მაია აზარაშვილი - "აცრა ერთადერთი, საუკეთესო საშუალებაა პანდემიის დასასრულებლად"

AutoSharing Option
მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და სეულის ოლიმპიადის პრიზიორი მძლეოსნობაში, მაია აზარაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი საუკეთესო საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა.

როგორც ის აღნიშნავს, სჯობს ვირუსს აცრილები შევხვდეთ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ახალ-ახალი შტამები ჩნდება.

"აცრა ერთადერთი, საუკეთესო საშუალებაა ამ ეტაპზე პანდემიის დასასრულებლად და ასევე, ვირუსის შეყრის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უფრო მარტივად გადავიტანთ. აცრილი ვარ ორი დოზით, ოჯახის წევრებიც დავარეგისტრირე, როგორც კი საშუალება გაჩნდა და ახლა ველოდები დროის გასვლას, ბუსტერის გასაკეთებლად. დაცულად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, ჯობია აცრილები შევხვდეთ ვირუსს იმ
შემთხვევაში, თუ შეგვეყარა და თუ არა - დაცულები ვიყოთ დაინფიცირებისგან. პანდემიის გამო ჩვენს ფედერაციას არაერთი დაბრკოლება შეგვხვდა, კალენდრით გაწერილი ღონისძიებები - იქნებოდა ეს შეჯიბრება, ჩემპიონატი თუ სხვა, ვერ შევასრულეთ სრულად. რამდენიმე შეჯიბრება ჩაგვეშალა კიდეც.

საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა პანდემიამ და ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, იქნებ მომავალ წელს მაინც დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ვგულისხმობ პანდემიამდელ ვითარებას. აუცილებელია, საზოგადოებამ გადალახოს შიში და ენდოს თანამედროვე მედიცინას, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ განვითარებულია. უნდა დავუჯეროთ ექიმებს და მეცნიერებს, ვინც სფეროს სპეციალისტია და ჩვენზე მეტი ცოდნა აქვს ამ საკითხში - ეს უმჯობესი იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ აცრა ერთადერთი, საუკეთესო საშუალებაა გადასარჩენად", - განაცხადა მაია აზარაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული