საბილიარდო "მეტროპულში" 21 ივნისს მედიატურნირი გაიმართება

AutoSharing Option
21 ივნისს, 19:45 საათზე, თბილისში, ვერის ბაღში (კოსტავას 37ა), საბილიარდო "მეტროპულში" სტარტს აიღებს მედია-საბილიარდო ტურნირი "მეტროპული 2018".

ტურნირში საქართველოში აკრედიტებული 18 მედიასაშუალების 40 წარმომადგენელი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის 6 გოგონაა. ტურნირი ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში, "პულში" ჩატარდება.

მედიატურნირის მიზანია საქართველოში საბილიარდო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარება.

"მეტროპული 2018"-ის მონაწილეთა შორის არიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის", "ტელეიმედის", "მაესტროს", "რუსთავი 2"-ის, "იბერიის", "რაგბი ტვ"-ს, რადიოების - "იმედის", "თანამგზავრის", "თავისუფლების", "Georgian Times"-ის, "News Georgia"-ს, ვებპორტალების - "tsff.ge"-ს, "sportall.ge"-ს, "worldsports.ge"-ს, "ajarasport"-ის, "droni.ge"-ს, "sport24.ge"-ს წარმომადგენლები.

ტურნირი ჩატარდება 3 ეტაპად. პირველი
ეტაპი გაიმართება 21 ივნისს. ამ დღეს ასპარეზობები ჯგუფებში ჩატარდება.

ჯგუფებში გასული 2-2 საუკეთესო ასპარეზობას უკვე მეორე ეტაპზე, 1/8-ფინალში გააგრძელებს. 1/8 და 1/4-ფინალები 24 ივნისს გაიმართება. დასკვნითი, მე-3 ტური კი 30 ივნისს ჩატარდება. ამ დღეს "მეტროპულში" თავდაპირველად, 1/2-ფინალები, შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის მატჩები და ფინალური შეხვედრები გაიმართება.

"მეტროპული 2018" ჩატარდება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის და გამოავლენს 3-3 გამარჯვებულს, რომლებსაც თასების, მედლებისა და დიპლომების გარდა, გადაეცემათ საბილიარდო "მეტროპულის" პრიზები: I-ადგილოსნებს - ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი "მეტროპულში", II-ადგილოსნებს - ორკვირიანი აბონემენტი, III-ადგილოსნებს და მე-4 ადგილზე გასულ მოთამაშეებს - ერთკვირიანი აბონემენტები.

მედია-საბილიარდო ტურნირის, "მეტროპული 2018"-ის მთავარი მსაჯია ენრიკო მაჩაიძე - საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი საბილიარდო სპორტში.

  • I ეტაპი - 21 ივნისი / დასაწყისი 19:45
  • II ეტაპი - 24 ივნისი / დასაწყისი - 18:45
  • III ეტაპი - 30 ივნისი / დასაწყისი - 19:45

მედია-საბილიარდო ტურნირის ორგანიზატორია თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს მედიატურნირებს სამთო თხილამურებში, მეკლდეურობაში, ბილიარდში. არის საქართველოში სპორტული ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი და სპორტული თემატიკის ფოტოპროექტების, მათ შორის, "სპორტფოტოს" ავტორი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული