ვენის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.
ქართველს ავსტრიის დედაქალაქში მართლაც მორიგი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან მსოფლიოს მე-7 ნომრის სახით, ის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს დაუპირისპირდება.
ჩვენებური მეტოქეს აქამდე 5-ჯერ გადაეყარა, 3-ჯერ წააგო, 2-ჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 3 დაპირისპირება იტალიელის გამარჯვებით დასრულდა.
განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ბასილაშვილის წლევანდელი მარცხი რომში, სადაც ნიკამ პირველი სეტი ბრწყინვალე ჩოგბურთის ჩვენების შემდეგ მოიგო, მომდევნო 2 კი დათმო.
მატეო ქართველთან დაპირისპირებას ბრწყინვალე ხასიათზე ხვდება. მას უკვე გარანტირებული აქვს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა და
ახლა კონცენტრაციის მოხდენა მთლიანად ამ ტურნირზე შეუძლია.
ჩოგბურთის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბერეტინის ძირითადი კოზირი ძალიან ძლიერი და სწრაფი პირველი ჩაწოდებაა, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერი ჰარდის საფარზეა.
იტალიელი კარგი ჩაწოდებით ფორას იქმნის, შემდეგ კი ცდილობს, რომ მალევე დაასრულოს გათამაშება და ქულა სათავისოდ დაიტოვოს.
ის დღეს ყველანაირად ეცდება, რომ ნიკას უკანა ხაზზე მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას, ბურთი მალევე "მოკლას", რადგან ხანგრძლივ გათამაშებებში ჩვენებურს უპირატესობა ექნება.
ბასილაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იმ მოთამაშეებთან განსაკუთრებულად უჭირს თამაში, რომლებიც ფორას ჩაწოდებით იქმნიან, რადგან მას თავისი საყვარელი თამაშის, ანუ უკანა ხაზიდან უპირატესობის მოპოვებისა და ძლიერი დარტყმების საშუალება არ ეძლევა.
ამის მიუხედავად, ნიკოლოზს მატეოს დამარცხება მაინც შეუძლია, რადგან ჩვენებური ბრწყინვალე ფორმაშია. ის ამბობს, რომ მისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორი ნებისმიერ მოთამაშესთან აქვს მოხსნილი და უნდა, რომ თავად ტოპ-ჩოგბურთელად იწოდებოდეს.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ნიკამ მეტოქეს სძლია, 45 სარეიტინგო ქულასა და დამატებით 14 725 ევროს გამოიმუშავებს, ჯამში კი ვენაში 32 885 ევრო ექნება ნაშოვნი.
ქართველისა და იტალიელის დაპირისპირებაში გამარჯვებული მომდევნო წრეში ესპანელ კარლოს ალკარასსა და ბრიტანელ ენდი მარის შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ LIVE რეიტინგში ნიკას უკვე 22-ე პოზიცია უკავია და თუ ამ ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა, აქვს შანსი, მსოფლიოს მე-19 ნომერი გახდეს.