"ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში... მადლობა რომ იმედს არასდროს გვიცრუებ" - ჭინჭარაულის ემოციური წერილი ტალახაძეს

AutoSharing Option
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ლაშას მორიგ ტრიუმფს ემოციური წერილი მიუძღვნა:

"ძნელია... როცა ლაშა ხარ და შენგან ყველა მაქსიმუმს ელოდება.  როცა მაყურებლისთვის მთავარია აწიო, აისროლო წონა ცისკენ და ისინიც მოგაყრიან ოვაციებს, შემდეგ გრძელ რიგში ჩადგებიან, რათა ფოტო გადაიღონ შენთან. გამარჯვებულთან...

დიახ, მარცხი ცუდი რამეა და ყველაზე მეტად იმას სდევს უკან, ვინც წარმატებულია, მაგარია და არა უბრალოდ მაგარი, ყველაზე, ყველაზე მაგარი... ყველაზე ძლიერი!
დიახ შენ, როცა ლაშა ხარ, "გმართებს"!  დღეიდან 6 ჯერ
მეტად, იმიტომ რომ 6 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. დიახ, იზრდება შენი ტიტული და იზრდება მაყურებლის სურვილი... და იმედი?! ყველას რომ გვაქვს და არ გვტოვებს?! ესაა ის რითიც შენ გვაჯილდოვებ ლაშა! ეს არის იმ სურვილის გამაასმაგებელი, რაც მაყურებელს შენგან სურს.

....მთელი წელი ვარჯიში, ოჯახისგან მოწყვეტილი, როცა სამი პატარა გყავს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ნახულობ, ტელეფონია თქვენი ურთიერთობის საზრდო. ნერვები, უძილობა, სტრესი... ტრავმები... ფორმაში დაბრუნება და... ისევ ტრავმა... (ოქტომბის ბოლოს, ხელახლა დაიზიანა ფეხზე კუნთი).

2 თვის მანძილზე ყოველდღიური ფიზიო პროცედურები, ულტრაბგერა, ელექტროსტიმულცია, გაწელვები, მასაჟები, წამლები...

როცა გვეგონა რომ ყველაფერი რიგზე იყო, დაიწყო გულის არითმიები, კლინიკიდან კლინიკაში სიარული, უამრავი კვლევა, ანალიზები, კვლავ უამრავი წამალი...
შემდეგ აუცილებელი "დიეტა", რომელიც მძიმე წონოსან სპორტსმენს დიდ პრობლემებს უქმნის, წონის კარგვა, წინა მსოფლიოზე 180 კგ-ს ვიწონიდით, ახლა 166 კგ-ს.
ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვარჯიში, ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში და ასე... მაგალითი შეუპოვრობისა, გულმოდგინებისა, გუნდის კაპიტნისა!

ბოგოტა... (კოლუმბია) აქ ან არ იციან როგორ უნდა გამოკვებონ სპორტსმენი, ან საორგანიზაციომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არ გაითვალისწინა თუ რა კვება ჭირდებოდა სპორტსმენს...

ფაქტიურად 2 კვირა მშრალ კვებაზე, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სამყოფი... გარეთაც მხოლოდ სწრაფი კვება... ფაქტიურად ნაგავი...

ზღვის დონიდან 2500 მეტრი... უჰაერობა... განსაკუთრებით აკვრის მოძრაობაზე ორმაგად მძიმდება შტანგა... მაგალითისთვის, ამდენი გაფუჭებული წონა ჩემპიონატზე და ამდენი ქულის გარეშე დარჩენილი პროფესიონალი სპორტსმენი მე ჯერ არ მინახავს. აქ, მსგავსი შეჯიბრი არასდროს არ უნდა ჩატარდეს! აი ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა ვინმემ გაგვაკრიტიკოს, შესაძლოა ბევრმა შეგვაქოს, ბევრი მოვა, ფოტოსაც გადაიღებს და მოგილოცავს კიდეც ლაშა! მაგრამ ბევრს არ ეცოდინება თუ ამ 1 კილოგრამით მოგებულ შეჯიბრს რა ფასი აქვს დღეს შენთვის და ჩვენი გუნდისთვის! გილოცავ!

დიდი მადლობა შენ! მადლობა, რომ ხარ და მადლობა, რომ იმედს არასოდეს გვიცრუებ!
მიყვარხარ! გილოცავ საქართველო!" - წერს გიორგი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.



მკითხველის კომენტარები / 14 /
მოკითხვა სენაკიდან. ჩვენი საამაყო სიძე.
0
ყველას, განსაკუთრებით ლაშას და მის ოჯახს ვულოცავ მორიგ ოქროს მედლებს, მსოფლიო ჩემპიონობას! ყოველთვის მეშინოდა და შემინია როცა ქონება უმატებნენ ან ვერ დაეძლია ან დაძლევის შემდეგ რამე არ ეტკინა და დაეზიანებინა. სიმძიმეები მოქმედებს გულზე, ხერხემალზე, თირკმელზე... მირჩევნია ოქრო მოიპოვოს +1 კგ ვიდრე ჯანმრთელობა შეერყას და +30 და ზემოთ კილოგრამით აჯობოს ყველას. ღმერთი ფარავდეს ლაშას და სრულიად საქართველოს!
არჩილ სოხუმელი
09:52 18-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული