ჩემპიონი ნადალი - 2 ნაბიჯი როჯერამდე, მე-12 ტრიუმფი როლან გაროსზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 9 ივნისს, როლან გაროსის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი 4 სეტში ანგარიშით 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და კარიერაში მე-12-დ მოიგო როლან გაროსი.

აღსანიშნავია, რომ ეს 33 წლის რაფასთვის საფრანგეთის ღია ჩემპიონატის მე-12 ფინალი იყო, რომელშიც 38 ვინერსითა და 7 ბრეიკით მოახერხა გამარჯვება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებლით ნადალი რეკორდსმენია (როგორც როლან გაროსის მოგებით, ისე ერთი კონკრეტული ტურნირი ამაზე მეტჯერ არავის მოუგია), თამაშის ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა.

"ეს მართლაც შესანიშნავია, ამის ახსნა არ შემიძლია", - თქვა რაფამ.

ჩოგბურთის ღია ერაში ნადალზე მეტი მოგებული დიდი მუზარადის ტურნირი მხოლოდ როჯერ ფედერერს აქვს - 20. ესპანელი შვეიცარიელს მხოლოდ ორი ტიტულით ჩამორჩება. მე-3 ადგილზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია დიდი მუზარადის 15 ტიტულით.

ამ შეხვედრაში კი ნადალმა როლან გაროსზე ტიმთან გამართულ შეხვედრებში პირველად წააგო სეტი. თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ 2 გეიმის მოგება შეძლო.

"ჩემს ასაკში რომ მსგავსი გამარჯვების მოპოვება შემიძლია, ეს თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა: ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მე ასე ძალიან მჭირდება.

ტიმი ძალიან კარგად აწვდიდა და სწორედ ამან შემიქმნა პრობლემები. ძალიან ძნელია დომინიკის წინააღმდეგ თამაში, როცა ის უტევს. ამიტომ, რაღაცების გაანალიზება დამჭირდა ამ საკითხის გადასაჭრელად. სხვა მხრივ კარგად ვთამაშობდი".

"პირველ ორ სეტში კარგად ვითამაშე, აგრესიული ვიყავი, თუმცა მესამე სეტიდან ჩემი დონის ჩოგბურთი ვეღარ ვითამაშე და რაფამ გადამიარა. მან შესანიშნავად ითამაშა, რასაც აკეთებდა, დაუჯერებელი იყო.

მან 18 დიდი მუზარადის ტურნირის მოგება შეძლო. ეს როჯერზე მხოლოდ 2-ით ნაკლებია. უდავოა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. დღეს დავინახე, რატომაც", - აღნიშნა ავსტრიელმა მატჩის შემდეგ.

ამ გამარჯვებით ურთიერთდაპირისპირებაში ნადალი ტიმს 9:4-ს უგებს. ესპანელმა 2000 სარეიტინგო ქულასთან ერთად 2 300 000 ევრო მიიღო, ხოლო ტიმს 1200 ქულა და 1 180 000 ევრო ხვდა წილად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული