერესოა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ჩოგბურთის ფედერაცია, რა გეგმები აქვს მას და როგორ აფინანსებენ ისინი ჩოგბურთელებს.

Sportall.ge ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს ესაუბრა.

- 30 აპრილს თბილისში ქალთა საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება. ვინ იქნებიან ქართველი მონაწილეები და რა დონის ჩოგბურთელები ჩამოდიან უცხოეთიდან?
- ეს არის საკმაოდ ძლიერი ტურნირი და მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელები არიან ჩამოსულნი. უკვე საბოლოო სია
გვაქვს და 34 ქვეყნის ჩოგბურთელები იქნებიან წარმოიდგენილნი.

რაც შეეხება ჩვენს ჩოგბურთელებს, იქნებიან როგორც ჩვენი ფედერაციის გუნდის წევრები, ისე ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები.

ახლა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, ძირითადი ბადის ტურნირი კი სამშაბათს დაიწყება, სადაც 6 ქართველი ჩოგბურთელია დაშვებული.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელმაც თითქმის ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო.

- საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფიდან გავარდა. რას იტყოდით ამის შესახებ, არის თუ არა ეს დიდი რეგრესი?
- რა თქმა უნდა, წავაგეთ და ცუდია, მაგრამ სპორტია და რას იზამ?! წავაგეთ ზედიზედ ორი შეხვედრა. მაროკოსთან ნამდვილად არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ლუქსემბურგთან მარცხი ლოგიკური იყო.

მაგალითად, ძალიან ალოგიკური იყო, როდესაც ჩვენ ფინეთს მოვუგეთ, ასე, რომ სპორტია და ყველაფერი ხდება.

- ლუქსემბურგთან შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის არყოფნაზეც გკითხავთ. როგორც ნათქვამი იყო, მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ეიტიპის ტურნირზე ითამაშა...
- გულრწფელად გეტყვით, ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა და თუ მის თამაშებს ნახავდით, ის ტრავმების გამო შეხვედრებს წყვეტდა.

რაც შეეხება იმ ტურნირს, პროფესიონალ ჩოგბურთელს ბოლო მომენტში ტურნირიდან მოხსნა არ შეუძლია, რადგან ამ ყველაფერს ჯარიმები მოჰყვება.

ამიტომ, ნიკა ვალდებული იყო ამ ტურნირზე ჩასულიყო. ვერ ვიტყოდი, რომ ბასილაშვილს არ სურს ნაკრებში თამაში. პირიქით, ის ყველანაირად ეხმარება თავის გუნდს.

- ფაქტია, რომ ვაჟთა ნაკრებში ბასილაშვილის გარდა მაღალი დონის ჩოგბურთელი პრაქტიკულად არ გვყავს. ხომ არ განიხილება რომელიმე უცხოელი ჩოგბურთელისთვის მოქალაქეობის მიცემის საკითხი?
- არ დაგიმალავთ და ამაზე ფედერაციაში საუბარი გვქონდა. ასევე ამ საკითხზე ნიკა ბასილაშვილსაც ვესაუბრეთ.

არ დაგიმალავთ და მე ამის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ამ საკითხს არც მე და არც პრეზიდენტი არ ვწყვეტთ, ეს წყდება პრეზიდიუმის სხდომაზე.

მიდის თაობათა ცვლა და მე ამიტომ ვარ ამის წინააღმდეგი. გვყავდა ძალიან კარგი ჩოგბურთელები, ირაკლი ლაბაძე და ლადო ჩიხლაძე. ახლა კი ნიკა ბასილაშვილი.

ძალიან კარგი გოგონები გვყავს ქალთა ნაკრებში, რომლებიც ფედერაციის თასზე შესანიშნავ შედეგებს ანახებენ. მათ ავსტრია დაამარცხეს, რომელსაც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. ვინმე მეტყვის რატომ უნდა მოუგოთ ავსტრიასო?! ჩვენზე ცუდი ბაზები აქვთ თუ არანაკლები სიძლიერის ჩოგბურთელები ჰყავთ?!

- სანდრო მეტრეველს ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა და ნაკრებში დიდი ხანი არ თამაშობდა. რომ გვითხრათ, რამდენით აფინანსებს ფედერაცია თითოეულ ქართველ ჩოგბურთელს და როგორი და რის მიხედვითაა შედგენილი დაფინანსების სისტემა?
- ეს ინფორმაცია არის საჯარო. ჩვენ გვაქვს მიზნობრივი ბიუჯეტი, რომელიც ბევრ რამეზეა გათვლილი.

იქიდან გამომდინარე, თუ რა თანხები გვრჩება, შემდეგ ვეხმარებით დევისის თასისა და ფედერაციის თასის ჩოგბურთელებს.

როგორც ერთზე, ისე მეორეზე, 60 000 არის გაცემული. ამ ფულით მათ უფინანსდებათ შეჯიბრებზე გაშვება, თუ ვისზე რამდენი გადანაწილდება, ეს უკვე ნაკრების დამრიგებლის პრეროგატივაა.

რაც შეეხება კონფლიქტს, ვადასტურებ, რომ კონფლიქტი იყო, მაგრამ ამან მგონი კარგი არაფერი მოუტანა სანდრო მეტრეველს.

ჩვენ მივყვებით ისევ ჩვენს პოლიტიკას. ჩოგბურთის ფედერაცია აკეთებს მაქსიმუმს იმ ფულით, რომელსაც სახელმწიფო აძლევს.

მე ვიტყოდი ერთს, ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს.

- რამდენად გეხმარებათ სპორტის სამინისტრო, რამდენია ჩოგბურთისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი?
- მთლიანი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტი არის 600 000 ლარი, რაც 200 000 ევროა. ამ თანხით რა უნდა გააკეთო ჩოგბურთში?!

- ჩოგბურთი სპონსორების გარეშე წარმოუდგენელია. რამდენად არის სპონსორების მხრიდან დაინტერესება, რომ საქართველოში მაღალი დონის საჩოგბურთო ტურნირები გაიმართოს?
- ძალიან რთულია, რადგან ჩვენთან ეს სისტემა არ მუშაობს. ვახერხებთ რაღაცებს ოღონდ პირადი კონტაქტების ხარჯზე.

- რას აკეთებს ჩოგბურთის ფედერაცია იმისათვის, რომ საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია მოხდეს და ეს სპორტი განვითარდეს?
- ძალიან ბევრი რამე კეთდება. თუ გვინდა, რომ კარგი თაობა გაიზარდოს, ძალიან ბევრი ტურნირი უნდა ჩატარდეს შენს ქვეყანაში.

ტურნირების რაოდენობამ იმატა საქართველოში და ეს არის ყველაზე სწორი გზა.

- კორტებზე რომ გვითხრათ. რა დონის კორტები გვაქვს დღეს საქართველოში და როგორი ტურნირების მასპინძლობა შეგვიძლია ამ კორტებზე?
- მზიურის ბაზას თავისუფლად შეუძლია "ეიტიპის" დონის ტურნირს უმასპინძლოს. უბრალოდ საკითხავია, ვისთვის და რისთვის? დიდი ტურნირისთვის სამწუხაროდ ჯერ მზად არ ვართ.

- ქალთა ნაკრებზე რომ გადავიდეთ. ფედერაციის თასზე კვლავ მეორე ჯგუფში დავრჩით. როგორ შეაფასებდით ქალთა ნაკრების ასპარეზობას?
- ძალიან დადებითად. ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ჩვენ ჯგუფიდან გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ ერთი თამაში მატჩბოლიდან წავაგეთ.

შემდეგ პლეი-ოფში ავსტრია დავამარცხეთ და ადგილი შევინარჩუნეთ, რაზეც ვფიქრობ, რომ გმირობის ტოლფასია.

- რა პროექტები აქვს დაგეგმილი ფედერაციას მომავლისთვის?
- ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. პირველ რიგში გეტყვით, რომ გადაიხურება კიდევ ორი მოედანი. გვაქვს დაგეგმილი ტურნირების ჩატარება, როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში. გეგმები დიდი გვაქვს და მიდის მუშაობა.

- რას იტყოდით მომავალ თაობაზე, ვისი იმედი შეგვიძლია გვქონდეს. ბიჭებში სახელდება ალექსანდრე ბაკში, გოგონებში მარიამ ბოლქვაძე და სხვები. რას იტყოდით ახალგაზრდა ჩოგბურთელებზე?
- ბაკში ამერიკაშია და ალბათ იცით იქ რა დონიაა კოლეჯის ჩოგბურთი. მე მას თვალს ვადევნებ და ძალიან კარგად თამაშობს.

მარიამს მცირე ტრავმა ჰქონდა და ახლა ვნახოთ თბილისის ტურნირზე როგორ ითამაშებს.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი ყველა ახალგაზრდული დიდი სლემის ძირითად ბადეში ხვდებიან და დარწმუნებული ვარ ისინი არგენტინის ოლიმპიადაზეც ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა, ძალიან სასაცილო ინტერვიუა; მაგრად ვიმხიარულე.
ჩოგბურთი მოზარდებისათვის და მშობლებისათვის
21:10 29-04-2018
0
ჩოგბურთი სპორტის ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე პოპულარული სამეულშია და ჩვენი უდიდესი მიზანი უნდა იყოს მისი განვითარება
ილო
20:37 29-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული