ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ნიკოლოზი განთესილთა შორის მე-2 ნომერი იქნება, ხოლო შეჯიბრის პირველი ნომერი ამერიკელი, მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ჯონ იზნერი გახლავთ.
ლიონში ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც რობერტო ბაუტისტა აგუტი (23), კანადელების იმედი ფელიქს ოჟე ალიასიმი (33) და ფრანგი ვეტერანი ჟო ვილფრიდ ცონგა (102) არიან.
სხვათა შორის, ფრანგი, რომელსაც ნიკოლოზი ლიონის ტურნირზე ერთხელ დამარცხებული ჰყავს, ერთ დროს მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გახლდათ და 2008 წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა.
ლიონის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის.
მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85 945 ევროთი დაჯილდოვდება, ფინალისტი - 45 265-ით. ერთეულთა ტურნირში მონაწილეობას 28 ჩოგბურთელი მიიღებს.
შარშან ამ ტურნირზე ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გაიმარჯვა. ტიმმა ფინალში ფრანგ ჟილ სიმონს სამ სეტში მოუგო - 3:6, 7:6, 6:1.
ნიკოლოზ ბასილაშვილს შარშან ამ ტურნირზე არ უთამაშია. აქედან გამომდინარე, არც ქულები აქვს დასაცავი. ხოლო შარშანწინ ნიკოლოზი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჟო ვილფრიდ ცონგასთან 3 სეტში დამარცხდა - 2:6, 6:3, 1:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ლიონის ტურნირზე ჯერჯერობით უცნობია.
ტურნირი 19 მაისს დაიწყება და 25 მაისამდე გასტანს.