საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები "დევისის თასის" ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდება. კენჭისყრის წინ გუნდებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
"მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი არ ჰყავთ, ესტონეთის ნაკრები მაინც ძლიერი გუნდია.
მათ შემადგენლობაში კოლეჯის ძალიან კარგი ჩოგბურთელია. მართალია, რეიტინგი არ აქვს, თუმცა კარგად ვიცით, რასაც წარმოადგენს.
ჩვენი მიზანია მეორე დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, ანუ ესტონეთთან მოგება და დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს მივაღწევთ.
ჩვენი ნაკრების მთავარი კოზირი ნიკოლოზ ბასილაშვილია. შეგიძლიათ ჯოკერიც უწოდოთ. ვთვლი, რომ სწორედ მისი საშუალებით მოვახერხებთ ესტონეთის
დამარცხებას.
კორტის საფარი კი ცოტა უფრო სწრაფია, ვიდრე ამას ნიკა და ალექსანდრე (მეტრეველი) არიან შეჩვეულები. თუმცა მარტში ღიაცისქვეშ თამაში ჩვენთვის უკვე უპირატესობაა, რადგან ესტონელებს დარბაზში ერჩივნათ გამოსვლა", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა დავით კვერნაძემ.
"4 თვის წინ გავიკეთე ოპერაცია ხელზე, რომელიც წელიწად-ნახევარი მაწუხებდა. ზოგადად, არ ვსაუბრობ ჩემს ტრავმებზე, რადგან ამას აზრი არ აქვს. სანამ საუკეთესო ფორმაში არ შევალ, იქამდე არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს ჩოგბურთზე, არც იმაზე, როგორ მდგომარეობაში მაქვს ხელი.
ახლა უკეთ მაქვს. რა თქმა უნდა, 100%-ით არა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდება. დუბაიდან ჩამოვედი, 1 მატჩი კარგად ჩავატარე, მერე ამტკივდა. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ მომზადებული, მხოლოდ ჩაწოდებისას მიშლის მცირედით ხელს.
რაც შეეხება მეტოქეს, ვთვლი, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ. როგორც გუნდს, უკეთ შეგვიძლია თამაში.
ATP CUP-საც მინდა შევეხო. ნაკრები ამ შემადგენლობით პირველად იქ ჩამოყალიბდა და გამოსვლით კმაყოფილები დავრჩით. მიმაჩნია, რომ ბიჭებს მომავალში კიდევ უფრო უკეთესად შეუძლიათ თამაში. ესტონეთთან თამაშში კარგი წყვილებიც გვყავს და ვნახოთ, რა იქნება", - აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
"ეს დევისის თასია. ნებისმიერმა გუნდმა ნებისმიერს შეიძლება მოუგოს, წინასწარ ვერაფერს იტყვი. არმოშვება და ყურადღებით ყოფნა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები ვართ.
ATP CUP-ზე დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად ჩაიარა. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ამ შეჯიბრების მერე თავს უკეთ ვგრძნობ სწორედ იქ მიღებული გამოცდილების გამო. ესტონეთთან დაპირისპირებაში ვეცდებით, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და დავრჩეთ მეორე ჯგუფში.
სამწუხაროდ, კოჭის ტრავმის გამო ჩვენთან ერთად ნიკოლოზ ბაკში არ იმყოფება და მას მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო", - თქვა ზურა ტყემელაძემ.
ესტონეთის ნაკრების წარმომადგენელთა ძირითადი მესიჯი ის გახლდათ, რომ ეს ჩოგბურთია, მრგვალი ბურთი, ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია და ამიტომ, ბრძოლას აპირებენ.
შეხვედრები კი 6 და 7 მარტს "მზიურის" საჩოგბურთო კომპლექსში გაიმართება. 6 მარტს პირველი მატჩი 10:45 საათზე დაიწყება, ხოლო 7 მარტს - 10:00-ზე.