ჯერ პლეი-ოფი, მერე სიურპრიზიც - დღეს თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
დღეს, 8 აგვისტოს, 19 წლამდე ხელბურთელთა 24 ქვეყნის ნაკრები გუნდები ჩაებმებიან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში, რომელსაც 21 აგვისტომდე თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიდი ხანია, მონდომებით ემზადება. გუშინ დასახელდა გუნდის 16 წევრი, რომლებიც ჩემპიონატის განმავლობაში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ. ორი ხელბურთელი კი სათადარიგოა. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატით, ტურნირის განმავლობაში 3 ცვლილება შეიძლება, ოღონდ - მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება და ერთი გამოცვლილის უკან დაბრუნება.

ჩვენი 19-წლამდელები შარშან ნოემბრიდან აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში. პირველობის
პერიოდში შესვენებებისას კი ნაკრების მწვრთნელთა ხელმძღვანელობით განაგრძობდნენ ერთად წვრთნას. საერთაშორისო სარბიელზე თამაშის გამოცდილების მისაღებად ქართველი ხელბურთელებისთვის ნაყოფიერი გამოდგა ჩელენჯტროფის ტურნირი, რომელსაც ივნისში ბულგარეთმა უმასპინძლა. მაშინ ჯგუფში ჩვენებმა დიდ ბრიტანეთსა და მალტას აჯობეს, ლუქსემბურგთან კი წააგეს, თუმცა მეოთხედფინალში გავიდნენ, იქ თურქებისგან დასანანი მარცხი იწვნიეს.

საგულისხმოა ერთი ფაქტიც: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორმა წევრმა - გიორგი ცხოვრებაძემ და გიორგი ლაპიაშვილმა - წლეულს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან ერთად შვედეთში ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზა. გუნდის ლიდერ ცხოვრებაძეს ორი ინდივიდუალური პრიზი ერგო: დასახელდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე და 7 მატჩში გატანილი 73 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 54 გოლით მეოთხე იყო ხაზის მოთამაშე ლაპიაშვილი.

- გუნდში საბრძოლო განწყობილებაა, - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ. - დასკვნითი შეკრება თბილისში გავიარეთ. ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად კარგი პირობები შეგვიქმნეს.

ჩვენს ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა, თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს თავი. ასეცაა, მსოფლიოს ჩემპიონატში სუსტი ნაკრები ვერ მოხვდება. ყველა მეტოქეზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს. ბევრ მათგანს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ჩვენზე უკეთესი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ ბრძოლა ყველასთან შეიძლება და საამისოდ ძალასა და ენერგიას არ დავზოგავთ.

ჩემპიონატის წინა დღეებში რუსეთსა და ჩილეს ვეთამაშეთ. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის შესაძლებლობები გვაინტერესებდა, რადგან ოკეანისგაღმელები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენთან ერთად იბრძოლებენ. ჯგუფის ფავორიტად მაინც გერმანია მიგვაჩნია.

სასტარტო შეხვედრა დღეს ალჟირის გუნდთან გვექნება. ბიჭების შემართებით, ერთსულოვნებითა და ქომაგების მხარდაჭერით, ვეცდებით, გავიმარჯვოთ. ამ მატჩის შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული სამომავლოდ. პირველ ტურში წარმატება გუნდში ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს. ჩვენი მიზანია, ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ. მართალია, ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ საკუთარ კედლებში ქომაგების აქტიური მხარდაჭერით შეუძლებელი არაფერია. პლეი-ოფში გასვლის შემდეგ კი სიურპრიზსაც არ გამოვრიცხავთ.

მედლებისთვის მებრძოლნი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია;
B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი;
C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა;
D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

8 აგვისტოს განრიგი:
14:00 ისლანდია-იაპონია; 16:00 გერმანია-ჩილე; 19:00 საქართველო-ალჟირი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
სანდრო ხანდოლიშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ერეკლე არსენაშვილი (ყველა -"ქარიშხალა"), გიორგი ხარაიშვილი, ზეზვა იობაშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, დავით ყორიაული, გიორგი მიქავა (ყველა- "იმედი თელავი"), ხაზეინ რუსტამოვი ("ქუთაისი"), ირაკლი კბილაშვილი (ორივე -"ქუთაისი"), ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, გიორგი ლაპიაშვილი (სამივე - "პეგასი"), გიორგი ტიელიძე ("გორი"), ნიკოლოზ ბაჯალაძე ("ფოთი").
სათადარიგოები: გიორგი ვათიაშვილი ("გორი"), გიორგი დოლმაზაშვილი ("იმედი თელავი")
მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული