კომპანია "სოკარი" განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" მხარდაჭერას. ამჯერად, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სპორტულ თავგადასავალს თბილისის ზღვის კლუბმა უმასპინძლა.
"ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა", "საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან ერთად", ჩვენს რეგიონში პირველად, ინტეგრირებული რეგატა გამართა.
მონაწილეებს ინსტრუქტაჟი პროფესიონალმა აფროსნებმა ჩაუტარეს. ამ სფეროში საკუთარი თავი 16-მა ადამიანმა გამოსცადა. გამოვლინდა 4 გამარჯვებულიც, რომელთაც დიპლომები და მედლები გადაეცათ.
რამდენიმედღიანი ინტერვალის შემდეგ შშმ პირთათვის, "ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებით, ლისის ტბაზე სტარტი აიღო ინტეგრირებულმა ველომარათონმა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო "აჰილესი".
აღსანიშნავია, რომ პარაველოფედერაცია შექმნეს დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ინტეგრირებულ ველომარათონში მონაწილეობა მათთან ერთად პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმაც მიიღეს.
პროექტი ხელს უწყობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
უკვე ორი წელია, კომპანია "სოკარი", "ევროპაბეთთან" ერთად, მხარს უჭერს პროექტს - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა". პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500-ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს.
პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.
(R)