ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი 13 მედლით დაასრულეს

AutoSharing Option
ალბანეთის ქალაქ დურესში დამთავრდა ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ათლეტებმა. შეჯიბრების ბოლო ორ დღეს მათ 13 მედალი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას ერთადერთი ქალი იცავდა - ანასტასია გოტფრიდი. უფროსებში ევროპისა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისპრიზიორმა 23-წლამდელთა ახალ, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი ოქროს მედალი დაიმსახურა სოლიდური შედეგებით,იმის მიუხედავად, რომ მან აკვრაში პირველი ცდისას ფეხი იტკინა და ამ მოძრაობაში მესამე ცდა არც გამოუყენებია.

ორჭიდში მეორე ადგილზე გასულ სომეხ მეტოქეს მან 35 კილოთი გაუსწრო. საგულისხმოა
ისიც, რომ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში კვარცხლბეკზე სამი სპორტსმენი ავიდა, თანაც - უცვლელი შემადგენლობითა და თანმიმდევრობით.

90 კგ
1. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) - 263 (123+140)
2. თათევ ჰაკობიანი (სომხეთი) - 228 (105+123)
3. ანა ვანბენლინგენი (ბელგია) - 221 (100+121)

ამავე ასაკში ვაჟთა 105 კილოში ლოგინოზ ბრეგვაძემ საქართველოს სპორტული დელეგაციის ყულაბას ორი ჯილდო შესძინა. ჩვენმა ათლეტმა 176 კილო აიტაცა და პირველობა არავის დაუთმო. მას კილოგრამით ჩამორჩა ესპანელი მარკოს რუისი. სამაგიეროდ, პირენეელმა აკვრაში (203 კგ) აჯობა ყველას. ბრეგვაძე 199 კილოს დასჯერდა და მეოთხე ადგილი ერგო.

ასეთივე შედეგით, მაგრამ უფრო მსუბუქი პირადი წონით ბრინჯაოს მედალი უკრაინელ ბოჰდან ბურიაჩეკს ხვდა. ორჭიდის ჯამში ბრეგვაძემ მეორე ადგილი დაიკავა.

105 კგ
1. მარკოს რუისი (ესპანეთი) - 378 (175+203)
2. ლოგინოზ ბრეგვაძე (საქართველო) - 375 (176+199)
3. ბოჰდან ბურიაჩეკი (უკრაინა) - 366 (167+199)

მძიმე წონაში ძალებს ცდიდა ბაქარ თურმანიძე, რომელიც 366 (166+200) კილოთი მეშვიდე ადგილს ვერ ასცდა.

უფრო სოლიდური აღმოჩნდა ახალგაზრდა სპორტსმენთა მონაგარი: 105 კილოში ქართველმა ფავორიტმა დათო ხეცურიანმა ორი ოქროთი და ერთი ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი. დათომ 173 კილო აიტაცა და პირველი ადგილი დაიკავა, აკვრაში 204 კილოთი მესამე იყო, ხოლო ორჭიდში 377 კილოს მოუყარა თავი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და მისი გამარჯვების აღსანიშნავად დურესის სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ აჟღერდა.

ამავე წონაში ირაკლი ჩხეიძემ აკვრაში 206 კილოთი მეორე ადგილი დაიკავა - ოქროსმედალოსან სამველ გასპარიანს (სომხეთი) კილოგრამით ჩამორჩა. ორჭიდში კი ირაკლი მესამე ადგილზე გავიდა.

105 კგ
1. დათო ხეცურიანი (საქართველო) - 377 (173+204)
2. სამველ გასპარიანი (სომხეთი) - 374 (167+207)
3. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო) - 370 (164+206)

მძიმე წონაში გიორგი ჩხეიძემ ასპარეზობა სამი ვერცხლის მედლით დაასრულა, ოქროები კი სომეხ სიმონ მარტიროსიანს ერგო.

+105 კგ
1. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 433 (197+236)
2. გიორგი ჩხეიძე (საქართველო) 416 (185+231)
3. ტამაშ კაიდოჩი (სერბეთი) - 391 (174+217)
მკითხველის კომენტარები / 1 /
შედეგზეც ეტყობა,რომ ფედერაცია და მწვრთნელები მუშაობენ.სადაც პროფესიონალიზმია და პატიოსნებაა იქ შედეგიც არ აგვიანებს.ქართულ ძალოსნობას რეზერვიც მაგარი ყავს.წარმატებას ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული