U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონი საფრანგეთი, რაინდი ანპილოგოვი

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა 12-დღიანი მარათონი დასრულდა. 20 აგვისტოს მედლების მფლობელთა ვინაობაც გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს მედლები ფრანგებმა მოიპოვეს, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ესპანელები და დანიელები გავიდნენ.

კვირას მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი ორთაბრძოლები გაიმართა. განსაკუთრებით დრამატული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. აქ ხორვატები სამგზის ტრიუმფატორ დანიელებს დაუპირისპირდნენ.

პაექრობა ისე დაიწყო, რომ ბრინჯაოს მფლობელის ვინაობა თითქოს სათუო არ უნდა გამხ
დარიყო: სკანდინავიელები პირველივე წუთზე ორი ბურთით დაწინაურდნენ და 51-ე წუთამდე ხელთ ეპყრათ მატჩის სადავეები. აქ კი წაიფორხილეს - რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და ხორვატები ერთი ბურთით წინ გავიდნენ - 27:26. დრამატული გამოდგა ბოლო წუთი: როცა ანგარიში გახდა 29:29 და მატჩის ბოლომდე 35 წამი რჩებოდა, ხორვატები უტევდნენ. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე მათ მოულოდნელად ბურთი დაკარგეს. დანიელი მათიას გიდსელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 30:29. ბრინჯაოს მედალი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონებს ერგოთ.

ფინალამდე ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის ორდენი, ხოლო ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზს მისი სახელი მიენიჭა.

და აი, მსოფლიოს ჩემპიონატის კულმინაცია - ფინალური მატჩი: საფრანგეთი-ესპანეთი. ფრანგებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე შეხვედრები, ფაქტობრივად, ძალების დაუძაბავად მოიგეს. გუშინდელი პაექრობა კი მათთვის იოლი გასეირნება არ გამოდგა - პირენეელებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. მეტიც, პირველივე წუთებიდან ესპანელები დაწინაურდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონები მე-15 წუთამდე მდევრის როლში იყვნენ. მერე კი გავიდნენ წინ, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც დათმეს ერთი ბურთით - 12:13. შესვენების შემდეგ ფრანგებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 28:25 გაიმარჯვეს, რითაც ტიტული შეინარჩუნეს.

ესპანელებთან მატჩში 13 გოლით ფრანგი კილიან ვილემინო გამოირჩა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2017 წლის 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ლაურეატები ასევე გახდნენ: საუკეთესო მეკარე – მაქსიმ პოპოვი (რუსეთი), მარცხენა კუთხე - ემილ იაკობსენი (დანია), ხაზი - ლუიშ ფრადე (პორტუგალია), მარჯვენა კუთხე - ედუარდ კემპი (საფრანგეთი), მარცხენა მცველი - ემილ ლარკე (დანია), გამთამაშებელი - იან სერანო ტარაფეტა (ესპანეთი), მარჯვენა მცველი - ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ბომბარდირი - ტეიტურ ორნ ეინარსონი (ისლანდია, 66).

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი
19 აგვისტო
V ადგილი
შვედეთი-იაპონია 34:28
პორტუგალია-რუსეთი 26:33

1/2-ფინალი
ხორვატია-ესპანეთი 24:26
საფრანგეთი-დანია 35:27

20 აგვისტო
VII ადგილი
პორტუგალია-იაპონია 34:26

V ადგილი
შვედეთი-რუსეთი 26:25

III ადგილი
დანია-ხორვატია 30:29

ფინალი
საფრანგეთი-ესპანეთი 28:25

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც რაინდია.19 80-იან წლებში "გპი"ში ვსწავლობდი,,ანპილოგოვი მაშინ მოქმედი სპორტსმენი,მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი და ჩემპიონი იყო.ჰო და ჩემს ფაკულტეტზე,კათედრაზე სამუშაოდ დარჩენილი ბიჭი შემოდის და სიცილით ჰყვება თავის ამბავს:მეჩქარებოდა ,სწრაფად მოვდიოდი კორიდორში და შესახვევში პირდაპირ ანპილოგოვს დავეჯახეო,ჩემი ბრალი იყო, მაგრამ რატომღაც ავუყირავდი,ბიჭო თვალები არა გაქვსო?ანპილოგოვმა შემომხედა,ორი ჩემოდენა იყო სიმაღლით,გამიღიმა და მომიბოდიშა,ეტყობა ფიქრებში გავერთე და ვერ დაგინახე,მაპატიე ძმაოო.ერთი რომ შემოერტყა,ღირსიც ვიყავი,მაგრამ კედლიდან ასახვეტი გავხდებოდი და შევეცოდეო.ეტყობა არც იუმორი აკლია ალექსანდრე ანპილოგოვს,მსოფლიოს ყველა დროის ერთერთ საუკეთესო თავდამსხმელს.
სოსო
12:51 12-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული