ამერიკაში ინდიან უელსის 1000-ქულიანი ტურნირი გრძელდება.
სენსაციურად რუსი დანილ მედვედევი (2) ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან (28) 3 სეტში 6:4 4:6 3:6 დამარცხდა.
1-ელ სეტში ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა პირველივე გეიმში მოიპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მეორე და მესამე სეტებში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის მოწოდება ჯამში 9-ჯერ მოიგეს.
გრიგორი შესანიშნავად გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
ბულგარელი სპორტსმენი მომდევნო შეხვედრას დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:20 საათზე, პოლონელი ჰუბერ ჰურკაჩის (12) წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, ჰურკაჩმა მოულოდნელად კარგ ფორმაში მყოფი ასლან კარაცევი (23) 6:1 6:3 გაანადგურა.
ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) ავსტრალიელ ალექს დე მინორს (27) დაუპირისპირდა და ხანგრძლივ, 3-სეტიან დაპირისპირებაში 6:7 7:6 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტი თანაბრად მიილია (თითო-თითო ბრეიკი შეასრულეს), ტაი-ბრეიკზე კი უკეთესი ავსტრალიელი აღმოჩნდა და დამსახურებულადაც დაწინაურდა.
მეორე სეტშიც საქმე გადამწყვეტ, მე-13 გეიმამდე მივიდა (ორ-ორი ბრეიკი შეასრულეს), სადაც უკვე გამოცდილმა ბერძენმა იმარჯვა და სეტებს შორის ჩამორჩენა გაათანაბრა.
მე-3, გადამწყვეტ ნაწილში კი ალექსს თამაში ჩაუვარდა, ევროპელი ვარსკვლავი საკუთარ მოწოდებას მარტივად იგებდა და მთელ ძალას მეტოქის ჩაწოდებაზე დებდა, რის ხარჯზეც 2 ბრეიკი შეასრულა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
სტეფანოსის მეტოქე ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) იქნება. შეგახსენებთ, ჩვენებურმა გამთენიისას კარენ ხაჩანოვი (29) 6:4 7:6 დაამარცხა და კარიერაში პირველად, დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
ქართულ-ბერძნული დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ალექსანდრ ზვერევი (4) კვლავაც მშვენიერ ფორმაშია. გერმანელი ფრანგ გაელ მონფილსს (18) დაუპირისპირდა და მარტივად, 1 საათსა და 2 წუთში 6:1 6:3 დაამარცხა.
საშა კვლავაც მშვენივრად გამოიყურებოდა ჩაწოდებაზე, რამაც მატჩში გარდამტეხი როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მონფილსს ბრეიკის შესრულების შანსი მე-2 სეტის მე-5 გეიმში ჰქონდა...
ზვერევი მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნელად იტალიელი იანიკ სინერი (14) 6:4 6:3 დაამარცხა. გერმანულ-ამერიკული დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.