საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე და აგრძელებს ბრძოლას მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად. ამ წერილში დაწვრილებით განვიხილავთ გზას ევროპის ჩემპიონატისკენ და ყველა იმ ტურნირს, რომელიც ელის ჩვენს ეროვნულ გუნდს 2019-21 წლებში.

ევრო 2022, პირველი შესარჩევი ეტაპი. 11-13 იანვარი, 2019

ეს შეჯიბრება უკვე დასრულდა.

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 6 ქულა - ბულგარეთი 4, ბრიტანეთი 2, ირლანდია 0

B ჯგუფი, მალტაში. კვიპროსი 6 - საქართველო 4, აზერბაიჯანი 2, მალტა 0

ლუქსემბურგი და კვიპროსი გავიდნენ შესარჩევის მეორე ეტაპზე, პლეი-ოფში, ხოლო
2019 წლის 10-16 იანვარს მესამე საგზურისთვის გაიმართება კიდევ ერთი ტურნირი - განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი, ე.წ. ჩელენჯ ტროფი.

განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი, 10-16 ივნისი, 2019

მონაწილეობს 6 ქვეყანა, ვინც ვერ გავიდა პლეი-ოფში პირველი შესარჩევი ეტაპიდან: საქართველო, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ირლანდია. ის ფედერაციები, ვინც არ დარეგისტრირდა პირველი შესარჩევი ეტაპისთვის (ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო). მეორე შანსის ტურნირში, განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში ვერ ითამაშებს.

შეჯიბრების ჩატარების ადგილი და ფორმატი გამოცხადდება. ტურნირის ერთი გამარჯვებული გავა პლეი-ოფში და შეუერთდება კვიპროსსა და ლუქსემბურგს.

ვის შეიძლება შევხვდეთ პლეი-ოფში?

პლეი-ოფი გაიმართება 2020 წლის გაზაფხულზე, აპრილში. პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული დაუწყვილდება ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს.

შესაბამისად, ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამოვლინდება ჩვენი პოტენციური მეტოქე ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში და ასევე - 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ევრო 2020, მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი

მონაწილეობს 8 ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი. უკვე ნათამაშებია 2 ტური. მე-3-მე-4 ტური გაიმართება 2019 წლის აპრილში, მე-5-მე-6 ტურები - ივნისში. 2 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1 ჯგუფი: გერმანია 4 ქულა, პოლონეთი 2, ისრაელი 2, კოსოვო 0

2 ჯგუფი: ხორვატია 4, შვეიცარია 2, ბელგია 1, სერბეთი 1

3 ჯგუფი: ისლანდია 4, მაკედონია 2, საბერძნეთი 2, თურქეთი 0

4 ჯგუფი: სლოვენია 4, ჰოლანდია 2, ლატვია 2, ესტონეთი 0

5 ჯგუფი: ჩეხეთი 4, ბელორუსი 2, ბოსნია 2, ფინეთი 0

6 ჯგუფი: საფრანგეთი 4, პორტუგალია 4, ლიტვა 0, რუმინეთი 0

7 ჯგუფი: უნგრეთი 4, რუსეთი 4, სლოვაკეთი 0, იტალია 0

8 ჯგუფი: დანია 4, უკრაინა 2, მონტენეგრო 1, ფარერები 1

ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს ევრო 2020-ის 20 საგზურს (ევრო 2020-ზე შერჩევის გარეშე თამაშობენ ევროპის ჩემპიონი ესპანეთი და მასპინძლები - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია).

დანარჩენი 12 გუნდი 2019 წლის შემოდგომაზე ჩაერთვება 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა დანარჩენ ქვეყანასთან (მათ შორის, საქართველოსთან ერთად).

ხოლო მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის 3 უარესი შედეგის მქონე გუნდი ითამაშებს ე.წ. გასავარდნ რაუნდში, პლეი-ოფში.

ევრო 2022. პლეი-ოფი. აპრილი, 2020

თამაშობენ პირველი შესარჩევი რაუნდის 2 გამარჯვებული (ლუქსემბურგი და კვიპროსი) და განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონი. ეს 3 გუნდი წილისყრის შემდეგ დაუწყვილდება ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში 3 უარესი შედეგის მქონე გუნდს და ითამაშებს შინ-სტუმრად ფორმატით.

3 წყვილის გამარჯვებული მიიღებს ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლებას. 3 წაგებული ევრო 2024-ის კვალიფიკაციას დაიწყებს პირველი ეტაპიდან.

პლეი-ოფის წილისყრა გაიმართება ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდისა და განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატის დასრულების შემდეგ (ივნისი, 2019).

ევრო 2022. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი. ოქტომბერი 2020 - აპრილი 2021

მონაწილეობს 32 ქვეყანა, მათ შორის - პლეი-ოფის 3 გამარჯვებული. პირდაპირ ფინალურ ეტაპზე დაშვებულები არიან მასპინძლები - სლოვაკეთი და უნგრეთი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ვერცხლისპრიზიორი. 32 გუნდი დაიყოფა 8 ჯგუფად და გაითამაშებს 20 საგზურს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

სათამაშო დრო: 1-2 ტური 2020 წლის ოქტომბერში, 3-4 ტური 2021 წლის მარტში, 5-6 ტური 2021 წლის აპრილში.

ევრო 2022. 14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24 გუნდი.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები 2019 წლის ოქტომბერში ჩაებმება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, რამდენი გუნდი დაემატება თითო კონფედერაციას. სავარაუდოდ, ევროპა მიიღებს 2 ან 3 დამატებით ადგილს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. პირველი შესარჩევი რაუნდი, ევროპა

მონაწილეობს 12 გუნდი, ვინც მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ვერ გავა ევრო 2020-ზე. ამ 12 გუნდს დაემატება ქვეყნები, ვინც არ მონაწილეობდა ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, მათ შორის, საქართველო. სავარაუდოდ, შეიქმნება 4 ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულები გავლენ პლეი-ოფში.

1-2 ტური: 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 3-6 ტური: 2020 წლის იანვარი. წილისყრა გაიმართება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულების შემდეგ (ივნისი, 2019)

მეორე შესარჩევი რაუნდი, პლეი-ოფი. ევროპა. ივნისი, 2020

მონაწილეობენ პირველი ეტაპის გამარჯვებულები და ყველა ის ქვეყანა, ვინც პირდაპირ საგზურს ევრო 2020-ზე ვერ მოიპოვებს. ეს გუნდები წილისყრის შემდეგ დაწყვილდებიან და შინ-სტუმრად ფორმატით გამოავლენენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს.

წილისყრა გაიმართება ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ (იანვარი, 2020)

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ეგვიპტე. იანვარი, 2021

მონაწილეობს 32 ქვეყანა.

მომზადებულია Geohandball.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული