U19. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა
ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომრით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

"ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოცდილება მაშინაა კარგი,თუ მის გარეშეც რაღაცას წარმოადგენ.ჩვენი ბიჭები არ ვიცი სად იღებენ სათააშო პრაქტიკას,მაგრამ ისეთი ელემენტარული რაღაცეები არ იციან,მეეჭვება სპეციალურად ამ ტურნირისათვის ხომ არ შეკრიბეს ჯანიანი ბიჭები და დააწყებინეს ვარჯიში.მონდომება არ დაუკლიათ,მაგრამ ცოდნა არ ჰქონდათ და ის ერთი ორი კომბინაციაც რომ გაუშიფრეს მეტოქეებმა,სრულიად უძლურები გახდნენ,დაცვაზე ხომ სალაპარაკოც არაფერია,მეკარე გვყავს მხოლოდ კარგი.თუ ამ ბიჭებს სისტემატური სატურნირო პრაქტიკა ექნებათ,ღირს მუშაობის გაგრძელება,თუ არა და ტყუილად გადაყრილი ფულია.
სოსო
20:53 16-08-2017
0

სიახლეები პოპულარული