New York Times: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველებს სიამაყის მიზეზი მისცა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვირას, 2 სექტემბერს, US OPEN-ის მერვედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალთან ითამაშა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ჩოგბურთელმა ოვაციები დაიმსახურა შეუპოვარი თამაშისთვის.

NEW YORK TIMES-ი ნიკოლოზ ბასილაშვილს სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არტურ ეიშის სახელობის კორტზე გამოჩნდა, იქ შეკრებილ მაყურებელთა მცირე ნაწილი თუ იფიქრებდა, რომ იგი წინააღმდეგობას გაუწევდა მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და US OPEN-ის მთავარ ფავორიტ რაფაელ ნადალს, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ მატჩს NBA-ს ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ და მათი
ქვეყნის ამომავალ ვარსკვლავს გულშემატკივრობდნენ.

ნადალმა 4 სეტში 6:3, 6:3, 6:7 (6), 6:4 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში მეცხრე ნომერ დომინიკ ტიემს დაუპირისპირდება, თუმცა ბასილაშვილმა, თავისი შეუპოვრობითა და დინამიკურობით, კორტზე ბევრი გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურა, ისევე, როგორც თავისი თანამემამულე ქართველების სამშობლოში. ეს ბასილაშვილის პირველი მერვედფინალი იყო დიდ ტურნირზე, ამ ზაფხულს კი მან კარიერის პიკს მიაღწია და 35-ე ჩოგანი გახდა (ახლა ის 37-ე ნომერია).

"ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებდა და ბევრი მგულშემატკივრობდა. ეს ძალიან კარგი გრძნობაა" - თქვა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.

ზაზა ფაჩულია, სავარაუდოდ, ნიკოლოზის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი, რომელმაც "გოლდენ სტეიტთან" ერთად ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, სამშობლოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. ის ბასილაშვილთან რამდენიმე წელია მეგობრობს. ამიტომ დეტროიტიდან ნიუ-იორკში მის საგულშემატკივროდ ჩაფრინდა.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რაც კი მინახავს, თუმცა ძალიან ბევრი არ მაქვს ნანახი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზმა წააგო, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია მისი კარიერისთვის" - განაცხადა ფაჩულიამ.

Sportall.Ge

საქართველოს ყველაზე ცნობილი სპორტსმენი კალათბურთელია, თუმცა 1973 წელს, ის ალექსანდრე მეტრეველი იყო, კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება უიმბლდონის ფინალში გასვლით მოიპოვა, როცა მეოთხედფინალში ჯიმი კონორსი დაამარცხა (თავის მხრივ, კონორსმა 1974 წელს შური იძია ამერიკის ღია პირველობაზე, როცა მეტრეველი ასევე მეოთხედფინალში დაამარცხა). მეტრეველი თბილისში დაიბადა. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. მან 5 ATP ტურნირი მოიგო და 1974 წელს TOP 10-შიც მოხვდა.

1990-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოში ჩოგბურთი უკანა პლანზე გადასწია.

"არ იყო ფული და სამსახური, საქართველოში ყველა შიმშილობდა." - ამბობს ანა ასათიანი, RUSSIA TODAY-ს პროდიუსერი.

26 წლის ბასილაშვილის თქმით, მარტივი არ ყოფილა, პროფესიონალი ჩოგბურთელი გამხდარიყო ისეთ პატარა და ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

"წარმოუდგენლად რთული იყო. წარსულში ძალიან მიჭირდა. ჩემთვის მარტივად არაფერი მოსულა" - ამბობს ნიკოლოზი.

ბასილაშვილი არ იყო ერთადერთი ქართველი, ვინც კვირას კორტებზე გამოვიდა და დამარცხდა. 18 წლის ანა მაქაცარია ამერიკელ ჰეილი ბაპტისტთან 2:6, 6:7 (5) დამარცხდა, ხოლო კიდევ ერთი ახალგაზრდა მარიამ დალაქიშვილი იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან დამარცხდა ორ სეტში - 4:6, 1:6. წყვილებში კი ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იაპონელმა ნაო ჰიბინომ დათმეს საკუთარი მატჩი.

მატჩის შემდეგ კომენტარი რაფაელ ნადალმაც გააკეთა, მისი თქმით, მას ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდა, ვიდრე ელოდა.

"რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო. მესამე სეტი წავაგე, თუმცა კარგი ტაიბრეიქი ვითამაშე, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგე უკეთესი იყო".

ზაზა ფაჩულია, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე ბევრი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია.

"მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, დიდი ისტორია გაგვაჩნია, 1990-იან წლებში კი ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ძალიან რთულია, თავი დააღწიო სიბნელეს, სიძნელეებს, მიაღწიო მიზნებს და აისრულო ოცნებები, რომლებიც ბავშვობაში გქონდა, თუმცა, თუ ბევრს იშრომებ, შეგიძლია ეს მოახერხო, ნიკოლოზი კი ერთ-ერთი მათგანია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარ აქ და მას ვგულშემატკივრობ. მის წარმატებას შეუძლია გაუღოს კარი ბევრ ბავშვს და სპორტსმენს საქართველოში და თუკი ნიკოლოზი ერთი ადამიანის ცხოვრების შეცვლას მაინც მოახერხებს, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები" - ამბობს ფაჩულია."

altUs Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

altრაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთი პატარა წარმატებებით იწერება ქვეყნის დიდი ისტორია!
გულშემატკივარი 58
15:43 05-09-2018
3
ბასილაშვილს ულოცავ წარმატებებს.

ფაჩულიას კი მადლობა ასეთი თბილი ინტერვუისთვის.
დათო
16:21 05-09-2018
3

სიახლეები პოპულარული