შეთქმულება ბერლინში: ოლიმპიადა 1936 და ფეხბურთი

AutoSharing Option
გერმანელმა პოლიტტექნოლოგებმა ფეხბურთის ძალაზე არა ნაკლები იცოდნენ, ვიდრე თანამედროვე პიარის ოსტატებმა.

სპორტის ამ სახეობასთან ჰიტლერს რთული დამოკიდებულება ჰქონდა - საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ სხვების დასანახად "შალკეს" გულშემატკივრობდა, რადგან ეს გუნდი მუშათა კლასს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, რეიხის პროპაგანდა ანვითარებდა ფეხბურთს და მოუწოდებდა საქარხნო გუნდების შექმნისკენ. რა თქმა უნდა, ებრაელებს იქ არ იღებდნენ, მაგრამ ისინი საკუთარ ლიგებს ქმნიდნენ.

1936 წელს, ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა ნაცისტებისთვის ბერლინში ოლიმპიური თამაშების ორგანიზების დროს: მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში გერმანიის გამარჯვება უნდა დახმარებოდა გერმანულ
პროპაგანდას, თან უნდა მოეზიდა სოლიდური თანხები - ოლიმპიადაზე სტადიონებს მხოლოდ ფეხბურთი ავსებდა.

მაგრამ, არსებობდა ერთი პრობლემა: 1930 წელს გაიმართა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში, 1932 წელს კი ლოს ანჯელესის ოლიმპიადის წინ, სპორტის ამ სახეობის პროგრამიდან ამოღება გადაწყვიტეს: იყო ბევრი კამათი პროფესიონალი ფეხბურთელების დაშვებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი თავს არ იკლავდნენ იმ სახეობაზე, რომელშიც მათი ნაკრები ძლიერი არ იყო.

გარდა ამისა, ფიფა-ს არ სურდა დროის ხარჯვა ოლიმპიადაზე მას შემდეგ, რაც პირველი მუნდიალი ბრწყინვალედ ჩატარდა. მაგრამ ნაცისტმა ლობისტებმა იპოვნეს ფეხბურთის ოლიმპიურ პროგრამაში დაბრუნების ხერხი და მონაწილეთა რიცხვის გაზრდაც სცადეს, მაგრამ რაოდენობა მაინც 16 დარჩა. გერმანელებმა სპეციალური მიწვევაც გაუგზავნეს დიდ ბრიტანეთს, რომელსაც 1920 წლის შემდეგ არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა ოლიმპიადაში და არც შესარჩევი ტურნირი უთამაშია. თუმცა, მათ მხოლოდ მოყვარული ფეხბურთელების ჩაყვანის უფლება მისცეს.

* * *
ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი თავიდანვე ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო. ჯერერთი, იტალიისა და აშშ-ის მატჩის დროს, ევროპელთა მცველმა აკილე პიჩინიმ ერთბაშად ორი ამერიკელი ისე დაამტვრია, რომ მათ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლეს. იტალიელები შემოეხვივნენ გერმანელ არბიტრს და არ აძლევდნენ მას პიჩინისთან დალაპარაკების საშუალებას. ამის შემდეგ, გაურკვეველი მიზეზებით, მსაჯმა არ გააფრთხილა და არ გააძევა არც ერთი მოთამაშე, მათ შორის, არც აკილე.

მეორე მომენტი იყო ის, რომ მეტოქეებისგან განსხვავებით, იტალიელთა მთავარ მწვრთნელად იგივე სპეციალისტი მუშაობდა, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა პირველი ნაკრები ორი წლით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონატზე. "სკუადრა აძურას" მიმართ ასეთი დათმობები, შესაძლოა, ჰიტლერის მხრიდან მუსოლინის თაყვანისცემას უკავშირდებოდა - ის დუჩეში ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის ლიდერს ხედავდა.

20-იან წლებში გერმანიის ნაკრები არ მიიჩნეოდა სახიფათო მეტოქედ, მაგრამ ოტო ნერცმა, რომელიც გუნდს 1923-36 წლებში ედგა სათავეში, გააძლიერა ნაკრები და მას ყველა ანგარიშგასაწევ ძალად აღიქვამდა. მისმა გუნდმა ლუქსემბურგთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო - 9:0 და შემდეგ მატჩზე - მეოთხედფინალში ნორვეგიასთან თვით ჰიტლერი დაპატიჟეს სტადიონზე.

ნაცისტური პარტიის წევრის ოტო ნერცის მიერ გაწვრთნილი გერმანიის ნაკრების მოსალოდნელ ტრიუმფზე დასწრება - იდეალური იყო ჰიტლერისთვის. ფიურერი თამაშზე თავის მეგობრებთან ერთად მივიდა - მთელი ნაცისტური ელიტით - გებელსი, გერინგი, გესი... მაგრამ ისინი და კიდევ 55 ათასი მაყურებელი საკუთარი გუნდის ნორვეგიასთან 0:2 უსახური წაგების მოწმენი გახდნენ. გერმანიის ნაკრები იმდენად ცუდად თამაშობდა, რომ მსაჯი ვერაფერში მოედავა მოკრძალებულ სკანდინავიურ გუნდს, რათა ტურნირის მასპინძლებს დახმარებოდა.

ნორვეგიისთვის ეს მატჩი პრინციპული იყო: გუნდის კაპიტანი იორგენ იუვე ოსლოში გაზეთ Tidens Tegn-ის სპორტული რედაქტორი იყო და ოლიმპიადიდან დღიურს აწარმოებდა. ის სულ უფრო ხშირად წერდა იმის შესახებ, რის დამალვასაც ნაცისტები ცდილობდნენ - ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია არა მხოლოდ სპორტში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქვეყნის მილიტარიზაციის მასშტაბები. იუვე წერდა, რომ ყველგან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი აგენტები იმყოფებიან, რომლებიც არც კი მალავენ თავიანთ საქმიანობას. მოგვიანებით, ნორვეგიის გამარჯვება გერმანიაზე გახდა არა მხოლოდ სიმბოლო სკანდინავებისთვის ქვეყნის ოკუპაციის დროს, არამედ თავად ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სკანდალი.

* * *
ამის შემდეგაც, ტურნირს სკანდალები არ აკლდა და ჭუჭყი მუდმივად იღვრებოდა. მაგალითად, ბრიტანეთის ნაკრები, რომელმაც ასევე წააგო 1/4 ფინალში (პოლონეთთან - 4:5), ჰიტლერს მის ციხე-სიმაგრეში ეწვია სტუმრად. არქივებში შენახულია ფოტოები, ფეხბურთელები ჯარისკაცების თანხლებით როგორ ართმევენ ხელს ფიურერს. ნაკრების მოთამაშეები - ტერი ჰადლი და დანიელ პეტი სიბერეში იხსენებდნენ: "ყოველ ჯერზე, როცა ხელებს ვიბანთ, ამ მოვლენის შესახებ ვიხსენებთ". ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ გერმანელი ლობისტების წყალობით მოხვდნენ ოლიმპიადაზე, არ დაემორჩილნენ ინსტრუქციას და არ მისცეს ნაცისტური სალამი, რითაც გაანაწყენეს გერმანელი დიპლომატები.

გერმანელთა გეგმა საერთოდ ჩავარდა: ბუნდესნაკრები შერცხვა, ჰიტლერი, გებელსი და სხვა მოღვაწეები იდიოტებად გამოიყურებოდნენ, სპორტული ჟურნალისტები პოლიტიკური სიბინძურის შესახებ წერდნენ, ბრიტანელებმა პატივი არ სცეს მასპინძლებს. სახისა და პრესტიჟის შენარჩუნების ბოლო იმედი იყო ავსტრიის ნაკრები, რომლისგან არიული სიამაყის დაცვას ითხოვდნენ.

მაგრამ ეს იყო სუსტი სამოყვარულო გუნდი, რომელმაც პირველ მატჩში კიდევ უფრო სუსტი ეგვიპტე დაამარცხა. 1/4 ფინალში მას უპირისპირდებოდა არც ისე ძლიერი პერუს ნაკრები. სავსე "ოლიმპიაშტადიუმის" მხარდაჭერით, ავსტრიელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს, შესვენებაზე მოდუნდნენ და პასუხად ორი გოლი მიიღეს. უფრო მეტიც, პერუელებმა საკუთარი ძალები ირწმუნეს და სამჯერ გაგზავნეს ბურთი ბადეში დამატებით დროში. მაგრამ სამივე გოლი იტალიელმა არბიტრმა გააუქმა. ფეხბურთელები მსაჯის განუკითხაობაზე ძლიერები აღმოჩდნენ - მათ კიდევ ორი გოლი გაიტანეს, რომლებზეც ვეღარ მიედავებოდნენ.

მაგრამ ნაცისტებს შემონახული ჰქონდათ ბინძური ხერხი: 119-ე წუთზე, მინდორზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე შევარდა ადამიათა ჯგუფი პერუს სიმბოლიკით. როგორც მოგვიანებით ბრიტანული Daily Sketch წერდა, ისინი დანებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ვითომდა სამხრეთამერიკელი გულშემატკივრების აბსოლუტურად უაზრო აქტმა მსაჯს საშუალება მისცა, შეეწყვიტა მატჩი, გაეუქმებინა ანგარიში და მოგვიანებით, გადათამაშება დაენიშნა.

პერუს ნაკრებმა უარი თქვა თამაშზე, განაცხადა, რომ ნაცისტებს არ სურთ იმ გუნდის ხილვა, რომელშიც ერთბაშად ხუთი შავკანიანია. პერუს მთელმა ოლიმპიურმა ნაკრებმა შეწყვიტა გამოსვლა და პროტესტის ნიშნად დატოვა გერმანია. მას შეუერთდა კოლუმბიის გუნდი. ამან პერუში ანტიგერმანული მღელვარება გამოიწვია: მაგალითად, ბევრი დოკი უარს აცხადებდა გერმანული გემების მომსახურებაზე.

ავსტრია ავტომატურად გავიდა ნახევარფინალში. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ოქროს მოპოვება: პოლონეთის დამარცხების შემდეგ (3:1), ამ გუნდმა წააგო ფინალი იტალიასთან (1:2).

ნორვეგიასთან სირცხვილის შემდეგ, ჰიტლერმა ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის მოხსნა ბრძანა. ოტო ნერცი ნაცისტური პარტიის მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა, წერდა ანტისემიტურ სტატიები, 1949 წელს კი მენინგიტით გარდაიცვალა საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ვინმემ მიპასუხოს რა მოხდებოდა მაშინ თუ გერმანია გაიმარჯვებდა მეორე მსოფლიო ომში?
გენო
10:49 31-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული