სპორტი და ცნობილი ადამიანები - აკაკი წერეთელი

AutoSharing Option
ვინც ახლოს იცნობდა აკაკი წერეთელს, ყველამ იცოდა, როგორ უყვარდა მას ჭადრაკი. ამიტომ, სადაც კი მისი წრის ჭადრაკის ქომაგები შეიკრიბებოდნენ, დიდ მგოსანსაც სთხოვდნენ შეხვედრებში მონაწილეობას. აკაკი სიამოვნებით იღებდა მიწვევას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება გიორგი წერეთლის სადარბაზო ბარათი, რომელიც მას პოეტისთვის გაუგზავნია. ბარათში ვკითხულობთ: "ძვირფასო ძმაო აკაკი! დღეს ვთხოვე მოჭადრაკეებს მთელი დღით ჩემთან ყოფნა. გთხოვთ, როგორც მოჭადრაკეს, მიიღოთ მონაწილეობა და მობრძანდეთ და ვისადილოთ ერთად. გელით სულითა და გულით ორი საათისთვის". სამწუხაროდ, ბარათი დათარიღებული არ არის.

თბილისში აკაკი
წერეთელს ბევრი მეგობარი ოჯახი ჰყავდა, სადაც მის გამოჩენას სიხარულით ხვდებოდნენ.

უფრო ხშირად იგი ვანო მაჩაბლის სტუმარი იყო. მასპინძელი მუდამ გულითადად ხვდებოდა მას. ვანო მაჩაბლის ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს მეგობრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნიკო ხიზანიშვილი და სხვები. ისინი საუბრობდნენ პოლიტიკასა და ლიტერატურაზე, თეატრსა და ქართული ბანკის საქმეებზე, კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს, მართავდნენ მძაფრ საჭადრაკო ორთაბრძოლებსაც. აკაკი წერეთელი ხალისით მონაწილეობდა ამ შეხვედრებში.

დიდ პოეტს უყვარდა სტუმრობა ცნობილი ჟურნალისტის, დავით მიქელაძის ოჯახშიც, სადაც ყოველთვის სითბოსა და ყურადღებას გრძნობდა.

დავით მიქელაძე XIX საუკუნის მეორე ნახევრის აქტიური საზოგადო მოღვაწე და ბრწყინვალე ჟურნალისტი იყო. საზოგადოებრიობა მას "მეველეს" ფსევდონიმით იცნობდა. იგი ჯერ "დროების", მერე კი "ივერიის" თანამშრომელი იყო.

დავით მიქელაძის სტუმართმოყვარე ოჯახში ყველას მიუხაროდა. აქ მუდამ დიდი მოწიწებით ხვდებოდნენ ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ფილიმონ ქორიძეს და სხვებს... ზოგჯერ საინტერესო საუბარს საჭადრაკო პაექრობაც მოჰყვებოდა ხოლმე.

სტუმრების საერთო სიყვარულით სარგებლობდა დავით მიქელაძის ვაჟი - პატარა ივერი. სწორედ ამ ბიჭუნას უძღვნა აკაკი წერეთელმა ცნობილი ლექსი:

ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა,
მას მიეპარა ივერი
დაიჭირა და იამა.

შემდეგ "ივერი" "ყმაწვილით" შეიცვალა.

ერთხელ აკაკისა და პატარა ივერის ჭადრაკიც უთამაშიათ.

- მამას ძალიან უყვარდა ჭადრაკი, - გაიხსენა დავით მიქელაძის ქალიშვილმა ნინომ. - ხშირად ეპაექრებოდა სტუმრებს. ერთხელ აკაკი წერეთელს მოუგო. მგოსანმა სათამაშოდ ექვსი წლის ივერი გამოიწვია, მაგრამ მასთანაც წააგო. მაშინ აკაკიმ ჩვეული იუმორით თქვა: მამამ მომიგო, ძემ მომიგო, სულიწმინდაღა დარჩაო.

აკაკი წერეთელთან პატარა ივერის წარმატების ამბავი სწრაფად გავრცელდა ოჯახის მეგობრებში. ერთხელ დავით მიქელაძეს ტყიბულში (იგი ქვანახშირის დამამუშავებელი ამხანაგობის, "ნახშირის" წევრი იყო) ესტუმრა ცნობილი მხატვარი, ნიკო ნიკოლაძის ცოლისძმა დავით გურამიშვილი. ნასადილევს სტუმარმა ივერის შესთავაზა, ჭადრაკი ვითამაშოთო. ბიჭუნამ ამჯერადაც იყოჩაღა. ბავშვის თამაშით აღფრთოვანებულმა სტუმარმა მასთან სამახსოვრო ფოტოსურათი გადაიღო.
- ივერი ჭადრაკს შემდეგაც თამაშობდა, თუმცა სერიოზულად მისთვის ხელი არასოდეს მოუკიდია, - გვითხრა ქალბატონმა ნინომ. - გიმნაზიაში სწავლის დროს იგი ამხანაგებს ერთდროული თამაშის სეანსებს უტარებდა, დაფაზე დაუხედავად. ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსის მოსმენის შემდეგ ივერი ვექილობდა. გარდაიცვალა 1930 წელს.

აკაკი წერეთელს სიამოვნებდა ნიკო ნიკოლაძესთან სტუმრობა, თბილისში იქნებოდა ეს თუ დიდ ჯიხაიშში, გამოჩენილი პუბლიცისტის მამისეულ კარზე.

