ბასილაშვილს კარიერული რეკორდის დაფიქსირება შეუძლია - ვინ არის დღეს ნიკას მეტოქე და რა თანხას გამოიმუშავებს ქართველი გამარჯვების შემთხვევაში

AutoSharing Option
ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 13 აგვისტოს, გამთენიისას, პოლონელ ჰუმბერტ ჰურკაცს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღის ბოლო მატჩად ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილი დღევანდელ მეტოქეს არასდროს შეხვედრია, თუმცა ჰურკაცი ჩოგბურთის მოყვარულთათვის ძალზე ნაცნობი სპორტსმენია.

თავად განსაჯეთ - მან წელს უიმბლდონის ნახევარფინალს უწია, იქამდე კი მაიამის მასტერსის გამარჯვებულიც გახდა.

პოლონელს შესანიშნავი ჩაწოდება აქვს, რის შემდეგაც გათამაშებაში უპირატესობას ეუფლება და ცდილობს, სწრაფი და ძლიერი დარტყმებით ქულა მალევე მოიგოს.

ჰურკაცი კარგი მოთამაშეა ბადესთანაც. ის წყვილებში ტურნირებზე კანადელ ოჟე ალიასიმთან არის ხოლმე შეამხანაგებული
და მინიმუმ 2-3 წრეს ყოველთვის გადის.

24 წლის პოლონელი ამჟამად მსოფლიოს მე-13 ნომერია, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2021 წლის 12 ივლისს დააფიქსირა, როდესაც მე-11 გახლდათ.

ჩვენთვის კარგი ისიცაა, რომ ჰურკაცს ამ ტურნირზე არ უთამაშია და კორტთან ადაპტაცია, სათამაშო პრაქტიკა და ტონუსიც ნაკლებად ექნება.

მეორე წრეში მისმა მეტოქე კეი ნიშიკორიმ თამაშზე უარი განაცხადა და შედეგად, პოლონელიც მერვედფინალში უბრძოლველად გავიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია. ნიკა კორტზე მეტოქეებს აცამტვერებს და მან მე-18 ნომერ დე მინორს მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო.

"ბასილას" ისტორიული შედეგის დაფიქსირების შანსი აქვს. ის არასდროს ყოფილა კარიერაში მასტერსის 1/4-ფინალში გასული და თუ დღეს გაიმარჯვა, საუკეთესო შედეგსაც დააფიქსირებს.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი ATP-ის LIVE რეიტინგში 2 საფეხურით უკვე დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს მე-40 ნომერი გახლავთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი დღეს ჰურკაცს დაამარცხებს, დამატებით კიდევ 45 000$-ის მფლობელი გახდება.

მისი სავარაუდო მეტოქე 1/4-ფინალში კი რუსი დანილ მედვედევი იქნება, რომელიც დღეს ავსტრალიელ ჯეიმს დაკვორტს ეთამაშება და სავარაუდოდ, გაიმარჯვებს, რადგან გამოკვეთილი ფავორიტია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ნიკას.მშრომელი ადამიანია.უნდა დაუფასდეს.საქმე მარტო ფულში არ არის.დიდი სიამოვნებაა როცა შრომა დაფასდება და ათეულში თუ მოხვდება.
ჟორა
19:00 12-08-2021
0
სულ ნუ გადარევთ მაგ ქალს
წინ ნიკა
17:18 12-08-2021
0

სიახლეები პოპულარული