გუშინ, 7 ნოემბერს, პარიზის 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და დანილ მედვედევი (2) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სერბის გამარჯვებით, 4:6 6:3 6:3 დასრულდა.
პირველი სეტი რუსი სპორტსმენის სასიკეთოდ წარიმართა, დანილმა ნოვაკის მოწოდების მოგება 1-ელ და მე-7 გეიმებში მოახერხა და სეტიც თავის სასიკეთოდ, 6:4 დაასრულა.
მე-2 სეტში სერბი ათამაშდა, მე-4 გეიმში შესრულებული ბრეიკის შემდეგ კი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
საქმე მე-3, გადამწყვეტ სეტამდე მივიდა, სადაც მე-5 გეიმიდან მოყოლებული, ყველაფერი თავდაყირა დადგა. მედვედევმა მე-5, მე-7 და მე-9 გეიმებში საკუთარი ჩაწოდება დათმო და საბოლოოდ, დისაიდერშიც 6:3 დამარცხდა.
ამრიგად, ნოვაკმა რეკორდული, 37-ე მასტერსი მოიგო, რითაც რაფაელ ნადალს გადაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერობა დაიმკვიდრა. მან 336 000 ევრო, მევდედევმა კი 186 000 ევრო გამოიმუშავა.
რაც შეეხება უშუალოდ ამ ტურნირს, სერბმა პარიზის მასტერსზე მე-5 გამარჯვება იზეიმა (2013, 2014, 2015, 2019, 2021).
ამ ტურნირზევე ნოლემ კიდევ ერთი რეკორდი დაამხო - ნახევარფინალის შემდეგ უკვე ცნობილი იყო, რომ სერბი 2021 წელს 1-ელ ადგილზე დაასრულებდა მეშვიდედ დაასრულებდა, რაც აბსოლუტური რეკორდია, აქამდე კი ჯოკოვიჩი ლეგენდარულ პიტ სამპრასთან ერთად ლიდერობდა.