სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად

AutoSharing Option
დღეს, სასტუმრო ,,სტამბაში" გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა 121 დელეგატი. სესიის დელეგატთა შორის იყვნენ სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის სხვა წევრი ორგანიზაციების, სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წარმომადგენლები, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები, ქართული სპორტის მოღვაწეები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სესიის მსვლელობის და რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სესიაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი ძირითადი სახითხი.
სეოკ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან დეტალურად ისაუბრა
ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლში ჩატარებულ სამუშაოებზე, ოლიმპიურ შეჯიბრებებში მოპოვებულ წარმატებებზე, სპორტის მმართველობაში გასატარებელ აუცილებელ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე.

2021 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ სესიის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა პრეზენტაცია წარადგინა 2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის - ბაკურიანის შესახებ. მოგვიანებით ეს ინფორმაცია წარედგინება ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა ათზე მეტი დელეგატი. მათ დადებითი შეფასება მისცეს სეოკ-ის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობას, ისაუბრეს ქართული სპორტის მიღწევებზე, გადასაჭრელ პრობლემებზე, საინტერესო პროექტებზე.

სესიაზე მოისმინეს აუდიტის ფინანსური ანგარიში.
სესიის მონაწილეებს დაურიგდათ სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 2020 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცებული სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ოლიმპიურ ქარტიასთან და სეოკ-ის მოქმედ წესდებასთან.

ბოლოს გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის და აღმასკომის წევრების არჩევნები.

სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად წარდგენილი იყო ერთი კანდიდატი - სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელიც წარადგინა სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა და ერთხმად დაუჭირა მხარი.

სეოკ-ის წესდების შესაბამისად და დელეგატთა დასტურით, გაიმართა ღია კენჭისყრა.

სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 117-მა დელეგატმა. ყველამ ერთხმად მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, რომელიც მესამე ვადით უხელმძღვანელებს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალურ მდივნად - ემზარ ზენაიშვილი. მათთან ერთად აღმასკომში შევიდნენ მარიამ გიორგობიანი, კონსტანტინე ლაშხი, ზურაბ კაკაბაძე, კახი კახიაშვილი, თამაზ გეგეშიძე, ალექსი ახვლედიანი, ლუკა კურტანიძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ჯემალ ძაგანია, რევაზ რობაქიძე, ვარლამ ლიპარტელიანი.

სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ამავე სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

წყარო: geonoc.org.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხაბელოვი მაგარი მაფიოზია რა.
bajo
14:49 12-09-2020
0
თანამდებობის გამო ყველაფრის მკადრებელი კაცია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული