ოლიმპიელებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოლიმპიური სოფლის მერმა, მაგიდის ჩოგბურთში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა იუ სინ მინმა.
მან ისაუბრა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ როლზე მსოფლიოს ახალგაზრდების დამეგობრების, ხალხთა შორის მშვიდობის დამყარების საქმეში.
როგორც მერმა აღნიშნა, 30 წლის შემდეგ სამხრეთ კორეას კვლავ ეწვია ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური მოძრაობისა - კორეელები კი ამაყობენ იმით, რომ მასპინძლობენ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს
იუ სინ მინმა ტრიბუნასთან უხმო ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა. ამის შემდეგ მერმა და მისიის ხელმძღვანელმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები.
გარდა ჩვენი ოლიმპიელებისა, ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები.
შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით გაემართნენ ოლიმპიური სოფლის ცენტრში აღმართული მემორიალისკენ და პატივი მიაგეს სხვადასხვა წელს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნას, გულისტკივილით გაიხსენეს 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილმა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად მემორიალის კონსტრუქციაზე სიმბოლური ფერადი ლენტები დაკიდეს.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია 9 თებერვალს, პიონჩანგის 35-ათასიან ოლიმპიურ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით - 15 საათზე) დაიწყება და 2 საათს გასტანს.
ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები
1. იასონ აბრამაშვილი - სამთო-სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2. ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3. გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები)
4. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)
შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)
11.02 - 18:50-21:35 - გიორგი სოღოიანი
12.02 - 10:15-15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 - 10:15-15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 - 10:00-14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 - 10:00-14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 - 10:15-15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 - 10:15-15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი)
სეოკ-ის პრესსამსახური