ATP Cup-ის ფინალში ერთმანეთს სერბეთისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ და ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებულები სერბები გახდნენ.
ნაკრები გუნდების მეორე ნომრების შეხვედრაში ბაუტისტა აგუტმა დუშან ლაიოვიჩს 2 სეტში (7:5, 6:1) მოუგო და ესპანეთის ნაკრები დააწინაურა.
თუმცა მეორე შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გუნდების პირველი ნომრები ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ, ნოლემ რაფა ასევე 2 სეტში (6:2, 7:6) დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა.
მესამე გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს წყვილები შეხვდნენ. სერბეთის მხრიდან ჯოკოვიჩმა და ვიქტორ ტროიცკიმ ითამაშეს, ხოლო ესპანელებიდან კორტზე პაბლო კარენო ბუსტა და
ფელისიანო ლოპესი გავიდნენ. მატჩი სერბებმა 2 სეტში (6:3, 6:4) მოიგეს და ATP Cup-ის პირველი გამარჯვებულებიც გახდნენ.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასა და ურუგვაისთან ერთად იყო. ჩვენმა ჩოგბურთელებმა ურუგვაის ნაკრების დამარცხება შეძლეს და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ.