უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც 20-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ათლეტმა რევაზ დავითაძემ ჩემპიონობა მოიპოვა.
დავითაძისთვის წლევანდელი სეზონი უხვმოსავლიანი აღმოჩნდა. გაზაფხულზე ბუქარესტში მან უფროსებში (85 კგ) ევროპის პირველობაზე აჯობა ყველას - 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაშინ ქართველმა ათლეტმა ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალი ხვდა, ორჭიდის ჯამში კი 353 კილოგრამით ოქროს მედალი დაიმსახურა.
და აი, ახალი წარმატება:
ტაშკენტში მან პირველსავე ცდაზე 160 კილო აიტაცა და დაწინაურდა. შემდეგ შტანგა ოთხი კოლოგრამით დაამძიმა. მესამე ცდაზე კი 166 კილო ვერ დაიმორჩილა. ამის მიუხედავად, 164 კილოგრამით ამ მოძრაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა.
ვერცხლისპრიზიორი ალი ახმედ სეიდ აშოური (ეგვიპტე) მას ხუთი კილოგრამით ჩამორჩა. 158 კილოგრამით პოლონელ შტეფან ბართლომეი ადამუსს ბრინჯაო ხვდა. ნოდარ კაკაბაძე 157 კოლოგრამით მე-4 ადგილზე გავიდა.
აკვრაში პაექრობა უფრო დაძაბული აღმოჩნდა: 187 კილოგრამის შემდეგ დავითაძეს მეორე ცდა (192 კგ) გაუცუდდა. ამიტომ ეს წონა მესამე ცდაზე დაძლია, რამაც ქართველ ათლეტს ამ დისციპლინაში ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი ოქროს მედალი მოუტანა.
აკვრაში ხუთი სპორტსმენი ცდილობდა დავითაძის შედეგის გაუმჯობესებას და მათგან მხოლოდ ამერიკელმა ჯეიმს ჰარისონ მაურუსმა შეძლო ეს - მეორე ცდაზე 194, მესამეზე კი 198 კილოგრამი აკრა და ოქროც მას ერგო. 191 კილოთი მესამე იყო ეგვიპტელი ალი აჰმედი. კაკაბაძე 187 კილოგრამით მე-6 ადგილზე გავიდა. არადა, მესამე ცდაზე 192 კილოგრამი რომ დაეძლია, ორ მედალს გამოჰკრავდა ხელს.
85 კგ
1. რევაზ დავითაძე (საქართველო) 356 (164+192)
2. ალი აჯმედ სეიდ აშოური (ეგვიპტე) 350 (159+191)
3. ჯეიმს ჰარისონ მაურუსი (აშშ) 349 (151+198)
4. ნოდარ კაკაბაძე (საქართველო) 344 (157+187)
უზბეკურ ფიცარნაგზე 14 ივლისს ირაკლი ჩხეიძე (105 კგ) მოსინჯავს ძალებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"