საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
ფედერაცია 16 ივნისს მომხდარ დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"უპირველეს ყოვლისა, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ემიჯნება და გმობს ყოველგვარ ძალადობას.
2019 წლის 16 ივნისს, ფოთში იმართებოდა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის კალენდარული გეგმით გათვალისწინებული - "სამეგრელოს ღია ჩემპიონატი", რომელში მონაწილეობასაც იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე სპორტსმენი.
ტურნირის მსვლელობისას, დაახლოებით 13:00 საათზე, საშეჯიბრო დარბაზში შემოვიდა გარკვეული ჯგუფი (დაახლოებით 20-25 ადამიანი), რომელთა მიზანი
იყო ტურნირის ჩაშლა (რასაც ადასტურებს კადრები) და პროვოკაციის მოწყობა.
ტურნირის უსაფრთხოებას იცავდა დაცვის პოლიცია, მათ გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია და ადგილზე დააკავეს მოძალადეები, რომლებსაც ფოთის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4-4-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება (ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზანი იყო მოძალადეთა მხრიდან ფედერაციის პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რათა მას გაეცა გარკვეული პასუხი და ეს გადაეღო ოპერატორს, ვინც მათ თან ახლდა (ოპერატორი მათ ყველა ნაბიჯს აფიქსირებდა და შესაძლებელია, გადაღებულიც ჰქონდეს ფიზიკური დაპირისპირებაც) და შემდეგ ეს კადრები გავრცელებულიყო და დაახლოებით ის პროცესები განვითარებულიყო, რაც ჭიდაობის ფედერაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ამ ჯგუფის მიერ შეჯიბრების ჩაშლის მეორე მცდელობა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ხაშურში გამართული "შიდა ქართლის ღია ჩემპიონატის" მსვლელობისას, თითქმის იდენტური მეთოდებით ცდილობდნენ პროვოცირებას, თუმცა მაშინ ამის აცილება მოხერხდა. ამავე ჯგუფის მხრიდან არც ფიზიკური ძალადობაა პირველი. რუსთავში, ორმხრივი შეხვედრის დროს, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამგეობის წევრს, რაც ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები უკავშირდებიან იმ მწვრთნელებს, რომლებიც ნაყოფიერად თანამშრომლობენ ეროვნულ ფედერაციასთან და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მათზე, რათა მათ შეწყვიტონ ფედერაციასთან თანამშრომლობა და არ მიიღონ მონაწილეობა ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში და აქტივობებში.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია გმობს ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართული პირებს, გადააფასონ საკუთარი ქმედება და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მზადაა ითანამშრომლოს ტაეკვონდოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტთან, სპორტის შესახებ კანონის და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების ფარგლებში.