2020 წელს მომხდარი 11 ამბავი, რომელიც 2019 წელს წარმოუდგენელი ჩანდა

AutoSharing Option
მთელი მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა და არა მხოლოდ სპორტში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დიდი არეულობა შეიტანა.

თუმცა, კორონავირუსის გარდა, 2020 წლის განვლილ 77 დღეში სპორტულ სამყაროში მოხდა ამბები, რომლებიც 2019 წელს წარმოუდგენელი იყო.

პირველი ასეთი ამბავი გახლდათ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად კიკე სეტიენის დანიშვნა. თავად სპეციალისტიც გაკვირვებული ჩანდა ამ მოვლენით და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როცა ძროხებთან ურთიერთობიდან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამწვრთნელო პროცესზე გადავიდა.

ასევე, მეორე ამბავიც კატალონიურ გრანდს უკავშირებდა. ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა მსოფლიოში, რომ დანიელი ფორვარდი მარტინ ბრაიზვაითი "ბარსელონას" ფეხბურთელი
გახდებოდა. ალბათ, ამას მხოლოდ დანიელი თუ დაინახავდა ყველაზე "გიჟურ" სიზმარში.

მესამე ამბავთან ერთად "ბარსას" თემას რომ მოვრჩეთ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ბლაუგრანა" და "რეალი" ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალშიც ვერ გავიდოდნენ და საერთოდ, "კოპა დელ რეის" ფინალი ბასკური რომ იქნებოდა, ესეც ძნელად წარმოსადგენი ჩანდა.

მეოთხე ამბავი იკერ კასილასის კენჭისყრაა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ალბათ, საკმარისი დრო არ გასულა, რათა იკერის არამეკარის ფორმით ფეხბურთში წარმოდგენა რეალური ყოფილიყო.

მეხუთე ამბავი კი ის გახლავთ, რომ 2019 წელს მარკოს ლორენტეს თავგადაკლული ფანიც კი ვერ იტყოდა, რომ "რეალიდან" გაშვებული ნახევარმცველი "ლივერპულთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მთავარი გმირი გახდებოდა და "ატლეტიკოს" შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა.

მეექვსე ამბავს ბრიტანული სურნელი აქვს - "ლივერპულის" ყველაზე ხანდაზმული გულშემატკივარიც კი ვერ იფიქრებდა, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მერსისაიდელები "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით გაასწრებდნენ.

ფეხბურთის სფერო მეშვიდე ამბით დავასრულოთ - რა ისტორია არ გადახდენიათ თავს ბრაზილიელ ვარსკვლავებს, თუმცა რონალდინიო თუ პარაგვაის ციხეში აღმოჩნდებოდა და იქ თამაშისას გოჭს მოიგებდა, ამას, ალბათ, ადრიანოც ვერ წარმოიდგენდა.

მერვე ამბავი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო - თავში ნაკლებად თუ ვინმეს მოუვიდოდა აზრად, რომ NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი პატარა ქალიშვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპებოდა.

აქვე, მეცხრე ამბავიც წარმოუდგენლად ჩანდა - "გოლდენ სტეიტი", გუნდი, რომელიც NBA-ში წლების განმავლობაში დომინირებდა, წელს ლიგის ყველაზე ცუდი გუნდია და ორივე კონფერენციაში ყველაზე ცოტა მოგება აქვს.

მეათე ამბავი კი ავტოსპორტიდან არის. ყველასთვის მოულოდნელად, ფორმულა 1-ის 2-გზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო დაკარის რალიში მიიღებდა მონაწილეობას. რამდენიმეთვიანი მზადების შემდეგ ალონსომ დაკარის სადებიუტო სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა.

მეთერთმეტე ამბავი ველოსპორტს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში დიდად პოპულარული არ არის, მკითხველთა გარკვეული ნაწილი მაინც ადევნებს თვალს მსოფლიო ტურებს. ამ სპორტით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის გასაკვირი იყო ნაირო კინტანას გუნდ "არკეაში" გადასვლა. კინტანა "მოვისტარის" წევრი იყო და ფაქტობრივად, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის რიგებში გადავიდა.

არის ამბავი, რომელსაც თქვენ დაამატებდით?

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრების ისტორიული შანსის მატჩები გაუქმდებოდა ეპიდენიის გამო :დ
ნოდო
16:12 19-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული