დღეს დილით "მედისონ სქვეარ გარდენში" გაიმართა ბრძოლა ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისს შორის. მოგეხსენებათ, ენტო ჯოშუა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 4 დან 3 ქამარს ფლობდა და აქამდე რინგზე არასდროს დამარცხებულა. ენდი რუისი, კი მხოლოდ იმიტომ გახდა ჯოშუას მოწინააღმდეგე, რომ ჯარელ მილერს ბრძოლა აუკრძალეს, ხოლო ჯოშუას პრომოუტერმა ჰირნმა სხვა ვერავინ იპოვა.
ეს ჯოშუას პირველი ბრძოლა იყო აშშ-ში და ნიუ იორკში 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. ენდი რუისმა მე-7 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ენტონი ჯოშუა და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე კატეგორიაში. 2 ივნისის
დილიდან WBA, IBF, WBO ასოციაციებს ახალი ჩემპიონი ჰყავთ, 29 წლის ენდი რუის ჯუნიორი.
უშუალოდ ბრძოლას რაც შეეხება, პირველი ორი რაუნდი მშვიდ ტემპში მიმდინარეობდა. მესამე რაუნდში რინგზე ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდა. ორივე მებრძოლი ნოკდაუნში აღმოჩნდა. მომდევნო რაუნდებში ჯოშუას უპირატესობა იზრდებოდა, თუმცა მე-7 რაუნდში რუისმა ორჯერ ჩააგდო ნოკდაუნში ჯოშუა და მეორე შემთხვევის შემდეგ მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებული რუისი გახდა.
ამერიკის მოქალაქემ და წარმოშობით მექსიკელმა რუისმა ასახელა კრივის მექსიკური სკოლა და კიდევ ერთი სახელი ჩაწერა ისტორიაში. თვითონ, გამარჯვებულმა მოკრივემ განაცხადა, რომ ეს ახდენილი ოცნება იყო. ყოველთვის მშვიდმა და გაწონასწორებულმა ჯოშუამ იქვე, ბრაზიანი სახის გარეშე ვაჟკაცურად მიულოცა რუისს გამარჯვება და აღნიშნა, რომ მისი დღე არ იყო.
მსოფლიო კრივის სამყაროში ყველა გააკვირვა ამ შედეგმა. თავად რუისი ყველაზე გაკვირვებული ჩანდა. ლეგენდარულმა მოკრივე ლენოქს ლუისმა მოკლედ განაცხადა - "არც კი ვიცი რა ვთქვა."
აღსანიშნავია, რომ მოკრივეები უკვე რინგზევე შეთანხმდნენ შემდეგი ბრძოლის გამართვაზე. განმეორებითი დაპირისპირება ბრიტანეთში შედგება, დიდი ალბათობით, ამავე წელს.