"სილვესტერ სტალონე უნდა ჩამოსულიყო ოთხი დღით... მაგას დაემთხვა გავრილოვის ღამე“ - სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

AutoSharing Option
"TV პირველზე" გადაცემა "რეაქციის" სტუმარი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი გახლდათ, რომელმაც საინტერესო ამბები გაიხსენა:

"ალბათ, ახლა მაყურებელი გვიყურებს და ფიქრობს, არჩევნებია და ჯაჭვლიანი რატომ ლაპარაკობს ახლა ამ თემებზეო... ეს ხდება იმიტომ, რომ იძულებული გავხდი, გამოვსულიყავი და ამ თემაზე მელაპარაკა.

17 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და 26 სექტემბერს, 1 კვირის წინ, საქართველოში მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა დამთავრებულიყო, რომელიც არ შედგა.

ეს იყო უზარმაზარი პროექტი... უნდა ჩამოსულიყო 80-მდე ქვეყანა, ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე თომას ბახი, ასევე - პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენი ქვეყნის 2:30-საათიანი
რეკლამა უნდა გასულიყო "ევროსპორტზე" და ოლიმპიურ არხზე. ეს იქნებოდა ტურისტული და ცნობადობის გაზრდის მხრივ ძალიან მაგარი რაღაც...

უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ შეჯიბრება უნდა გაეხსნა სილვესტერ სტალონეს და ის საქართველოში 4 დღით ჩამოსულიყო.

2019 წელს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, 2020 წელს საქართველოში ჩატარებული ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატი.

მთავრობამ მოვიწვიეთ მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ჩამოვიყვანეთ საქართველოში და პრემიერთან და მინისტრებთან შეხვედრა შედგა.

შედგა მოლაპარაკება... მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ საერთოდ ჩემპიონატი ტარდება ოქტომბერ-ნოემბერში, ბახტაძის თხოვნა კი იყო, რომ 2020 წელს არჩევნებია და არჩევნებამდე ჩატარებულიყო ეს ჩემპიონატი.

დავდეთ კონტრაქტი და შევუდექით სამუშაოს, მაგრამ ეს, იცით, რატომ არ გახმოვანდა მაშინვე?! - დაემთხვა გავრილოვის ღამე. გადაიფარებოდა ყველაფერი და სატელევიზიო რეკლამა არ გაგვიკეთებია.

მოგეხსენებათ, შემდეგ რა მოხდა... 2020 წელს ოლიმპიადა გადაიდო, პანდემია და ა.შ... რის გამოც საქართველოში გასამართი ჩემპიონატი გადაიდო 2021 წლისთვის.

მკლავჭიდის ფედერაციაში იყო არეულ-დარეულობა... 4 ადამიანი იყო, ვინც მანდ ყველაფერს ურევდა. მათი გვარების ხსენებაც არ მინდა, რადგან ეს მათთვის რეკლამა იქნება.

მათი მიზანი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ უნდა ჩატარებულიყო... ამას აქვს როგორი ისტორია... გადავიდეთ 2012 წელში...

2012 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, ვიყავი სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

როდესაც დეპუტატი გავხდი, ეს თანამდებობა დავტოვე. 2013 წელია ჩემთან მოდის მაგრად აღშფოთებული 10-20 ადამიანი და მეუბნებიან, ეს ვინ დანიშნეთ სტუდიაში დირექტორადო, რაზეც ვუთხარი, რომ საქმის კურსში არ ვიყავი.

მითხრეს, სტუდიის დირექტორად კალაძის ცოლის მამიდა მაია არეშიძე დაინიშნაო... ამდენი წარმატებული და ცნობილი რეჟისორია ქართულ ფილმში და რატომ დანიშნეთ ეს ადამიანიო...

მაშინ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამის შესახებ ვესაუბრე და მან მკითხა, შენ რა, საქმის კურსში არ ხარო?! - რაზეც ვუთხარი, რომ არაფერი არ ვიცოდი...

მოხდა ისე, რომ 10 საათზე დანიშნული მაია არეშიძე 16:00 საათზე მოხსნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამის მერე, 2013/14-წლებში, როდესაც ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე იყო, პარლამენტთან იწყება მიტინგები, რათა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადავმდგარიყავი...

გავიგე, რომ ამ საქმეში ერია არეშიძე. დავურეკე მას და მან მითხრა, რომ ამ ხალხთან არანაირი შეხება მე არ მაქვსო.

მერე ხომ გამოჩნდა, შარშან "ფორმულამ" გააკეთა სიუჟეტი და მან აღიარა, რომ ამ ბიჭების მეგობარი ვარო.

მოკლედ, მე უნდა გადავეყენებინე ფედერაციის პრეზიდენტობიდან და ეს პოსტი ამ ხალხისთვის გადაებარებინათ.

ხდება ამ ბიჭების პერმანენტული აქტიურობა და აქედან მოყოლებული, ჯვარს მაცვეს...

2020 წელს ეს ბიჭები უკვე ჩემთან ფედერაციაში დანიშნულები იყვნენ მწვრთნელებად... ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ თუ სპორტსმენს შესაბამისი განათლება და ცოდნა არ აქვს, მას არ შეუძლია იმუშაოს ამ თანამდებობაზე.

მე მათ მივეცი გონივრული ვადა, მაგრამ მათ არც სერტიფიკატი აუღიათ და არც არაფერი, რის გამოც იძულებული გავხდი, ისინი გამეთავისუფლებინა.

ისინი ამ ხნის განმავლობაში სულ გამოსვლებს აწყობდნენ, ყრილობებს არ გვატარებინებდნენ და სულ ამ რეჟიმში ვიყავით...

2020 წელს იძულებული გავხდი, კახისთან დამერეკა, მას შემდეგ, რაც ამ ბიჭების შესახებ ზემოთ აღნიშნული სიუჟეტი გავიდა...

2 თვის განმავლობაში მას ვერ შევხვდი... ვწერდი და მეუბნებოდა, რომ დღეს-ხვალ შემხვდებოდა... ყველანაირი ლოგიკით ჩემი ფიქრი წავიდა იმისკენ, რომ კახი კალაძე საქმის კურსშია.

2020 წელს ბიძინა ივანიშვილმაც კი დაურეკა კახი კალაძეს და სთხოვა, სოსო ჯაჭვლიანს შეხვდიო. ივანიშვილი უფრო ადვილად მისაღწევი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე კალაძე.

კალაძემ უთხრა, შევხვდებიო, მაგრამ ამ დროს, იცი, რა ხდება?! - ხვდებიან ვიღაცები ჩემს მეუღლეს და ეუბნებიან, ბოლო-ბოლო, დაანებოს ამ შენმა ქმარმა ამ მკლავჭიდს თავიო...

მანამდე, სანამ კალაძესთან კავშირზე გავიდოდი და შეხვედრას მოვითხოვდი, ერთი ცნობილი ადამიანია, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ, იმის პირით გიორგი არეშიძემ შემომითვალა, რომ წავიდეს ფედერაციიდან, თორემ ტელევიზიებით გავაშავებთო და მართლაც ასე მოხდა...

ვატარებდი გამგეობის სხდომას. ზემოთ ნახსენებმა ბიჭებმა ატეხეს წივილ-კივილი და ერთი ამბავი... საღამოს კი ტელევიზიით მხოლოდ ისინი აჩვენეს და ჩემი ინტერვიუ არავის არ მოუსმენია.

დავრეკე ტელევიზიაში და ვიკითხე, რატომ მოხდა ასე-მეთქი? - მიპასუხეს, რომ ფორმატია ასეთიო... ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდოდა სწორედ შეხვედრა კახი კალაძესთან.

