დასაჯე სპორტით და არა სიკვდილით...

AutoSharing Option
"ამ ცხოვრების დედაც" - შეუძლებელია ეს სამი სიტყვა ამ დღეებში არ გაგეგოთ. თითქმის მთელი საქართველო წუხს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, თუმცა შედეგების გამოსწორება არავის შეუძლია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

თვითონ ფრაზა ზედმეტად პესიმისტურია; სიტყვებია, რომლებიც არ უნდა აიტაცო, თუმცა გამოძახილია იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

ლუკას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტი გემახსოვრებათ, სადაც ის წერდა, თუ როგორი მეთოდებით გაუსწორდა პოლიცია ახალგაზრდა ჩემპიონს.

alt"ოთახში ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა"

- მსოფლიო ჩემპიონი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს





ეს ყველაფერი რეალობაა და ტყუილად ნამდვილად არ მივიჩნევთ. არაერთხელ გექნებათ გაგონილი, თუ როგორ უცემიათ დაკავებულები ყინულის ბოთლებით ან დაურტყამთ ისეთ ადგილებში, სადაც ცემის კვალი ნაკლებად დაემჩნეოდა.

თუ ამის საშუალება არ ჰქონიათ, ფსიქოლოგიურად უძალადიათ, შეუგინებიათ, დაუმცირებიათ და ყველაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ადამიანები მორალურად გაეტეხათ.

თუ ზრდასრულ ადამიანთა ნაწილს ამის გაძლება შეუძლია, 15 წლის ბავშვისთვის ეს ფსიქოლოგიური შოკია და შედეგიც შემაძრწუნებელი გახლავთ.

არადა, ხომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო? სკოლის დირექტორს 3-ლარიანი პულველიზატორით დათხაპნილი კედლების გამო პოლიციაში არ დაერეკა, გაეხსენებინა გურამ დოჩანაშვილი და მისი შესანიშნავი მოთხრობა "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", ლუკა კი სხვანაირად "დაესაჯა".

თუ ლუკას წიგნების კითხვა არ უყვარდა, ეჩვენებინა მისთვის გიორგი ჩაკვეტაძის ან გოგა ბითაძის ვიდეოები და ეთქვა მისთვის, რომ მას ყველაფერი წინ აქვს, მას შეუძლია ათასობით ადამიანის ტაშის დამსახურება. თუ ეს არ იქნებოდა მისი ინტერესის სფერო, ეჩვენებინა ახალგაზრდა პიანისტები: ბექა გოჩიაშვილი ან სანდრო ნებიერიძე და ნახავდა, თუ რას ქმნიან მათი ხელები.

სულაც წაეყვანა ბალეტზე, ქართულ ცეკვებზე, ოპერაში, კინოში და ა.შ. ეჩვენებინა ლუკასთვის, თუ როგორ დაეხარჯა ენერგია - მაგრამ არა, 112-ის აკრეფა ტელეფონზე უფრო მარტივი გამოდგა.

ამავდროულად, ვიცით, რომ ბავშვების სპორტით დაინტერესების მცდელობა მინიმალურია. 8 წლის წინ დავასრულე სკოლა და სკოლაში ახლაც დაჟანგული ღობით შემოსაზღვრული ტალახიანი მოედანია, სადაც ფეხბურთის თამაშის სურვილი არ გაგიჩნდება. სკოლის ეზოში ფრენბურთის ბადის გასაბმელი რკინებიღააა შემორჩენილი და დარბაზში კი ძველისძველი, გაფუჭებული პარკეტი აგია.

სპორტის გაკვეთილები, რომელსაც ჩვენ "ფიზკულტურას" ვეძახდით, ძალიან დიდი ფორმალობაა და მოზარდის სპორტულად განვითარების საშუალებას არ გაძლევს.

პატარა მაგალითსაც მოვიყვან. აჭარაში, ქობულეთში, ახალგაზრდები გასაგები მიზეზების გამო, ძალიან კარგად ცურავენ, თუმცა ქალაქში ერთი საცურაო აუზიც არ არის, რათა მოზარდებმა თავიანთი ენერგია სპორტში დახარჯონ და ზღვაში კარგი ცურვა ოლიმპიურ აუზში გარდასახონ, წარმატებებს მიაღწიონ.

სამწუხაროდ, ჩვენ გარემოში ძალიან ცოტა ვინმე/რამე ცდილობს, რომ 15 წლის ბავშვებმა არა სიკვდილზე, არა ქუჩაზე, არამედ დადებით მომავალზე იფიქრონ. წარმატებაზე, კარებში გოლის გატანაზე, ფარში ბურთის ჩატენვაზე, ბურთის დამიწებაზე, ფინიშთან პირველი მისვლაზე ან შამათზე იფიქრონ.

