ცნობილი გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ცინცინატის მასტერსზე, რომლის პირველ შეხვედრაშიც ქართველი ჩოგბურთელი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში დაამარცხა.
უფრო საინტერესო ნაწილი ნიკოლოზისთვის მაშინ დაიწყება, თუ პირველ წრეს გადალახავს.
მეორე წრეში მისი სავარაუდო მეტოქეები სტანისლას ვავრინკა (23) ან გრიგორ დიმიტროვი (74) იქნებიან. ვავრინკას 3 დიდი სლემი აქვს მოგებული, დიმიტროვი კი ერთ დროს მსოფლიოს მე-3 ჩოგანი იყო. აქვე ვიტყვით, თუ ნიკოლოზმა მესამე წრეში გასვლა მოახერხა, იქ თვით როჯერ ფედერერი დახვდება, თუმცა ამისთვის 2 რთული შეხვედრის მოგებაა
საჭირო.
ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, რომელშიც მან 2017 წელს გააღწია. სხვათა შორის 2017 წელს ცინცინატის მასტერსი გრიგორ დიმიტროვმა მოიგო. შარშან კი, ბასილაშვილს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, ქულები დასაცავი არ აქვს.
ნიკოლოზი წინა კვირასთან შედარებით, რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 2020 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. მისი დაქვეითება მონრეალის მასტერსზე გაელ მონფილსის კარგმა შედეგმა გამოიწვია. აღსანიშნავია ის, რომ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ავიდა 2000+ სარეიტინგო ქულაზე.
რაც შეეხება ცინცინატის მასტერსს, მისი მთლიანი საპრიზო თანხა 6 056 280 დოლარი გახლავთ, გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ბასილაშვილსა და რუბლიოვს შორის შეხვედრა ხვალ, 13 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.