ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარალომპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ცერემონიაზე ქვეყნის პირველმა პირმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თითოეული ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ოქროს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდება. პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა
თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი წყალობა, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მთელი ერი შემოგცქერით ახლა თქვენ. მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, გისურვოთ წარმატებები,"- აღნიშნა პრემიერმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს გაწეული ჯაფა აუცილებლად დაუფასდებათ და ის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადა წარმატებით ჩაივლის.
"ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა! და ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ მაცვია თქვენი ფორმა! იმიტომ, რომ მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, რამდენი გამძლეობა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი. გავიარეთ ძალიან რთული წელი, წელიწადნახევარი. თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო ეს პანდემიის წელი, რამეთუ სპორტსმენისთვის თუ შეჯიბრებში მონაწილეობა და ასპარეზობა არ შეიძლება, ეს არის მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია ამ სპორტში და შემდეგი გამარჯვებისთვის.
თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, თქვენს ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, ძნელია. ვიცით, რომ არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები და ესეც ძალიან რთულია, როდესაც გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო.
ვიცით, მთელ მსოფლიოში ეს რამდენად რთული ამოცანა იყო და არის. პანდემიის გარდა ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, წლები დაპირისპირების და თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი, ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონია 23 ივლისს, დახურვის კი 8 აგვისტოს გაიმართება. სამწუხაროდ, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.