საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ტურნირის ფინალში გამოცდილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (16) დაუპირისპირდება.
ჩვენებური ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება, ნელ-ნელა თავის საუკეთესო თამაშს პოულობს და დღეს კარიერაში მე-6 ტიტულის მოგებას შეეცდება.
ნიკოლოზმა სეზონი საშინლად დაიწყო და ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მან სეზონის დასაწყისში კოვიდი გადაიტანა, რამაც პრობლემები შეუქმნა, თუმცა ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
დოჰაში ბასილაშვილი მატჩიდან-მატჩამდე უმატებს. იმერთან და ფუკსოვიჩთან შეხვედრაში ბევრი შეცდომა ჰქონდა, თუმცა ბრწყინვალე "ვინერსებითა" და უძლიერესი დარტყმებით ეს გადაიფარა.
ამას ვერ ვიტყვით არტურ რინდენკრენჩთან (61) დაპირისპირებაზე.
აქ უკვე ნიკა როგორც მიღებაზე, ასევე მოწოდებაზე, ბრწყინვალე იყო და კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფრანგი, რომელსაც ძალიან კარგი მოწოდება აქ, უშანსოდ დაამარცხა (6:4 6:2).
დღეს კი კატარის დედაქალაქში შარშანდელი ფინალი გამეორდება და იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავ იმავე სცენარით წარიმართება, რაც 2021 წელს მოხდა. მაშინ ქართველმა აგუტი უბრალოდ "დაბომბა" და თავისი შესანიშნავი დარტყმებით მეტოქე უშანსოდ დატოვა. მთლიანობაში, ნიკასთვის ბაუტისტა უცნობი მეტოქე ნამდვილად არაა. მათი გზები კორტებზე აქამდე 5-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც ბასილაშვილმა ორჯერ იმარჯვა. საინტერესოა, რომ ეს ორივე გამარჯვება ჰარდის კორტებზე შედგა, რომელ საფარზეც დღევანდელი დაპირისპირება გაიმართება, რაც ერთგვარ უპირატესობას გვაძლევს.
რაც შეეხება მეტოქეს, 33 წლის უკვე ვეტერანს 9 ტიტული აქვს მოპოვებული. აგუტმა დოჰაში ფინალამდე ენდი მარეის (87), თანამემამულე დავიდოვიჩ ფოკინასა (47) და რუს კარენ ხაჩანოვს (27) სძლია.
როგორც იცით, ნიკა შარშანდელი ჩემპიონია, ამიტომ გამარჯვების შემთხვევაში უბრალოდ ქულებს შეინარჩუნებს და დამატებით არაფერი დაემატება.
ბასილაშვილმა ფინალში გასვლისთვის 80 410 დოლარი უკვე გამოიმუშავა. თუ დღესაც გაიმარჯვა, ეს თანხა 114 875 დოლარამდე გაიზრდება.
წარმატებები ნიკოლოზს და ვართ კიდევ ერთი ჩემპიონობის მოლოდინში!!!
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.