- დიდ ჯიხაიშში რომ ავიდოდით, მამა მაშინვე ეტლს გაუგზავნიდა ქუთაისში აკაკის სტუდენტობისდროინდელი მეგობრის, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის, კირილე ლორთქიფანიძის ჩამოსაყვანად, - იგონებდა ნიკო ნიკოლაძის ასული, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე. - ეზოში, ხის ძირას, მოლზე გაშლიდნენ ჭილოფს, დაეყრდნობოდნენ მუთაქებს და ერთობოდნენ ჭადრაკის თამაშით, საჭირბოროტო საკითხებზე საუბრით. ზოგჯერ ნარდსაც გაიხსენებდნენ. მაგრამ მამას არ უყვარდა ფულზე ნარდის თამაში, ამიტომ მათ მეტწილად ჭადრაკის დაფასთან ვხედავდი. როგორც მახსოვს, ხან ერთი იგებდა, ხან მეორე. ალბათ, დაახლოებით თანაბარი ძალით თამაშობდნენ. მათი შეჯიბრება თითქმის სადილობამდე გრძელდებოდა.

აკაკი წერეთელი უნახავთ ჭადრაკის დაფასთან თბილისის ქართულ კლუბში (იქ, სადაც შემდეგ თბილისის მეორე უნივერმაღი იყო), სადაც საღამოობით ჭადრაკის თამაშით ერთობოდა მაშინდელი მოწინავე ინტელიგენცია.

პოეტს ბევრი მეგობარ-ნათესავი ჰყავდა ქუთაისში. იგი არავის ივიწყებდა და ჩასვლისას თითქმის ყველას აუცილებლად მოინახულებდა. მისი ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ ცნობილი ჟურნალისტი კოტე ბაქრაძე. მასთან ხშირად იყრიდნენ თავს იმდროინდელი მოწინავე ადამიანები - მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწენი. ისინი ზოგჯერ საჭადრაკო პაექრობით ერთობოდნენ, მით უმეტეს მაშინ, როცა სტუმრებს შორის იყვნენ გატაცებული მოჭადრაკეები - გამოჩენილი მსახიობი კოტე მესხი, კირილე ლორთქიფანიძე და სხვები.

აკაკი ხშირად იყო კოტე ბაქრაძის სალონში. მემატიანემ შემოგვინახა ფოტოსურათი, რომელიც ქუთაისში დიდი პოეტის ერთ-ერთი ჩასვლის აღსანიშნავად გადაუღიათ კოტე ბაქრაძის ოჯახში. აკაკი ზის გაშლილ ჭადრაკთან და, როგორც ჩანს, მასპინძელს ეპაექრება.

ჭადრაკის სიყვარული აკაკის მშობლების ოჯახიდან გამოჰყვა. მამამისს, როსტომ წერეთელს ნაცნობ-მეგობრებში კარგი მოჭადრაკის სახელი ჰქონდა დავარდნილი. მისი დამარცხება ბევრს არ შეეძლო.

თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "ჩემი თავგადასავალი" აკაკიმ აღწერა როსტომ წერეთლის ერთი საჭადრაკო პაექრობა. აი, ისიც:

"მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა. განსაკუთრებით, გენერლის შტაბის ოფიცრები იყვნენ მონდომებული, რომ როგორმე მოეგოთ, მაგრამ ვერას აწყობდნენ. ერთხელ გენერალ-გუბერნატორს, გ. ერისთავს შემოუთვლია ტფილისიდან: - "ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი გვეწვია, შენთან თამაში სურს და, თუ დრო გაქვს, მოდი, ჩემთან არისო. აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველებსო". მამაჩემიც წავიდა და გაიმართა თამაშობა.

პოლკოვნიკმა დაინახა, რომ მოპირდაპირე ახირებულად ეთამაშებოდა და ჰკითხა: თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო. კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო?

- თეორია რა არის? - ეკითხება მამაჩემი.
- სხვადასხვა სათამაშო კანონი.
- ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით რა: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო.
- ეს მართალია, მაგრამ უთეორიოდ არ შეიძლება.
- არ ამიხსნით, მაინც რა არის თეორია?
- სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა.
- ჰო, ისემც კარგი დაგემართოს! ისინიც ხომ ჩემისთანა მიწისშვილები იქნებოდნენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდნენ. ახლა ჩემს თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონათ, ჩაიწერეთ და თეორია იქნებაო.

პოლკოვნიკმა დაიწყო თამაში და არ გაუვლია დიდხანს, რომ კიდეც წააგო. შეწუხდა და თქვა: "აშიბკაო". ითამაშეს მეორე. კიდევ წააგო და თქვა: "აშიბკა!" მესამე, მეოთხე, მეხუთე... გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან იძახის: "აშიბკა, აშიბკა". მამაჩემს გაეცინა და უთხრა: "პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო, სანამ ეგ ვიღაც "აშიბკა" გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!"

ეს ხუმრობა მოპირდაპირეს ეწყინა, შეურაცხყოფად მიიღო და ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემმა დამშვიდებით უპასუხა: - "ნარდი, ჭადრაკი და სათამაშოები სასიამოვნოდ და დროს გასატარებლად გამიგონია ჩვენშიო. ხუმრობაც შეშვენის და მეც ჩვენი ქვეყნის ჩვეულებაზე ვდგევარ, და თქვენში თუ საწყენი და გასაჯავრებელი ყოფილა, ჩემთან რა გინდა, ისევ თქვენებთან გეთამაშაო! გაჯავრებულმა დაავლო ქუდს ხელი და გამოვიდა გარეთ."
გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მამის შვილიც კარგი მოჭადრაკე იყო.


თენგიზ გიორგაძის არქივიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული