წარმატებულმა სპორტსმენმა, მიუხედავად იმისა, რომ საინჟინრო განათლება ჰქონდა მიღებული, შრომითი საქმიანობაც სპორტში გააგრძელა - გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თანამედროვე ხუთჭიდში, საკავშირო და სართაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, აღზარდა 40-ზე მეტი სპორტის ოსტატი და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდის ერთ-ერთ პიონერს ბედმა არგუნა, რომ საბჭოთა კავშირში და საქართველოში პირველს ეღვაწა დღეს უკვე სპორტის ოლიმპიური სახეობის ტრიატლონის დასანერგად. გახდა ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.
- თანამედროვე ხუთჭიდთანაა დაკავშირებული მთელი ჩემი ცხოვრება. როცა დავინახე, რომ სპორტის ამ ურთულესი კომპლექსური სახეობისთვის აღარ არის ჩვენში შესაბამისი პირობები, ჩავთვალე, რომ ტრიატლონი სასიკეთოდ შემოაბრუნებდა საქმეს - თავადაც განვითარდებოდა და თანამედროვე ხუთჭიდსაც გააცოცხლებდა, რადგან ორივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ მიზნით გავაერთიანეთ სპორტის ეს სახეობები ერთ ფედერაციაში.
- და რა გამოვიდა?
- ჯერჯერობით არც არაფერი. მივმართე ქვეყნის პრეზიდენტს, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, ვნახოთ, რა იქნება. მინდა გითხრათ, რომ ტრიატლონი მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. ოლიმპიური სტატუსი 2000 წლიდან ამიტომ მიიღო. ველოსპორტი, ცურვა და რბენა - სპორტული კომპლექსური - ექსტრემი ვაჟებისთვისაც და გოგონებისთვისაც მიმზიდველია. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ თურქეთში, ტრიატლონი ეფექტურად მოერგო ტურიზმის განვითარებას.
- ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. გვინდა ბავშვთა სპორტზე გკითხოთ. წლების გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, თქვენი ბავშვობის დროს უფრო მეტი შესაძლებლობა იყო სპორტისთვის ნიჭიერების შესარჩევად თუ დღეს?
- მაშინ სპორტშიც განვითარების ერთიანი სისტემა მოქმედებდა. მთავარი იყო სკოლა. იქ ისწავლებოდა სპორტის ანა-ბანა, იქ ვლინდებოდა მისწრაფებები ამა თუ იმ სპორტის სახეობისადმი, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე მიბმული იყო ინტერესის შესაბამისად კლასგარეშე სპორტულ თუ სკოლისგარეშე სექციებში მეცადინეობა. ყველგან იყო ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული თუ კომპლექსური სპორტსკოლები. ასე რომ, დასკვნა გასაგებია.
- თბილისში სკოლას ვერ ნახავ, სხვადასხვა თაობის ცნობილ ათლეტს პირველი სპორტული ნაბიჯები სასკოლო შეჯიბრებებში არ გადაედგა. თქვენმა სკოლამ ვის დაულოცა გზა დიდ სპორტში?
- პლეხანოვზე მე-12 სკოლაში ვსწავლობდი. აქედან იღებს სათავეს ოლიმპიური ჩემპიონის, ფრენბურთელ ვაჟა კაჭარავას, კალათბურთელ ვალერი ლომაძის, წყალბურთელების ირაკლი ჩხიკვაძის, ბორის მარგიევის, ზურაბ ლომიძის და ჯემალ ვადაჭკორიას, ფეხბურთელების რობერტ ჭანჭალეიშვილის, დანტეს ჯეჯელავას, მოჭიდავის ნუგზარ გოგიბედაშვილის, თანამედროვე ხუთჭიდელის თენგიზ ჯეჯელავას, სხვათა და სხვათა სპორტული ბიოგრაფია.
მეტსაც გეტყვით, ვერის უბანში ერთ სკოლაში კი არა, ერთ კლასში სწავლობდნენ ცნობილი მოფარიკავეები იური ოსიპოვი, გურამ ჯაიანი და გურამ ცაგარელი, კალათბურთელი ილარიონ ხაზარაძე, მოცურავე ბორის კამენსკი - შემდეგ შესანიშნავი სპორტული ჟურნალისტი.
იცით კიდევ რა იყო მთავარი? ძიება. მაგალითად, წყალთა სახეობებში ცნობილმა სპეციალისტმა ლუკა იოაკიმიდიმ 1953 წლის იანვარში, სასკოლო არდადეგების დღეებში, თბილისში სკოლების პირველობა ჩაატარა... წყალბურთში. არადა, სპორტის ეს სახეობა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული. შეჯიბრება ექსპერიმენტული იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი მოზარდი შეარჩია.
- ლუკა იოაკიმიდი ახსენეთ. სხვა რომ არ ვთქვათ, მისი ღვაწლის დასაფასებლად მარტო ის კმარა, რომ მისი აღზრდილები არიან ლეგენდარული წყალბურთელები პეტრე მშვენიერაძე და ნოდარ გვახარია. სხვათა შორის, ბევრი არაქართველი, მაგრამ ჩვენი თანამემამულე არაერთი მწვრთნელი ოქროს ასოებით ჩაეწერა ქართული სპორტის ისტორიაში. თქვენ ვის გაიხსენებდით?
- ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით, კრიტერიუმად ოლიმპიური თამაშები ავიღოთ. ბორის დიაჩკოვმა დააოსტატა ნინო დუმბაძე და რობერტ შავლაყაძე, ვიქტორ სანეევის მწვრთნელი აკოფ კერსელინი იყო, რაფაელ ჩიმიშკიანის - პაველ გუმაშიანი, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილის - ბორის ტახტაროვი, მირიან ცალქალამანიძის - ლევ კაპიტონოვი, გივი კარტოზიასი - ლეონიდ ძეკონსკი, რომან რურუასი - ნერსეს აკოპოვი, კახი კახიაშვილის - ივანე გრიქუროვი, ბორის ნიკიტინის - ვალენტინ სამარინი, ვახტანგ იაგორაშვილის - ივანე ლუცენკო....
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი წარმატებული მწვრთნელებისთვის?
- უსაზღვრო სურვილი და ამ სურვილით თავდაუზოგავი შრომა. პირადად მე, მაგალითად, ლუკა იოაკიმიდის მიბაძვით ავირჩიე მწვრთნელობა. ის მართლაც უნიკალური პიროვნება და სპეციალისტი იყო. ფიზკულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე, რათა სპეციალური განათლება მიმეღო. დამიჯერეთ, მწვრთნელი ვერ გახდება, ვინც დასაქმებისთვის იწყებს მუშაობას, თუ ის მისწრაფება და უნარი არ გააჩნია, რაზედაც ეს-ესაა მოგახსენეთ.
- 1960-70-იან წლებში თქვენ აქტიურად თანამშრომლობდით "ლელოში", მერე წიგნებიც გამოეცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია "დინამო", "დინამო", "დინამო", რომელიც ამ სპორტსაზოგადოების ისტორიაა. კიდევ რაზე მუშაობთ?
- მინდა პატივი მივაგო საქართველოს იმ შვილებს, რომლებიც ეთნიკური ქართველები არ არინ, მაგრამ თვალსაჩინო მიღწევებით გაამდიდრეს ქართული სპორტის ისტორია, განამტკიცეს ტრადიციები. "მათით ამაყობს საქართველო" - ასე ერქმევა ამ წიგნს, რომელიც თითქმის უკვე მზად მაქვს გამოსაცემად.
ფოტოზე: ვალერიან როგავა ასპარეზობისას. ერევანი. 1959 წ.
თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"