სპორტის ასეულობით სახეობაა. განა არ მოიძებნებოდა ერთი მაინც, რომ ლუკას არა სიკვდილზე, არამედ ამ სპორტში წარმატებაზე ეფიქრა?

ამ დროს სისტემა კი ლუკას, ლაშას და ა.შ. განადგურებას ცდილობს. სისტემა მათ უყურებს, როგორც მტრებს, როგორც ხორცის ნაგლეჯს, რომელიც საზოგადოებას არ დააკლდება. თითქოს ყველა ჩვენგანი ნარჩევი, საუკეთესო სისხლისა იყო დაბადებიდანვე.

და რის გამო? იმიტომ, რომ ერთმა სკოლის კედლები დასვარა, მეორემ პოლიციელს "ძმაოთი" მიმართა და გაუძალიანდა? არ არის მათი საქციელი კარგი? ემეგობრე!

რა სარგებელს იღებს პოლიცია ახალგაზრდა ბიჭების ასე გამეტებით? მათ ხომ არავინ მოუკლავთ ან არავისზე უძალადიათ? მიეცით მათ საშუალება და ამავდროულად, დაეხმარეთ, რომ ისინი მოხვდნენ პრესის ფურცლებზე, როგორც წარმატებულები და არა როგორც ფრაზით: "ამ ცხოვრების დედაც!"

მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა ამ სიტყვებს ვწერ ჩემგან მარჯვნივ ჩვენი სასიქადულო სპორცმენთა სიას უყურებ თედო აბჟანდაძით დაწყებული ნუგზარ წურწუმიით დამთავრებული და მეამაყება რომ ქართველი ვარ( უცხოეთში ვცხოვრობ) ხომ შეიძლება რომ ამათი სურათებით მოიფინოს სპორტული დარბაზები მოედნები და სრულიად საქართველო და ბავშებს დავეხმაროთ სპორტით დაინტერესებაში რა იქნება ამაში ცუდ? ამით რამდენ ახალგაზრდას გადავარჩენთ......შეიბრალეთ ფულიანო ქართველებო თქვენი სამშობლო თუ არა და მერე ყველაფერი გვერძე დაგვრჩება..არ დამიბლოკოთ თქვენი ჭირიმე..................
emigranti
11:18 20-12-2019
1
წერა ყველაფრისა ადვილია...ყველას მიგვიძღვის წვლილი იმაში რა დღეშიც ჩვენ ვიმყოფებით.პოლიტიკას არ მინდა შევეხო,მაგრამ გვერდსაც რომ ვერ აუვლით?ზვიადი ხო ჩვენ გავაგდეთ,მიშაც ხო ჩვენ მოვიყვანეთ და ესენიც-5 ლარად თუ 5 კილო კარტოფილად თუ პატიოსნად მივეცით ხმა,რა მნიშვნელობა აქ.უპატრონო ძაღლებს რო უნდა ვაჭამოთ კარგია,მაგრამ გაჭირვებული ადამიანის დახმარება რო უფრო მნიშვნელოვანია გვავიწყდება.სამაგიეროდ მარიაჟობაში ვართ მაგრები.ხალხმრავალ ადგილას ვაჭმევთ უპატრონო ძაღლებს რო რაც შეიძლება მეტმა ხალხმა დაგვაფიქსიროს და იქნებ ვინმემ ფეისბუქზეც დადოს ვიდეო.სპორტზე ვაბოდებთ და სპორტსმენებზე,მაგრამ რამდენმა გადაურიცხეთ თუნდაც ერთი ლარი აკაკი დევაძეს?ხო ჩვენი ბრალია,რო კესარია უფრო ხშირად ჩანს ტელევიზიებში ვიდრე ქართველი ხალხის სიამაყე-ტოჩინოშინი ან ტალახაძე ან ნადირაძე...თუნდაც ამ ფრაზის ატაცებაც ხო არ შეიძლება,ხო დამეთანხმებით რომ არაფრის მომცემია და პირიქით ვუბიძგებთ ცუდისკენ.ჩვენ რო ერთმანეთის დახმარება ვიცოდეთ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება.
კონკრეტულ ფაქტზე კი რა უნდა ვთქვა-მტერს არ ვუსურვებ ასეთ ტრაგედიას.
ასევე მებრალება სკოლა.სარალიძის შემთხვევაში ვიძახდით რატომ პოლიცია არ ჩარიესო,ამ შემთხვევაში ვიძახით რატო ჩარიესო.
G.l.
12:06 20-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული