ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ჰმ, და სხვა ქვენის სახელიტ რომ გამოვიდეს იტყვიან მერე მოღალატეაო! წადი შვილი ტავს მიხედე
0
წადი სანამ დროაშენს გვერდით ვიქნებით, გული არ გაიტეხო,გიკვირს ასეთი ამბები აქ?
ზაზა.
14:12 09-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული