ტრიატლონის შეჯიბრებები ათასობით ადამიანს აერთიანებს. მსგავსი ტიპის ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუდმივად იმართება.
ტრიატლონი სპორტის სამი სახეობის ერთობლიობაა: ცურვა, ველოსიპედით რბოლა და სირბილი. მისი მსგავსი სპორტი, რომელიც საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილია, ხუთჭიდია, თუმცა ტრიატლონი გაცილებით დიდ დისტანციებზე იმართება და უფრო დიდ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს, შესაბამისად, განსხვავებულ მომზადებას საჭიროებს.
მოყვარული სპორტსმენისთვის ტრიატლონში ყველაზე პრესტიჟული ტიტული "აირონმენის" სტატუსის მოპოვება, ანუ რკინის კაცის. ამ სტატუსის მისაღებად სპორტსმენმა 3.8 კმ უნდა გაცუროს ღია წყალში, 180
საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც შეიცვალა ცხოვრების სტილი, მოაკლო დრო ოჯახსა და მეგობრებს, 3 წლის განმავლობაში ემზადებოდა და ავსტრიაში გამართულ შეჯიბრებაზე გახდა პირველი ქართველი "აირონმენი". მას ბაჩო გაბუნია ჰქვია. ის "ვი-თი-ბი ბანკის" საცალო გაყიდვების დირექტორია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
Sportall.ge სწორედ ბაჩო გაბუნიას ესაუბრა.
- გამარჯობა, ბაჩო. მოგვიყევით თუ შეიძლება, რატომ დაინტერესდით ტრიატლონით?
- ჩვეულებრივ, როგორც ქართველების უმრავლესობა, ისე ვცხოვრობდი. ერთი მხრივ, სამსახური, საღამოს მეგობრებთან ერთად დროის ტარება, სიგარეტი და ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმი. როგორც ქართველების დიდი ნაწილი, მეც ჭარბწონიანი ვიყავი.
შემდეგ სირბილი, ტრენაჟორებზე სიარული, კრივის მწვრთნელთან ერთად ვარჯიში დავიწყე. ამ დროს ტრიატლონის შესახებ არაფერი ვიცოდი.
ერთ დღეს ინტერნეტში შემთხვევით შემხვდა ვიდეო "Ironman"-ის შეჯიბრების შესახებ. დამაინტერესა და რომ დავიწყე კითხვა ამაზე, ძალიან მომხიბლა იმან, რომ აღნიშნული შეჯიბრება ითვლება ერთდღიან ყველაზე რთულ სპორტულ მოვლენად და თან, თუ ფინიშის ხაზს გადაკვეთს სპორტსმენი, სიცოცხლის ბოლომდე "რკინის კაცის" წოდებას ატარებს. ეს დაახლოებით ოლიმპიელის სტატუსივითაა მოყვარული სპორტსმენისთვის.
- რა იყო შემდეგი ეტაპი?
- მოგეხსენებათ, ტრიატლონში სპორტის სამი სახეობა შედის - ცურვა, ველოსიპედი და სირბილი, მე კი არცერთ სახეობაში არ მქონდა გამოცდილება. ჩემმა მეგობარმა საქართველოს ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი გამაცნო. მან რომ გაიგო, რისთვისაც ვაპირებდი მომზადებას, საუკეთესო მწვრთნელებთან დამაკავშირა და მომზადების პერიოდში მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა ჩემთან. მართალია, სპორტსმენისთვის სასურველია, 1 მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც სამივე სპორტს გაუწევს კოორდინაციას, თუმცა ჩვენთან ეს პრობლემაა, რადგან ასეთი სპეციალისტები არ გვყავს იმის გამო, რომ ტრიატლონი საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა.
მე გამიმართლა და სამი შესანიშნავი სპეციალისტი მამზადებდა. ყველა ერთად ვცდილობდით, დატვირთვა მომზადების პროცესში ოპტიმალურად გაგვენაწილებინა.
ადამიანმა, რომელიც მაქსიმუმ 200 მეტრს თუ ვცურავდი, 3 კილომეტრს დავრბოდი და ველოსიპედი ბავშვობის მერე არ მიტარებია, სწრაფად დავინახე, რომ ჩემი და მწვრთნელების ერთობლივი მუშაობით ყოველთვიურად საგრძნობ პროგრესს განვიცდიდი. მწვრთნელების მოტივაცია და ძალისხმევა იმდენად მაღალი იყო, ვხვდებოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა და თავდაჯერებულობა მემატებოდა.
"აირონმენში" რამდენიმე დისტანცია არსებობს. ერთია სრული, რომელიც ახლახან დავფარე და "რკინის კაცის" სტატუსი მოვიპოვე და ასევე არის "ნახევარაირონმენის" დისტანცია და ოლიმპიური დისტანცია - 1,5 კმ ცურვა, 10 კმ სირბილი და 40 კმ ველოსიპედი.
პირველად, გერმანიაში "აირონმენის" შეჯიბრებაში სწორედ ოლიმპიური დისტანცია დავფარე. შემდეგ 4-ჯერ გავედი სხვადასხვა ქვეყანაში "ნახევარაირონმენზე", რაც ნიშნავს 1,9 კმ ცურვა, 90 კმ ველოსიპედი და 21 კმ სირბილი. აღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილეობა საჭირო იყო, როგორც თავდაჯერებულობისთვის, ასევე შეჯიბრების დროს კვების სწორი სისტემის შემუშავებისთვის. ითვლება, რომ შეჯიბრების მიმდინარეობისას სწორი კვება არის "აირონმენის" მეოთხე დისციპლინა.
- გარდა პიროვნული მიზანსწრაფვისა, რა არის ასეთ დროს გარემოტივატორი?
- მოტივატორი ქომაგებია! მე ასეთი გულშემატკივრობა არცერთ სპორტში არ მინახავს. ფეხბურთში ხომ არის, მაგრამ აქ უფრო მაგარია. როცა ხედავენ, იხარჯები, უცხო ადამიანებიც ისე გქომაგობენ, რომ საკუთარ თავს აჯობო და არ დანებდე.
ძირითადი მოტივატორი ოჯახია. ორი გოგო მყავს და იმათთვის მაგალითი არის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ძალიან მოინდომებ. ისინი ჩემი მოტივაციაა, ხოლო მე მათი. ძალიან ბედნიერები არიან, რომ "რკინის კაცი" მამა ჰყავთ.
მთელი გზა მეხმარებოდა იმაზე ფიქრი, რომ ამ შეჯიბრებისთვის არა მარტო მე, არამედ ჩემმა მწვრთნელებმაც უამრავი დრო და მონდომება ჩადეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ფიზიკურად უკვე სრულიად მზად ვიყავი, ხოლო მორალურად მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ მაძლევდა უფლებას, გავჩერებულიყავი და არ გადამეკვეთა ფინიშის ხაზი.
- ახლა კი, უშუალოდ, როგორი იყო შეჯიბრების დღე?
- ამ შეჯიბრების წინ ძალიან მშვიდი ვიყავი. სტარტამდე არ მინერვიულია. არადა, წინა შეჯიბრების განმავლობაში ღამით ვერ ვიძინებდი, აქ კი პატარა ბავშვივით დავიძინე. ალბათ, მორალურად მზად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის დღე უნდა ყოფილიყო, როცა ფინიშის ხაზს გადავლახავდი.
ცურვის ნაწილში რაღაცები შეიცვალა. ავსტრიაში ცურვა ტბაში იმართება და ეს ტბა, ძირითადად, სულ ცივია. შესაბამისად, წინა წლებში სპორტსმენებს მოეთხოვებოდათ სპეციალური თერმული ეკიპირებით ცურვა, რომელიც ერთი მხრივ, სითბოს შენარჩუნებაში გეხმარება და მეორე მხრივ, საკმაოდ აუმჯობესებს ცურვის სისწრაფეს. თუმცა, ბოლოს გვითხრეს, რომ წყალი უჩვეულოდ თბილი იყო და თერმული ეკიპირებით ცურვა არ იყო ნებადართული. ეს უკვე ნიშნავდა, რომ მოსალოდნელზე ცუდი დრო გვექნებოდა ყველას ცურვაში. თან მე შეცდომა დავუშვი, რომ ახალი სათვალე მეკეთა. არასდროს უნდა ჩაიცვა ან გაიკეთო ის, რაც გამოცდილი არ გაქვს. ყოველ 400-500 მეტრზე მევსებოდა წყლით სათვალე და ძალაუნებურად ვჩერდებოდი. ამიტომ ბევრი დრო დავკარგე.
ველოსიპედით დისტანციის ძირითადი ნაწილი წინასწარ დაგეგმილი სიჩქარის ფარგლებში დავფარე. ფიზიკურადაც თავს კარგად ვგრძნობდი და უკვე მორალურად ვემზადებოდი მარათონის სარბენად. 160 კმ-ზე გვითხრეს, რომ ეს ბოლო აღმართი იყო და უკვე დაღმართები იწყებოდა, უცებ კი ჩამობნელდა, ამოვარდა ქარი, წვიმა, მხედველობა ძალიან გაფუჭდა. სულ რამდენიმე წუთში ტემპერატურა 10 გრადუსით დავარდა და ორგანიზმმა კანკალი დაიწყო. დაღმართზე ხარ, სრულიად სველი და პედლებს ვერ ატრიალებ, შესაბამისად, ვეღარც ხურდები.
ცუდი იყო ისიც, რომ ჩემი ველოსიპედი მშრალი ამინდისთვის მქონდა აწყობილი და რეზინის მუხრუჭები არ ეკეთა, რაც წვიმაში ძალიან საშიშია. მუხრუჭები თითქმის არ იჭერდა და მოსახვევში წაქცევის რისკი მაღალი იყო. ამიტომ ველოსიპედს ვეღარ ვენდობოდი და დარჩენილი დისტანციის გავლა დაბალი სიჩქარით მომიწია. საშუალო სიჩქარე ძალიან დავარდა, ამასთან, მუხრუჭის მუდმივად გამოყენების გამო ხელებიც ძალიან დამეჭიმა და დიდი ენერგია დავხარჯე. ენერგიის ხარჯვის და პროცესის საშიშროების გამო ორგანიზმში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყო, რამაც მარათონის პირველი 10 კილომეტრის დაფარვა საგრძნობლად გამიადვილა. ამაზეა ნათქვამი - ზოგი ჭირი მარგებელიაო!
მარათონის დისტანციის პირველი ნახევრის დასასრულს ქალაქის ცენტრში შევედი. იქ ჩემი მეგობრები და მეუღლე იყვნენ. მათი დანახვა მორალურად ძალიან დამეხმარა. ვხედავდი, რამდენად ნერვიულობდნენ ისინი, განსაკუთრებით ნერვიულობდა ჩემი მეუღლე.
როცა სირბილის 35-ე კილომეტრი დავფარე, მივხვდი, რომ ფინიშს აუცილებლად მივაღწევდი, რადგან ტრავმის მიღების შემთხვევაშიც, დარჩენილ 7 კილომეტრს რამენაირად გავივლიდი და 42-კილომეტრიან დისტანციას აუცილებლად სრულად დავფარავდი. ფინიშზე მისვლის დროსაც საკმაოდ ენერგიული ვიყავი და სახეზე ღიმილიც არ მომშორებია. ჯამში 12 საათი და 24 წუთი დამჭირდა. იმედი მქონდა, დისტანციას 12 საათზე ნაკლებში დავფარავდი, თუმცა ველოსიპედით რბოლის ბოლო მონაკვეთმა და ცურვის პრობლემამ მნიშვნელოვნად შემაყოვნა.
ფინიშის ვიდეოკადრები
- "აირონმენის" სრული დისტანციის დასაფარად მომზადების რა დრო სჭირდება?
- თუ სხვა საქმეს არ აკეთებ და მხოლოდ ამისთვის ემზადები, 1 წელი გეყოფა. თუმცა მე სხვა სიტუაცია მქონდა: სამსახური, გადატვირთული გრაფიკი და ოჯახი. შესაბამისად, 3 წელი დამჭირდა.
თუ მიზანი დაისახე ტრიატლონში, როგორც ყველა სხვა საქმეში, გეგმა უნდა გქონდეს, მართლა უნდა გინდოდეს და მზად იყო, რომ სერიოზულად დაიხარჯო მიზნის მისაღწევად. მხოლოდ თქმა, რომ რაღაც გინდა, საკმარისი არ არის. ასევე, არ უნდა მოუსმინო სხვებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, არ არის ნორმალური და მათთვის გაუგებარია... ასეთი ბევრი იქნება მომზადების პროცესში. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რისი გჯერა და რისთვის ხარ მზად დასახული მიზნის მისაღწევად.
რაც შეეხება ფიზმომზადებას, მზად უნდა იყო, რომ დღეში 2-ჯერ ივარჯიშო, მზად უნდა იყო დაიძინო არაუგვიანეს 11-ის ნახევრისა; ხშირად მზად უნდა იყო, უარი უთხრა მეგობრებს შეკრებაზე; ზამთარში გათენებამდე ადგე და ირბინო ნებისმიერ ამინდში. თუ ყველაფერ ამისთვის მზად ხარ, მაშინ ყველაფერი გამოვა.
- რა დადებითი შედეგები მოგიტანათ ტრიატლონმა, "აირონმენის" სტატუსის გარდა?
- ორგანიზებას გაჩვევს, ცხოვრებაშიც ორგანიზებული ხდები, რადგან წარმოუდგენელია, სპორტში იყო ორგანიზებული და ცხოვრებაში ქაოსი გქონდეს. ეს სპორტი და ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მე ძალიან შემცვალა. მენტალურ სიძლიერეს გაძლევს, დამოუკიდებლობას გაჩვევს, ცხოვრებაშიც ხვდები, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. გარემო პირობების იმედად არ უნდა იყო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს: წვიმა, ქარიშხალი, ელვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გაჩერდე.
რაც ტრიატლონში ჩავერთე, მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ ყოველ მხრივ დიდი პროგრესი მაქვს. ვთვლი, რომ სამსახურებრივადაც უფრო ეფექტური და ორგანიზებული გავხდი. ადრე თუ ზოგადი მიზნები მქონდა, ახლა კონკრეტულ მიზნებს ვისახავ. სპორტმა მასწავლა, რომ მიზნები ძალიან, ძალიან კონკრეტული და გასაგები უნდა იყოს.
- რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
- პირველ რიგში, მინდა ოჯახს მეტი დრო დავუთმო. შეჯიბრებისთვის მზადებამ იმდენი დრო და ენერგია წაიღო, რომ ვხვდები, ოჯახს დავაკლდი და ამის კომპენსირება მინდა. შემოდგომაზე 1.5 თვით სასწავლებლად მივდივარ კოლუმბიის უნივერსიტეტში და ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩემთვის.
ტრიატლონი უკვე ჩემი ცხოვრების წესია. ასე რომ, ეს სპორტი, დარწმუნებული ვარ, ღრმა სიბერეშიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება.
ჩემი მეუღლეც ამყვა, სირბილი და ფიზიკური მომზადება დაიწყო. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, ტრიატლონში ჩაერთოს, თუმცა 10 კმ-ს დარბის და აქტიურად ვარჯიშობს.
- ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რატომ უნდა ჩაერთონ ამ სპორტში?
- დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ მეც ისე ვცხოვრობდი, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა. შეიძლება ჩვენი დროის საქართველოში რაღაც არის ნორმა, მაგრამ ყველაფერი ცვალებადია. მეც ნორმალური ქართველის ცხოვრებიდან შედარებით არანორმალური ქართველი გავხდი. ბედნიერება სხვანაირადაც მიიღწევა. ამ სპორტმა მე ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თურმე დარბის დილით, ცურავს და ველოსიპედით დადის და ამ ხალხის რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
მეც მაქვს პერიოდები, როცა ჩვეულებრივი, ძველი ბაჩო ბრუნდება და ისიც ჩემი ნაწილია და მეგობრებთან ერთად დალევა და დროის გატარება ახლაც ძალიან მიყვარს, თუმცა მეგობრებთან ერთად სირბილიც მშვენიერია...
- პირველ რიგში, მინდა ოჯახს მეტი დრო დავუთმო. შეჯიბრებისთვის მზადებამ იმდენი დრო და ენერგია წაიღო, რომ ვხვდები, ოჯახს დავაკლდი და ამის კომპენსირება მინდა. შემოდგომაზე 1.5 თვით სასწავლებლად მივდივარ კოლუმბიის უნივერსიტეტში და ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩემთვის.
ტრიატლონი უკვე ჩემი ცხოვრების წესია. ასე რომ, ეს სპორტი, დარწმუნებული ვარ, ღრმა სიბერეშიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება.
ჩემი მეუღლეც ამყვა, სირბილი და ფიზიკური მომზადება დაიწყო. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, ტრიატლონში ჩაერთოს, თუმცა 10 კმ-ს დარბის და აქტიურად ვარჯიშობს.
- ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რატომ უნდა ჩაერთონ ამ სპორტში?
- დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ მეც ისე ვცხოვრობდი, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა. შეიძლება ჩვენი დროის საქართველოში რაღაც არის ნორმა, მაგრამ ყველაფერი ცვალებადია. მეც ნორმალური ქართველის ცხოვრებიდან შედარებით არანორმალური ქართველი გავხდი. ბედნიერება სხვანაირადაც მიიღწევა. ამ სპორტმა მე ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თურმე დარბის დილით, ცურავს და ველოსიპედით დადის და ამ ხალხის რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
მეც მაქვს პერიოდები, როცა ჩვეულებრივი, ძველი ბაჩო ბრუნდება და ისიც ჩემი ნაწილია და მეგობრებთან ერთად დალევა და დროის გატარება ახლაც ძალიან მიყვარს, თუმცა მეგობრებთან ერთად სირბილიც მშვენიერია...
ყველაფერში მოახერხე წარმატებული რომ ყოფილიყავი, ყოჩაღ.