ამ ყველაფერზე არ ვისაუბრებდი, 2014 წლიდან მიდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენი ოჯახის წევრს ხვდებიან, აქ უკვე არც ქოცი ვარ, არც ნაცი ვარ, არც მემარჯვენე და არც მემარცხენე... მინდოდა, რომ მაყურებელთან ჩემი სიმართლე მიმეტანა", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მაინც ვერ გავიგე ვის რაში აწყობდა ამ პროექტის ჩაშლა,კი ილაპარაკეს ამან ასე ქნა იმან ისეო მაგრამ რატო უნდოდათ რატო ეს გავაგებინოთ ეს, თორე ქართველები რო ერთმანეთის ჭამაში მაგრები ვართ ეს ყველამ კარგად იცის მსოფლიოშიც და აქაც.
ალიკა
09 ოქტომბერი 2021 08:38
0
იბიარდის მერე არ მიკვირს, მაგრამ მაინც . . . შენს წინააღმდეგ რომ საუბრობ ვერ ატყობ? ბიჭები გიბუნტდებოდნენ ფედერაციაში და გაიგე რომ მათი მეგობარი იყო კალაძის ცოლისძმა და ეგრევე გაიქეცი კალაძესთან (მერე ივანიშვილთან) - რომ ზეწოლით მოგეგვარებინა. ანუ კალაძე რომ არ ჩაერია ფედერაციის საქმეში მაგაზე ხარ ნაწყენი?
???
08 ოქტომბერი 2021 16:00
22
შენისთანა ჭკვიანები რომ არიან მთავრობაში იმიტომ ვართ კარგ დღეში!!!
Ng
09 ოქტომბერი 2021 13:29
0
ეჰ, სტალონე და ჩაკ ნორისი კი არა, ისე მიდის საქმე ბევრი-ბევრი მოშე კლუგჰაფტი თუ შემოგვივლის ხოლმე ხანდახან, ასე სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ ))
chito
08 ოქტომბერი 2021 15:58
3
"სილვესტერ სტალონე უნდა ჩამოსულიყო 4 დღით" - მოვლენის გრანდიოზულობის ხაზგასასმელად ამას რომ იტყვის რაზე არის ლაპარაკი. 75 წლის სტალონეს ჩამოსვლა ვის რაში ჭირდება და საერთოდ რა მიღწევა აქვს მკლავჭიდში? ფილმში "კეპკას" რომ იტრიალებს ... 80-იან წლებშია ტიპი ჩარჩენილი. სოსო ის გაიხსენე საერთოდ როგორ მოხვდი სადაც მოხვდი, ხან ბურჯანაძესთან იყავი, მერე ბიძინამ დაგსვა პარლამენტში, მკლავჭიდის ფედერაციაში და ახლა მოგაკლდა პრივილეგიები? ასეთი ხალხი მაღიზიანებს, რომ ავიწყდებათ სხვისი დამსახურებით დაუმსახურებლად რომ ხვდებიან "ზემოთ" და ვადა რომ გაუვათ უკვე იმათ ლანძღვას იწყებენ ვინც ამოწია თავის დროზე. არადა სამწუხაროდ ნახევარი საზოგადოების მეტ-ნაკლებად ასეთია. პ.ს. საქართველოში გრანდიოზული საფეხბურთო ტურნირი უნდა ჩატარებულიყო, 4 დღით უნდა ჩამოსულიყო ფილმში "გოლი" მთავარი როლის შემსრულებელი :)))
???
08 ოქტომბერი 2021 15:49
11
კიდევ კარგი პირადად გიცნობ და ეს შენი ტყულიები კარგად იცის ხალხმა, შენც ერთი მეგობარი გყავს მხოლოდ, ფული! კალაძეც არაა დიდად საამაყო პიროვნება იმიტომ გადაეკიდეთ ერთმანეთს. ორივე ღირსები ხართ ხალხმა კინწისკვრით გაგყაროთ, სტალონე არა ჩაკ ნორისი რა ზღაპრებს ყვები, არავის მსოფლიოში მკლავჭიდი არ აინტერესებს. ეს შენაა რომ ფულის საჭრელ დაზგად იყენებ.
Semi
08 ოქტომბერი 2021 15:43
9
რა ვიცი. ეს ბოროტი ოპოზიციური არხებიო, მანდ მომუშავე ჟურნალისტებს სინდის-ნამუსი არა აქვთო, მხარე არიანო, ინტერვიუს არ მივცემთო, ესაო, ისაო...
რაო სოსო ? სანამ მყარად იდექი, ხომ იგივეს აწვებოდი შენც ? ეხლა გაგიჩნდა ბზარი და დარბიხარ პირველიდან მთავარში, მთავარიდან ფორმულაზე ))
შენც გეხება ეს და გახარიასაც. და კიდევ ბევრს შეეხება მომავალში, ისე ვატყობ.
korben dallas
08 ოქტომბერი 2021 15:22
3
რატომ ბრაზობ სოსო?
ვაჟა ზაზაევიჩი
08 ოქტომბერი 2021 13:34
0
ასეა ბატონო სოსო, სანამ პირადად არ შეგეხებათ პრობლემა ზიხართ თბილად და ყველაფერი კარგადააო გვიმტკიცებთ. არც თქვენ და არც ის მეორე მხარე ქვეყნის ამშენებლები რომ არ ხართ, აგერ უკვე ცხრა წელია ვხედავთ. დღესაც გვიმტკიცებს მთავრობა, რომ აღმავლობის გზას ვადგავართ, რომ დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომ ყველაზე სტაბილური პერიოდი გვიდგას ერთი ღმერთკაცის დამსახურებით და ა.შ. თქვენც იგივე აზრზე იქნებოდით ეს ამბები რომ არ დაგმართნოდათ. და სხვას რომ ეთქვა ასე დამემართაო იტყოდით ტყულია, ნაცებს შეეკრაო, პროვოკაციას გვიწყობენ ჩვენს გუნდსო და ა.შ. ამიტომ, თუ მსახიობი, სპორტსმენი ან რეჟისორი ხარ შენი საქმე უნდა აკეთო და არ იპოლიტიკოსო. პოლიტიკოსს სხვა ინტელექტი და გამოცდილება სჭირდება, სულ ცოტა, იბიარდი მაინც უნდა იცოდე რა არის და კითხვა მაინც შეგეძლოს მშობლიურ ენაზე.
არ დამიწყოთ ნაცი ხარო!
08 ოქტომბერი 2021 13:18
7
სოსო ჯაჭვლიანი მთავარს არ ამბობს. მან მიითვისა 2020 წელს გამოყოფილი თანხები, აგრეთვე სპორტსმენების პრემიების თითქმის 50%. წელს მსოფლიო ჩემპიონატისათვის თანხმობა სახელმწიფო სტრუქტურებს აღარ მიუციათ. მიუხედავად ამისა, ის ჯიუტად ითხოვდა დამატებით დაფინანსებას. არც მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციას შეატყობინა, რომ ტურნირს ვერ ჩაატარებდა. შესაბამისად, ყველაფერზე მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი.
მერაბი
08 ოქტომბერი 2021 12:59
5
ფუჰ შენი
08 ოქტომბერი 2021 12:25
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული