სხვა

კრივი

"მხოლოდ ერთი მეფე იქნება" - კრივის სამყარო საუკუნის ბრძოლას მოთმინებით ელოდება

AutoSharing Option
WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში დიონტეი უაილდერი აცხადებს, რომ მასსა და ენტონი ჯოშუას შორის ბრძოლა აუცილებლად შედგება.

"დამიჯერეთ, ეს ბრძოლა შედგება, - თქვა ვაილდერმა. - მალე მოვა დღე, როცა მხოლოდ ერთი ჩემპიონი იქნება. სუპერმძიმე დივიზიონი მე მეკუთვნის და ეს დიდი ხანია გავაანალიზე, თუმცა მიღწეულით კმაყოფილი არ ვარ".

დღევანდელი მონაცემებით, სუპერმძიმე წონის 4 დივიზიონიდან 3 ქამარს ( WBO, IBF, WBA) ენტონი ჯოშუა ფლობს. დიონტეი ვაილდერი ჩემპიონი მხოლოდ WBC დივიზიონშია.

"მე ყველა ქამარი მინდა. დაუმარცხებელი ჩემპიონი მინდა ვიყო. მინდა, მოვიდეს დღე,
როცა მხოლოდ ერთი მეფე იქნება და ამ მეფეს დიონტეი ვაილდერი ერქმევა" - ამბობს ამერიკელი.

33 წლის უაილდერი, რომელსაც 40 ბრძოლიდან 39 აქვს მოგებული, შემდეგ ბრძოლას ტიტულის შესანარჩუნებლად თანამემამულე დომინიკ ბრაიზილთან გამართავს. ბრაიზილი კარიერის 21 ბრძოლიდან ერთადერთხელ 2016 წლის ივნისში, ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა (მე-7 რაუნდში).

ბრიტანელ ჯოშუას, თავის მხრივ, კარიერაში ბრძოლა არ წაუგია, 22 დან 22-ვე გამარჯვება (21 ნოკაუტით). ჯოშუას შემდეგი ბრძოლა პირველ ივნისს ჯარელ მილერთან უნდა ჰქონოდა, თუმცა მილერს აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებით ამტყდარი სკანდალის გამო ლიცენზია შეუჩერეს და ჯერაც არ არის გარკვეული, შედგება თუ არა აღნიშნული დაპირისპირება.

თუმცა, თუ მილერმა ვერ მოახერხა ბრძოლა, ჯოშუას წინ დიდი რიგი დაუდგება. ბრიტანელთან ბრძოლა დილიან უაითს, ჯო ჯოისს, მანუელ შარს და ადამ კოვნაცკის სურთ.

უაილდერი კი, გამორჩეულად უდგება ჯოშუასთან ბრძოლას:

"ჯოშუასთან ბრძოლა ყველაზე განსაკუთრებულია. მე ვებრძოლე და მივაყენე ტკივილი ყველა მოკრივეს, რომელიც ჩემ წინააღმდეგ რინგზე დადგა და კითხვები პასუხის გაცემას ისევ ითხოვს", - ამბობს დიონტეი.

"ბერმეინ სტაივერნი, ალეკსანდრ პოვეტკინი, ლუის ორტიზი და ტაისონ ფიური. მე დავამტკიცე, რომ ყველა შესაბამის მოწინააღმდეგეს შევებრძოლები სუპერმძიმე წონაში. ტაისონ ფიურის ჩემთან ბრძოლა აღარ უნდა, არ უნდა, კიდევ შეიგრძნოს ჩემი ძალა" - თქვა ამერიკელმა ჩემპიონმა.

ნუ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ ერთი, უაილდერმა ტაისონ ფიურის ვერ მოუგო და მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლა ფრედ დამთავრდა. იგივე ორტიზთან ბრძოლისას კი, ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა მე-8 რაუნდში გონგმა სულზე მოუსწრო, თორემ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, კუბელის მუშტებისთვის კიდევ გაეძლო.

პოვტეტკინი და სტაივერნი კი ჯობდა, საერთოდ არ ეხსენებინა, როცა ჯოშუასთან ბრძოლაზე საუბრობდა. ეს იგივეა, "ბარსელონამ" "ლივერპულთან" თამაშის წინ განაცხადოს, "უესკას" ხომ მოვუგეთო.

თუმცა ფაქტია, რომ დეონტარ უაილდერი ძალიან ძლიერი მოკრივეა, თანამედროვე კრივის უძლიერესი "პანჩერი" არის. ენტონი ჯოშუასაც არ აკლია ძალა, თუმცა გაცილებით უფრო ტექნიკურია, ვიდრე ამერიკელი. კრივის სამყარო მათ ბრძოლას დიდი ხანია მოუთმენლად ელის.

იქამდე კი, დიონტეი უაილდერი 18 მაისს, ზემოხსენებულ დომინიკ ბრაიზილს დაუპირისპირდება, ხოლო ენტონი ჯოშუა - ჯარელ მილერს ან სხვა ვინმეს. მაგრამ, თუ უაილდერს ვენდობით, კრივის გულშემატკივარი უაილდერი-ჯოშუას ბრძოლის ნახვასაც მალე შეძლებს.

მომზადებულია skysport-ის მიხედვით