ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ბევრი გამორჩეული დღე ვიზეიმეთ ერთად: 2019 წელს კაზაკოვა-რევიას ოქროს მედლები იუნიორთა გრან-პრის ფინალში, ვერცხლი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2020 წელს მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო წარმოდგენილი ყველა სახეობაში, გუნდური ასპარეზობის მონაწილეც კი, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას 2023 წლის იუნიორთა შორის გრან-პრის ფინალის ოქროს მედლები.
და ეს ყველაფერი პირველად ... სპორტულ წყვილებში დღევანდელი ვერცხლის მედლებიც ხომ პირველად. შეგვაჩვიეს ჩვენმა სპორტსმენებმა ერთ დროს ოცნებად ქცეულ ამ წარმატებას. მართალია, დღეს ძალიან ახლოს ვიყავით ოქროს მედლებთან, მაგრამ ესეც ხომ წარმოუდგენელი იყო წლების წინ. ანასტასიასა და ლუკას წინ დიდი მომავალი აქვთ. დღევანდელი ვერცხლის მედლები კი დასაწყისია მათი იმ წარმატებისა, 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისაკენ მიმავალ გზას რომ მიუყვება.
ვულოცავთ საქართველოს ნაკრების სპორტულ წყვილს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, ორი პროგრამის ჯამში 196,14 ქულით თავიანთ სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილსა და ვერცხლის მედლებს!
მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით