ATP CUP. I დღე საქართველოსთვის: როცა თავს ზემოთ ძალა არაა...

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ის პირველი საშეჯიბრო დღე დაასრულა. იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, თუმცა ჩვენებურებმა მსოფლიო ჩოგბურთის გიგანტებთან ვერაფერი გააწყეს და ესპანეთთან 0:3 დამარხდნენ.

დაპირისპირების პირველი შეხვედრა ჩვენთვის კატასტროფულად დასრულდა. სანდრო მეტრეველმა მასზე დიდას გამოცდილ და ტიტულოვან რობერტო ბაუტისტა აგუტთან გეიმიც კი ვერ აიღო.

სანდროს წაგების გამო არავინ დაძრახავს, რადგან აგუტი მსოფლიოს მე-9 ნომერია, ჩვენებური კი მხოლოდ 679-ე პოზიციას იკავებს, თუმცა...

პირველ სეტში ქართველი მოწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა. თავისი პირველი გეიმი კარგად ჩაატარა და არაერთი გეიმპოინტი ჰქონდა, თუმცა გეიმი თავის
სასარგებლოდ ვერ დაასრულა.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ გამოცდილმა ესპანელმა ჩვენებური გატეხა.

მეორე სეტი სულაც ფორმალობას დაემსგავსა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სანდროს ერთი სული ჰქონდა, კორტს როდის დატოვებდა.

ჩვენის მხრივ, გვინდა ქართველ ჩოგბურთელს გვერდში ამოვუდგეთ და შედეგის გამო არ დავძრახოთ, რადგან ასეთი რანგის ტურნირზე და ასეთ მეტოქესთან მას კარიერაში პირველი შეხვედრა ჰქონდა.

მას აღნიშნულ შეჯიბრზე წინ კიდევ ორი მატჩი (თუ ნაკრების კაპიტანმა სხვა არ ათამაშა) ელის და ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ უფრო მეტი შეუძლია.

მეორე მატჩში კი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან წააგო, თუმცა მთელი პერჩის ტრიბუნები ფეხზე დააყენა და ყველა ქართველი ასიამოვნა.

თავად განსაჯეთ, ის 3:6, 2:5 მარცხდებოდა, როდესაც მეტოქის სეტზე ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ აიღო. საბოლოოდ, ნიკოლოზი, 5:5-ზე მაინც დაბრეიკდა და მეორე პარტიაში 5:7 დამარცხდა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პლანეტის პირველ ნომერთან შენი ქვეყნის ჩოგბურთელი ასეთ თამაშს აჩვენებს.

უბრალოდ, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ნადალი სხვა დონეა და დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ნიკა მას დაამარცხებს, თუმცა რაფაელი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ასეთ ნადალთან თამაში, ბასილაშვილთან ბოდიში მოგვითხოვია და ფედერერსაც და ჯოკოვიჩსაც კი უჭირთ.

წყვილთა შეხვედრა ფორმალობა გახლდათ. ესპანელთა მხრიდან პაბლო კარენო ბუსტა და ფელისიანო ლოპესი ვიხილეთ, რომლებმაც ორ სეტში ალექსანდრე ბაკშისა და გიორგი ცივაძის დუეტს 6:3, 6:4 მოუგეს.

მოკლედ, ჩვენი გუნდი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს B ჯფუში ბოლო ადგილზეა. 6 იანვარს ჩვენებურები იაპონიას ეთამაშებიან. ეს ის იაპონიაა, რომელსაც ტრავმირებული კეი ნიშიკორი არ ეყოლება და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ისტორიულ ტურნირზე, პირველ ისტორიულ გამარჯვებასაც ჩავიწერთ.

altრაფაელ ნადალი: ისეთი მოთამაშის დამარცხება, როგორიც ბასილაშვილია, მთელი სეზონი დადებითად გამყვება

altATP CUP: ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა [VIDEO]

altATP CUP: საქართველომ ტურნირი მარცხით დაიწყო, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ნიკა, ამ დონეზე რომ აძლევს საშუალებას ჩვენ ჩოგბურთელებს რომ მიიღონ გამოცდილება მსოფლიო ჩოგბურთის ტოპ მოთამაშეებთან ჭიდილში. იმედია ბიჭები ამ გამოცდილებას მომავალში გამოიყენებენ და უფრო მაღალ დონეზე შეძლებენ თამაშს. სტატიის ავტორს მადლობა ესეთი შეფასებისთვის, აბა ის მართლა არ ვარგა რომ დავცინოთ ჩვენ ჩოგბურთელებს, რაც შეუძლიათ თამაშობენ და ესეთ დონეზე თამაში მათთვის ხო საერთოდ პირველია!
Zaza
18:35 05-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული