ისტორიული მატჩის წინ - გაიმეორებს ბასილაშვილი ლაბაძის შედეგს?

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მატჩი ცენტრალურ კორტზეა ჩანიშნული და ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ჩვენებური ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და მან ეს გასულ შეხვედრებშიც დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ის პირველადაა გასული მასტერსის 1/4-ფინალში. ქართველმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რუსი კარენ ხაჩანოვი ბევრ კომპონენტში დაჯაბნა, უფრო სტაბილური იყო უკანა ხაზიდან და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

თამაშის მიმდინარეობისას არის გარკვეული მომენტები, როდესაც ნიკა კონცენტრაციას კარგავს და მცირე ჩავარდნა ეწყება, თუმცა კარგი ფორმისა და შესანიშნავი დარტყმების წყალობით, კონცენტრაციას
იბრუნებს და მეტოქეს თავბრუს ახვევს.

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე სტეფანოს ციციპასი ინდიან უელსის წლევანდელ ტურნირზე ძალიან არასტაბილურ ჩოგბურთს თამაშობს.

ბერძენმა უკვე 2 შეხვედრაში დათმო სეტი და წინა წრეში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან სულაც ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც მეორე სეტში ტაიბრეიკი მოიგო.

თუ ინდიანაში ციციპასის შეხვედრებს ნახავდით, ნათლად დაინახავდით, რომ მას გადაღლა ეტყობა. ბერძენს ბრწყინვალე სეზონი აქვს. თავად განსაჯეთ, თითქმის ყველა დიდ ტურნირზე გააღწია 1/4-ფინალში, წინ კი ორი დიდი ტურნირი ელის.

მან უნდა ითამაშოს ჯერ პარიზის მასტერსზე, შემდეგ კი რომში გასამართი წლის შემაჯამებელი ტურნირია, სადაც პლანეტის ტოპ 8 ჩოგბურთელი იქნება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დღევანდელ დაპირისპირებაში ნიკას შანსები იზრდება. ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ მაშინ, როდესაც ნიკოლოზი აუტსაიდერად ითვლება, წნეხი ეხსნება და კორტზე უფრო თავისუფლად გრძნობს თავს.

ბასილაშვილმა ემოციები უნდა მოთოკოს, ითამაშოს თავისი საუკეთესო ჩოგბურთი უკანა ხაზიდან, დაუშვას ნაკლები შეცდომა და ასეთ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაადვილდება.

ფაქტია, რომ ორივე ჩოგბურთელი უკანა ხაზზე საკმაოდ ძლიერია. ნიკას ბევრჯერ უთქვამს, რომ არ უყვარს ისეთი ჩოგბურთელების წინააღმდეგ ასპარეზობა, რომელსაც ძლიერი და კარგი ჩაწოდება აქვს, ფორას ჩაწოდებით იქმნის და შემდეგ გათამაშებაში უპირატესობის მოპოვება რთულდება.

ციციპასს ძლიერი ჩაწოდება ნამდვილად არ აქვს და ტურში მის იარაღად ეს ნამდვილად არ ითვლება. ბერძენი ბრწყინვალე "ბექჰენდის" საშუალებით უკანა ხაზზე იქმნის ხშირად უპირატესობას ანაც აუღებელ დარტყმას ასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ ურთიერთშეხვედრებში ციციპასი ჩვენებურს 2:0 ამარცხებს, თუმცა ორივე დაპირისპირებაში დიდი ორთაბრძოლა იყო და ნიკამ მეტოქეს არაფერი დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელებიდან მასტერსის ნახეარფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს უთამაშია. ქართველმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ეს 2004 წელს გააკეთა და სწორედ ინდიან უელსის ტურნირზე.

თუ ბასილაშვილი დღეს გაიმარჯვებს, 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ნიკა! მოიგო. მიდი ბოლომდე
დავით 67
00:34 16-10-2021
0
სად შეიძლება ყურება?
tornike
19:12 15-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული